რა (არ) თქვა მოქმედმა პრეზიდენტმა ექსპრეზიდენტის შიმშილობაზე
ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, ექსპრეზიდენტის შიმშილობის 48-ე დღეს, მოქმედმა პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, მის მოვალეობად მიიჩნევს პოზიცია დააფიქსიროს ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის საკითხზე. ინტერესი მისი პოზიციის მიმართ ნამდვილად იყო, რადგან როცა საქართველოში ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობდნენ, მოქმედი პრეზიდენტი საფრანგეთში საერთაშორისო ლიდერებს ხვდებოდა ან რაგბის მატჩს ესწრებოდა, რაც მოქალაქეების ნაწილის კრიტიკას იწვევდა.
ზურაბიშვილისგან უკვე ორჯერ გვქონდა მოსმენილი "არა და არასდროს" სააკაშვილის შეწყალების შესახებ, ამიტომ ამ მხრივ განსაკუთრებული მოლოდინები არ არსებობდა, მაგრამ მისი საგანგებო ბრიფინგის ჩანიშვნისთანავე გაჩნდა განცდა, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე მაინც იტყოდა რამეს. თქვა, მაგრამ არა ის, რის მოსმენასაც მოშიმშილე პრეზიდენტის მხარდამჭერები ელოდნენ — მას არ გაუზიარებია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების, პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე. მეტიც, ხელისუფლება ნაწილობრივ გაამართლა, როცა თქვა, რომ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია და მას რიგითი მოქალაქეების მსგავსად ვერ გადაიყვანენ კლინიკაში, რადგან ეს რისკებს შეიცავს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ზურაბიშვილის განცხადება შეიცავდა კრიტიკას ხელისუფლების მიმართ, ისევე, როგორც მიმართვებს მათი წილი პასუხისმგებლობის გააზრებაზე. თუმცა, კრიტიკა მიემართებოდა ექსპრეზიდენტსაც და ტრადიციულად ხაზგასმული იყო მისი მმართველობის პერიოდი.
პრეზიდენტს არაფერი უთქვამს იმაზე, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და უკრაინის სახალხო დამცველი ექსპრეზიდენტის სანახავად არ შეუშვეს. მან დუმილი არჩია იმაზეც, რომ პენიტენციურმა სამსახურმა რამდენჯერმა დააბრკოლა ციხეში ექიმების შესვლა.
რა თქვა პრეზიდენტმა
ზურაბიშვილმა საუბარი იმით დაიწყო, რომ ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ექსპრეზიდენტის დაპატიმრება არის დიდი გამოწვევა, როგორც სასამართლო სისტემისთვის, ასევე, პენიტენციური სამსახურის, ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის. მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება კანონის წინაშე თანასწორობის იდეას ეფუძნება და კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გამომდინარეობს.
"ეს მას კარგად გააზრებულიც ჰქონდა და მიუხედავად ამისა, ჩამოვიდა, თანაც უკანონოდ", — თქვა პრეზიდენტმა და იმაზე ისაუბრა, რომ ექსპრეზიდენტი ჩვეულებრივი პატიმარი არ არის:
მანვე აღნიშნა, რომ ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოეპყრობიან პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს, როგორ იქნება დაცული მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.
აქვე ზურაბიშვილი ამტკიცებს, რომ მთელი ეს პერიოდი რეგულარულად იღებდა და ახლაც იღებს ინფორმაციას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შესაბამისი უწყებებისგან: სახალხო დამცველი, სახელმწიფო ინსპექტორი, იუსტიციის მინისტრი და ჯანდაცვის სამინისტრო.
პრეზიდენტმა თავისივე სიტყვა სამ მნიშვნელოვან ნაწილად დაყო: სააკაშვილის ღირსების დაცვა, მისი ჯანმრთელობისთვისთვის საჭირო შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა და კლინიკაში (არ) გადაყვანა.
ყოფილი პრეზიდენტის ღირსების დაცვის აუცილებლობა "მისივე ქცევის მიუხედავად"
ხელისუფლებისადმი პირველი კრიტიკული განცხადება მაშინ გაჟღერდა, როცა ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტის კადრების გასაჯაროება დაგმო. პრეიზდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სააკაშვილის ღირსება დაცული უნდა იყოს "მისივე ქცევის მიუხედავად". არ დაუკონკრეტებია, რომელ ქცევებს უწუნებს სააკაშვილს, თუმცა თქვა, რომ ის დაკავშირებულია სახელმწიფოსთან, რასაც პატივი უნდა სცენ.
