სომხეთი მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება – დეტალები მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

სომხეთი 2 აპრილს საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. ამ დღის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს მეზობელ სახელმწიფოში ვენბათაღელვა სულ უფრო იზრდება.

წინასაარჩევნო კამპანია სომხეთში 5 მარტს დაიწყო. საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, სომხეთის მოქალაქეები ძალიან პოლიტიზირებულნი არიან. კერძოდ, 71 პროცენტი ყურადღებით ადევნებს თვალს წინასაარჩევნო კამპანიას. გამოკითხულთა თითქმის სამი მეოთხედი, 72 პროცენტი ამბობს, რომ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.

2017 წლის არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდება, პარტიებისთვის ბარიერი - 5, ბლოკებისთვის კი, - 7 პროცენტი იქნება. ახალ პარლამენტში, როგორც მინიმუმ, 101 დეპუტატი უნდა აირჩიო, თუ რომელიმე პარტია გარანტირებულ უმრავლესობას, ანუ ხმების 54%-ზე მეტს დააგროვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე ტური დაინიშნება, რომელშიც უკვე პირველ ტურში, პირველ და მეორე ადგილზე გასული პარტიები იბრძოლებენ.

ვინ არის სომხეთის ხელისუფლებაში ახლა?

სომხეთის მოქმედი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი პირველად 2008 წელს აირჩიეს. მეორე ვადა კი 2018-ში გასდის. სარგსიანის რესპუბლიკური პარტია 1990 წელს დაარსდა. 2007 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიას ამომრჩეველთა 33,9 პროცენტმა დაუჭირა მხარი, 2012 წელს კი ამ ძალამ ხმების 44,02 პროცენტი მიიღო.

ფაქტია, რომ რესპუბლიკურ პარტიას 20-წლიანი მმართველობის განმავლობაში, მშრომელებისთვის სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესების კუთხით დიდი შედეგი არ აქვს. ამასთან, პარტიის ძირითადი მხარდამჭერები მაღალი სოციალური კლასის წარმომადგენლები და ოლიგარქები არიან, მათ შორის, მოქმედი პრემიერმინისტრი და მულტიმილიონერი კარენ კარაპეტიანი.

ხელისუფლების მიერ 2015 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, სომხეთი 2 აპრილის შემდეგ მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ლიდერებისთვის დამახასიათებელი ეს ნაბიჯი სომხეთის პრეზიდენტმა, შესაძლოა, ძალაუფლების შესანარჩუნებლად გამოიყენა. არსებობს მოლოდინი, რომ სარგსიანი აპირებს პრემიერმინისტრი გახდეს და თან, ქვეყანაში დემოკრატიის მინიმალური სტანდარტიც შეინარჩუნოს.

ვინ არიან კანდიდატები?

წინასაარჩევნო მარათონში ჩართულია ხუთი პარტია და ოთხი ბლოკი. მათ შორის, მმართველი - სომხეთის რესპუბლიკური პარტია. 62 წლის სარგსიანი, მმართველი რესპულიკური პარტიის ლიდერი, მუდმივად უარყოფს მოსაზრებას, რომ კონსტიტუციური ცვლილებები თავის სასარგებლოდ განხორციელდა.

ამასთან, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ახალი სისტემა მოქმედ პრეზიდენტს აძლევს შანსს, გახდეს პრემიერ-მინისტრი და შეინარჩუნოს ძალაუფლება; შეინარჩუნოს ძალა-უფლება და დარჩეს უბრალოდ პარტიის ლიდერად; ან დატოვოს თანამდებობა, მაგრამ შეინარჩუნოს ძალაუფლება თავისი ხელდასმული შემცვლელის მეშვეობით.

რაც შეეხება ოპოზიციას, მისი მხარდამჭერების დიდ ნაწილს, ზოგადად, პოლიტიკური სისტემისადმი ნდობა აქვს დაკარგული.

  • წარუკიანის ალიანსი

გაგიკ წარუკიანი არის ოლიგარქი, რომელიც ხშირად აფინანსებს სამოქალაქო აქტივისტებსა და ორგანიზაციებს, თუმცა მისი შემოსავლის წყაროზე ბევრი კითხვა არსებობს. წარუკიანის ბლოკის მიერ გამოქვეყნებული პროგრამა ამომრჩეველს ყოველთვიური მინიმალური შემოსავლის დაახლოებით 165 დოლარამდე გაზრდას ჰპირდება. პროგრამა ასევე ითვალისწინებს გადასახადების სამწლიან გაუქმებას პატარა და საშუალო ბიზნესისთვის.

პროგრამის თანახმად, წარუკიანის ბლოკი გაზსა და ელექტრო ენერგიაზე ღირებულებას შეამცირებს. გამარჯვების შემთხვევაში წარუკიანი სტუდენტებს სწავლის გადასახადის სუბსიდირებასაც ჰპირდება.

