მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ნინო გოგორიშვილი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი დღეს გაფართოებულ კვებაზე გადავიდა. მისი თქმით, სააკაშვილი თავს ოდნავ სუსტად, მაგრამ მხნედ გრძნობს.

"ანალიზები, ყველაფერი რიგზეა, ნორმაშია. პაციენტი იყო ძალიან დაღლილი, დაისვენა. დღეს დილას აღენიშნება ისევ პატარა სისუსტე, მაგრამ არის მხნედ. რაც შეეხება რაციონს, გადავედით პირველ მაგიდაზე, გაფართოებულ კვებაზე, გარკვეული პროდუქტების გამონაკლისით", — ამბობს ექიმი.

ექიმი ამბობს, რომ მკურნალობა გრძელდება და სააკაშვილს გამოკვლევები ყოველდიურად ან დღეგამოშვებით უტარდება. მისივე თქმით, ყველა მონაცემი ნორმის ფარგლებშია.

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მე-11 დღეა იმყოფება. ის გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებიდან მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც იუსტიციის სამინისტრომ მას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რასაც ექსპრეზიდენტი დათანხმდა და შიმშილობა შეწყვიტა. სააკაშვილი 50 დღე შიმშილობდა.