სააკაშვილზე გამოსარჩლება პრეზიდენტმა მისივე კრიტიკით გააგრძელა და გაიხსენა, როგორ ექცეოდნენ პატიმრებს ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას.
"საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ პატიმრებს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოსა და პენიტენციურ სისტემაში. ამიტომ, დღევანდელი ხელისუფლება არ შეიძლება რამეში დაემსაგვსოს წინამორბედს. ამიტომ, გულგრილობა, დაცინვა, ქილიკი და შეურაცხყოფა მიუღებელია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ, დარწმუნებული ვარ, მთელი საზოგადოებისთვის", — განაცხადა მან.
"ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა უნდა იყოს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ"
"მეორე", როგორც თავად პრეზიდენტმა აღნიშნა, არის ის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს. ამის ფონზე, მან თქვა ისიც, რომ სააკაშვილის მონაცემები ვერ იქნება პირადი ინფორმაცია და უნდა იყოს საჯარო, არადა ომბუდსმენმა და სახელმწიფო ინსპექტორმა არაერთგზის განაცხადეს, რომ სააკაშვილის პირადი ინფორმაციის ასე გასაჯაროება სწორი არ არის.
"ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა უნდა იყოს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ინფორმაცია პრეზიდენტის თუ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიეკუთვნება სხვა კატეგორიას, საჯარო და არა პირად მონაცემებს, იწვევს განსაკუთრებულ საზოგადოებრივ ინტერესს, რამეთუ ყველა კარგად ხვდება, რომ მათი, პრეზიდენტების ჯანმრთელობა პირდაპირ თუ ირიბად სახელმწიფოს ეხება და შესაძლოა, გავლენა იქონიოს მის სტაბილურობაზე. ასევე, ყველას გვესმის, რომ ქვეყნის დესტაბილიზაციის ინსტრუმენტი შეიძლება გახდეს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობა", — განაცხადა მან.
აქვე მან მთავრობის პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა, ოღონდ ისევ გაუსვა ხაზი სააკაშვილის ბრალეულობას — პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა თავად მიიღო შიმშილობის გადაწყვეტილება, ეს არ ხსნის და არც ამცირებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. იქვე აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებით ყველაზე მეტად ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული და მას სჯერა, რომ არის კიდეც. თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას ეფუძნება მისი ეს რწმენა.
ზურაბიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ საზოგადოებას უფლება აქვს, "ჭორების, ცრუ და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის და სპეკულაციის ნაცვლად", ყოველდღიურად მიიღოს სრულყოფილი, მიუკერძოებელი, სანდო და დეტალური ინფორმაცია როგორც შიმშილობის, ასევე "კვების" და ანალიზების შესახებ. "კვების" გამოყოფასთან ერთად, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ხელისუფლებამ თავისი ვალდებულება სრულად უნდა შეასრულოს.
"ეს არის ხელისუფლების ვალდებულება და მივმართავ მას, რომ დაუყოვნებლივ შეუდგეს ამ ვალდებულების სრულად და არა ნაწილობრივად შესრულებას", — განაცხდა ზურაბიშვილმა.
სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა, ანუ ის რასაც "იმეორებს ერი და ბერი"
ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა ითხოვს ექსპრეზიდენტის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანას ისე, რომ წარმოდგენაც კი არ აქვთ, ეს რას ნიშნავს. თუმცა, სამწუხაროდ, მოქმედმა პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა და არ აგვიხსნა, რას ნიშნავს ეს მისი აზრით.
"მესამე, ისმის მოთხოვნა, რომ ექსპრეზიდენტი, როგორც სხვა რიგითი პატიმრები, გადაყვანილი იყოს, სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში. ამ სიტყვებს იმეორებს ერი და ბერი ისე, რომ არ გააჩნიათ რეალური წარმოდგენა თუ რას ნიშნავს ეს ან რა საფრთხეებთანაა დაკავშირებული", — თქვა მან და ასე გააგრძელა:
ამის ფონზე კი მან ისაუბრა იმაზე, რომ ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით. ზურაბიშვილმა თქვა, რომ ეს საჭიროა, რათა არ გაჩნდეს არანაირი კითხვა თუ ეჭვი, რომ "რამე დააკლეს" მის მკურნალობას შიმშილობისას თუ "არანაკლებ საშიშ ეტაპზე", ანუ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ.
"ამიტომ, ამ მიმართულებითაც ნათელი უნდა მოეფინოს ობიექტურ საჭიროებებს და პრეტენზიებს: რა სტანდარტების დაცვა მოეთხოვება უცხოეთში პენიტენციური სისტემის კლინიკებს, სადაც მკურნალობენ მოშიმშილე პატიმრებს. ანუ, სამედიცინო დანადგარების ნუსხა, რითიც უნდა იყოს აღჭურვილი დაწესებულება, სადაც პატიმარი გააგრძელებს მკურნალობას.
ხელისუფლებას ევალება, რომ საზოგადოებას აცნობოს კონკრეტულად არსებული დაწესებულება აკმაყოფილებს თუ არა ამ სტანდარტებს. კიდევ ერთხელ, ნუსხა არის საჭირო, და თუ არა, მოინახოს ალტერნატიული და უსაფრთხო გამოსავალი, ვინაიდან საზოგადოებაში ეს საკითხი იწვევს დიდ მღელვარებას. ხელისუფლებას ევალება ყველა იმ ზომის მიღება, ყველა იმ ინფორმაციის გაცემა, ყველა იმ საფრთხის გათვალისწინება, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს საზოგადოების თუ ქვეყნის სტაბილურობაზე", — განაცხადა მან.
კონსილიუმის საჭიროება
პრეზიდენტმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ კონსილიუმს გლდანის ციხეში მუშაობის გაგრძელების საშუალება არ მიეცა, მაგრამ კმაყოფილება გამოთქვა ომბუდსმენის გადაწყვეტილებაზე ახალი მონიტორინგის ჯგუფის შექმნის შესახებ. ეს ექიმების ის ჯგუფია, რომელსაც მმართველი გუნდის თავმჯდომარემ დღეს პოლიტიკურად მიკერძოებული უწოდა.
"ასეთ დროს სამწუხაროა, რომ არსებულ კონსილიუმს არ მიეცა შესაძლებლობა თავისი საქმიანობის გაგრძელების თუმცა, აღსანიშნავია, სახალხო დამცველის ინიციატივა, რომ ექიმების ჯგუფის მიერ შეფასდეს არსებული მდგომარეობა და საზოგადოებას მიეწოდოს დამატებითი ინფორმაცია, რამეთუ ინფორმაციის ნაკლებობა თავისთავად კვებავს მღელვარებას", — თქვა მან.
მმართველი გუნდის "გამომწვევი რიტორიკა"
და ბოლოს, მაგრამ არა მნიშვნელობის მიხედვით, პრეზიდენტმა მმართველ გუნდს რიტორიკა დაუწუნა და თქვა, რომ მათი "გამომწვევი კომენტარები" საზოგადოებაში დაძაბულობას იწვევს.
ზურაბიშვილმა განმარტა, რომ ქვეყნის სიმშვიდისა და დეპოლარიზაციისთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად იქნეს გააზრებული ნებისმიერი სიტყვა თუ ქმედება, რათა "თავიდან იქნეს აცილებული ყველა შესაძლო პროვოკაცია და დაპირსიპირების მცდელობები".
"ქვეყანა, რომლის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია და რომლის მიზანიც ევროინტეგრაციაა, განსაკუთრებული დაკვირვებისა და საფრთხის ქვეშაა. ამიტომ, ნებისმიერი პროვოკაცია, სპეკულაცია და დესტაბილიზაცია, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, ითხოვს მყისიერ, დაფიქრებულ და გონივრულ რეაგირებას!" — განაცხადა მან ბრიფინგის ბოლოს.
ტრადიციულად, პრეზიდენტმა ბრიფინგის ოთახი ისე დატოვა, რომ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. ამ შესაძლებლობას მედია დიდი ხანია მოკლებულია. ქუჩაში კითხვებზე პასუხის გაცემას ზურაბიშვილი არასწორად მიიჩნევს, თავისივე დაგეგმილ ბრიფინგებზე მისულ მედიას კი სიტყვის დასრულების შემდეგ ზურგს აქცევს და აქტუალურ საკითხებზე მისი პოზიციის მოსმენის, დაზუსტების საშუალებას არ აძლევს.
კომენტარები