აღსანიშნავია, რომ წარუკიანი ძირითადად საკუთარ მედიასაშუალებებთან საუბრობს და შესაბამისად, კრიტიკულ კითხვებზე პასუხი აუდიტორიას მისგან არ მოუსმენია.

  • ალიანსი იელქი

იელქის (გასვლა) ბლოკი შედგება პარლამენტის იმ წევრებისგან, რომლებიც ამჟამინდელი მმართველი პარტიის მუდმივ ოპოზიციაში არიან. ალიანსი პრო-დასავლური ორიენტაციისაა, თუმცა ეს ორიენტაცია უფრო საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებს ეხება, ვიდრე საშიანო პოლიტიკას.

  • სომხეთის რევოლუციური ფედერაცია - დაშნაკცუთიუნი

სომხეთის რევოლუციური ფედერაცია (სრფ) სოციალისტური პარტიაა 126–წლიანი ისტორიით. სრფ-ს საარჩევნო პალტფორმა მონოპოლიების განადგურებაა. ფედერაცია ამომრჩეველს მდიდარი კორპორაციებისთვის მაღალი გადასახადების დაწესებას ჰპირდება. დაპირებები ითვალისწინებს მინიმალური ხელფასის დაწესებას და პენსიების ზრდას.

  • ოგანიანი-რაფი-ოსკანიანი

კიდევ ერთი ოპოზიციური კოალიცია შედგება ყოფილი მინისტრებისგან, რომელთა მიმართ, სომხეთის დამოუკიდებლობის 25-წლიან ისტორიაში, კორუფციასთან დაკავშირებით ბევრი ბრალდება ყოფილა.

ოგანიანი-რაფი-ოსკანიანის ბლოკი ამომრჩეველს თავდაცვისა და უსაფრთხოების ბიუჯეტის მილიარდობით სომხური ეროვნული ვალუტით გაზრდას ჰპირდება. ბლოკის ყრილობაზე ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე, ისაუბრა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მონოპოლიებს დაანგრევს და უკეთეს სოციალურ თანასწორობას შექმნის. მისივე თქმით, ამის მისაღწევად მას მდიდარი ოლიგარქებისთვის გადასახადებს გაზრდა არ დასჭირდება, თუმცა სწორედ ეს ოლიგარქები ფლობენ მონოპოლიებს, რომელთა დანგრევაზეც ოგანიანი-რაფი-ოსკანიანის ბლოკი საუბრობს.

არჩევნებში მონაწილეობას, ასევე, მიიღებენ:

  • თავისუფალი დემოკრატები;
  • სომხეთის ეროვნული კონგრესი – სომხეთის ეროვნული პარტია;.

  • კომუნისტური პარტია;
  • სომხური აღორძინება;

რას ამბობს საზოგადოებრივი აზრის კვლევები?

2017 წლის 18-27 მარტს, სომხეთის სოციოლოგთა ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სომხეთის მოქალაქეების მხოლოდ ერთი პროცენტი აცხადებს, რომ არ წავა არჩევნებზე. კვლევის თანახმად, მოსახლეობის 50 პროცენტი ამბობს, რომ აუცილებლად მისცემს ხმას, 35 პროცენტი კი, სავარაუდოდ, მივა არჩევნებზე.

ამავე კვლევის მონაცემებით, იმ ადამიანების 63 პროცენტს, რომელიც მიდის არჩევნებზე, გადაწყვეტილი აქვს, ვის მისცემს ხმას. 25 პროცენტი ჯერჯერობით გადაუწყვეტელია, 12 პროცენტი კი ამბობს, რომ არჩევანს კამპანიის პერიოდში გადაწყვეტს.

კითხვას, ჩამოთვლილი პოლიტიკური პარტიებიდან, რომელს მისცემდით ხმას, რესპონდენტების ხმები ასე გადანაწილდა:

  • სომხეთის რესპუბლიკური პარტია - 30%;
  • წარუკიანის ალიანსი - 29%;
  • იელქის ალიანსი - 9%;
  • სომხეთის რევოლუციური ფედერაცია - დაშნაკცუთიუნი - 7%;
  • სომხური აღორძინება - 5%;
  • ოგანიანი-რაფი-ოსკანიანი - 4%

  • სომხეთის ეროვნული კონგრესი – სომხეთის ეროვნული პარტია - 4%;

  • კომუნისტური პარტია - 3%;

  • თავისუფალი დემოკრატები - 3%;

  • არ გადამიწყვეტია - 4%;

რესპუბლიკური პარტიის შანსებს მისი დაპირება ზრდის, რომ პრემიერმინისტრის პოსტზე კარენ კარაპეტიანს დატოვებს. კარაპეტიანის მოსახლეობის 72-პროცენტიანი ნდობით სარგებლობს.

