გუშინ, საღამოს საათებში 33 წლის კაცი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 23 ნოემბერს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი, დ.მ. და ბრალდებული გ.ლ. მეგობრებთან ერთად, თბილისში, მათსავე საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ქუჩაზე იმყოფებოდნენ.

მათ ერთმანეთს შორის კონფლიქტი მოუვიდათ და ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც ბრალდებულმა მეგობარი დ.მ. ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით გულმკერდის არეში დაჭრა. დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, ხოლო გ.ლ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გ.ლ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით საგარეჯოში დააკავეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს", — აცხადებს შსს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეებზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდქსის 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.