რაც შეეხება წარუკიანის ბლოკს, თავად გაგიკ წარუკიანს სომხეთის მოქალაქეების 73 პროცენტი ენდობა.

ვის ადანაშაულებენ წინასაარჩევნო ძალადობაში?

სომხურმა მედიამ ათამდე საქმე გააშუქა, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობას ეხება. პრაქტიკულად, თითოეულ შემთხვევაში მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ ინდივიდებს ბრალი ედებათ სხვა პარტიებისა თუ ბლოკების მხარდამჭერთა ცემა, დაჭრა და სროლაც კი.

უფლებადამცველი არტურ საკუნცი რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურთან ამბობს, რომ ყველა ძალადობრივი ინციდენტი ნამდვილად მმართველი რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერების ჩადენილია, რომელთაც გარკვეული იმუნიტეტი გააჩნიათ.

"მოძალადეებისთვის წლების განმავლობაში პასუხი არ მოუთხოვიათ" - ამბობს საკუნცი.

ერთი ასეთი საქმე ეხება ორი კაცის დაჭრას. ერთ-ერთ მათგანი, არამ ასატრიანი, გაგიკ წარუკიანის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელია სომხეთის ერთ-ერთ ქალაქში. აღნიშნული ქალაქის რესპუბლიკელმა მერმა ინციდენტისა და არჩევნების ყოველგვარი კავშირი უარყო. სომხეთის საგამოძიებო უწყებები ასევე ამტკიცებენ, რომ ინციდენტი ჩვეულებრივი კამათის შედეგი იყო. ამასთან, სამართალდამცველებს ინციდენტთან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ.

რესპუბლიკური პარტია უარყოფს თავის პასუხისმგებლობას ძალადობრივი თავდასხმების სერიებში, რომელიც ბევრი ადამიანის მიერ ასოცირდება საარჩევნო კამპანიასთან.

ძალადობრივი ინციდენტების შესახებ შეშფოთება გამოთქვა სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა პიოტრ სვიტალკსიმ. მანვე მოუწოდა სომხებს არ გაყიდონ ხმები და აშკარად მიანიშნა, რომ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების შემთხვევაში EU-ს ფინანსური დახმარება გაიზრდება.

ვინ არის კრემლის ფავორიტი?

სომხეთი დიდწილად არის დამოკიდებული რუსულ დახმარებასა და ინვესტიციებზე. არსებული ეკონომიკური პრობლემების გათვალისწინებით კი რუსული დახმარება სომხეთის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია

რუსი პოლიტოლოგი სომხურ გაზეთთან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთმა და სომხეთმა მიაღწიეს ურთიერთგაგების სერიოზულ საფეხურს, როგორც პრეზიდენტ სარგსიანთან, ასევე, მოქმედ თავდაცვის და პრემიერ-მინისტრებთან:

"როგორც იცით, ამ ადამიანებს აქვთ ძირითადი როლი სომხეთის რესპუბლიკური პარტიის გუნდში, მაგრამ არიან სხვა მთავარი მოთამაშეებიც. მათ შორის, გამოვყოფდი [ოპოზიციონერ ბიზნესმენს] გაგიკ წარუკიანს, რომელსაც ძალიან დიდი საქმიანი კავშირები აქვს რუსეთთან. ვფიქრობ, სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლება პოზიტიური მიმართულებით მიდის. ამას აკვირდებიან; ამას შესაბამისად აღიქვამენ მოსკოვში," - ამბობს ანდრეი არეშოვი.

მიუხედავად იმისა, რომ წარუკიანი გამოკვეთილი პრო–რუსი ლიდერია და ამ მხრივ ხელისუფლების მსგავსი შეხედულებები აქვს, პოლიტიკოსები, ძირითადად ერიდებიან ისეთ საკითხებზე სიღრმისეულ საუბარს, რაც ეხება სომხეთის ეროვნულ უსაფრთხოებას – იქნება თუ არა სომხეთი უფრო დაცული რუსეთის მფარველობის ქვეშ?

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ სომხეთში არჩევნები გაცილებით გამჭვირვალედ ტარდება, ვიდრე წინა წლებში თუმცა, ეს არჩევნები უფრო ნაკლებ სამართლიანია. არჩევნების შედეგები კი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საქართველოს მეზობელი სახელმწიფოს უახლოესი წლების განვითარების გზას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 10 ორგანიზაცია ვასილ მაღლაფერიძისა და თინათინ ბერძენიშვილის გადადგომას ითხოვს
  2. საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს
  3. ირაკლი რუხაძე: პრემიერს ვუთხარი, გულისყურით რომ გისმენდით, არ ნიშნავს, რომ ყველანი ვეთანხმებით
  4. მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
  5. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

IPM კვლევა: გამოკითხულთა 46% საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს, 22% — მიხეილ ყაველაშვილს

IPM Market Intelligence Caucasus-ის კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 46% საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს…