COP26-ზე ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ინფორმაცია იწერება, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას და როგორ შეიძლება შედარებით ობიექტური წარმოდგენა შევიქმნათ ამა თუ იმ წლის მოლაპარაკებების შესახებ.

როგორც წესი, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული განცხადებები რადიკალურია, ვინაიდან მათი მოთხოვნები ამბიციურია და ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა შეფასებისას მწვავე კრიტიკას იწვევს. მეორე მხრივ, ოფიციალური შეფასებები საკმაოდ რბილია და ისინი ჩვენ ირგვლივ არსებულ რეალობას ვერ ასახავენ. საერთაშორისო ორგანიზაციებსაც თავიანთი დღის წესრიგი აქვთ და ამ პრიზმით უყურებენ ხოლმე მოლაპარაკებების პროცესს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიღება და მათი გაფილტვრა, რათა საბოლოოდ გავიგოთ, სინამდვილეში რა მოხდა გლაზგოში?

იქიდან გამომდინარე, რომ კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო 2020 წელს მხარეთა კონფერენცია არ ჩატარებულა, წელს გლაზგოში, ფაქტობრივად, ორი COP-ის (Conference of Parties) გაერთიანება იყო. გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირისგან დამოუკიდებლობის პირობებში, ამ მასშტაბის შეხვედრას პირველად უმასპინძლა, შესაბამისად, სასწორზე ბევრი რამ იდო. ბრიტანელები, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობა, კლიმატის ცვლილების საკითხს საკმაოდ კარგად იცნობენ. აქ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელსაც ლონდონის ქუჩებში ფართო მასების მობილიზება შეუძლია.

საზოგადოებრივი "წნეხი" ამ კონფერენციის მიმართ ნამდვილად შეიმჩნეოდა. ეს თავისთავად მნიშვნელოვანი თანმხლები პროცესია, რომლის საშუალებითაც არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, ხმა მიაწვდინონ მოლაპარაკებების ოთახში მსხდომ დელეგატებს — ადამიანებს, რომლებსაც ამ ყველაფრის მოსასმენად ნაკლები დრო აქვთ. თუმცა, COP26-ის პრეზიდენტისთვის და მასპინძელი ქვეყნისთვის ეს საგულისხმო მესიჯებია და ძნელი წარმოსადგენია, მათზე საზოგადოების ამ დონის ჩართულობა არ მოქმედებდეს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ბრიტანელებს COP26-ის მიმართ დიდი მოლოდინები ჰქონდათ და ფიქრობდნენ, რომ კონფერენციის მასპინძლობით მმართველობის ამგვარ პირობებში მსოფლიო ასპარეზზე კარგ რეაბილიტაციას შეძლებდნენ.

საინტერესოა ისიც, თუ როგორ იწერება და იხვეწება მოლაპარაკებების ტექსტი, რომელიც შეგვიძლია ყბადაღებული პარიზის შეთანხმების "მუხლი 6" მაგალითზე განვიხილოთ. მუხლს ბევრი პუნქტი აქვს, რომლის დეტალურ გაწერაზეც დელეგატებმა მოლაპარაკების პროცესში საკმაოდ დიდი დრო დახარჯეს. ქვემოთ მოყვანილია ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიცვალა ერთი მუხლი ერთი კვირის მანძილზე:

79. მასპინძელმა მხარემ მხარეთა კონფერენციის გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა:

(ა) გამოიყენონ შესაბამისი ჩათვლები ყველა A6.4ER-ისთვის სექტორებისა და სათბურის აირების [და პოლიტიკისა და ღონისძიებების] [აქტივობების] მიხედვით მათი პირველად გადაცემის დროს, რაც გათვალისწინებულია მათი ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტში;

(ბ) [გამოიყენონ ჩათვლა ყველა პირველად გადაცემული A6.4ER-ისთვის სექტორებისა და სათბურის აირების [, ან პოლიტიკის დოკუმენტებისა და ღონისძიებების] მიხედვით, რომელიც არ შედის მისი ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტში [დან [2025][2030] [და შეიძლება ეს გააკეთოს ამ თარიღამდე]] [თუ A6.4ER არ არის მასპინძელი მხარის ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის მიზნების მისაღწევად გათვალისწინებული].

მუხლებში დამაბნეველი კვადრატული ფრჩხილებია გამოყენებული — ეს სწორედ ის ნაწილია, რომელზეც მოლაპარაკების მხარეები მუშაობენ, საბოლოო ტექსტი კი ფრჩხილების გარეშე უნდა იყოს და მისი წაკითხვისას მხარეები უნდა ხვდებოდნენ, თუ რა ვალდებულებებზეა საუბარი. ეს ტექსტი 6 ნოემბერსაა გამოქვეყნებული, 10 ნოემბრის ვერსიაში კი, ფრჩხილების ნაცვლად, "ვარიანტი ა" და "ვარიანტი ბ" გვხვდება.

ვინაიდან საკითხების ნაწილი სხვადასხვა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მხარეთა შორის მწვავე დაპირისპირებას იწვევს, მოლაპარაკებების ტექსტი შეიძლება ერთ კვირაშიც კი ვერ გასწორდეს. ამიტომ, წარმოდგენილია ორი სხვადასხვა ვარიანტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ტექსტი კიდევ უნდა დამუშავდეს და ახალი ვერსიით გამოიცეს. ამასთან, არსებობს იმის ალბათობა, რომ მხარეები ტექსტის საბოლოო ვარიანტზე ვერ შეთანხმდებიან და მის განხილვას მოლაპარაკებების შემდგომი პერიოდისთვის გადადებენ, რის შედეგადაც პროცესი დროში უსასრულოდ იწელება.

ფოტო: watch.thewest.com.au

როდესაც მოლაპარაკებების დროს მხარეები ერთ გამოსავალზე ვერ თანხმდებიან, პრეზიდენტი ქვეყანა, სხვა ქვეყნებთან კონსულტაციით, მათ გარკვეულ ტექსტს სთავაზობს, რათა მხარეებმა ამ უკანასკნელზე დაფუძნებით გააგრძელონ მუშაობა. რა თქმა უნდა, ეს მხარეთა შეთანხმების გარანტიას არ იძლევა, თუმცა, ხშირად მხარეებს მოლაპარაკებების დროს ჩიხიდან გამოსვლაში ეხმარება.

გლაზგოს კლიმატის შეთანხმება — შერბილება

გლაზგოს სამუშაო პროგრამა პარიზის შეთანხმების მიზანს იმეორებს — 2050 წლამდე დედამიწაზე გლობალური ტემპერატურის ნაზრდი, ინდუსტრიულ რევოლუციამდელ დონესთან შედარებით, 2oC-ს არ გადააჭარბებს, ითვალისწინებს რა იმის აუცილებლობას, რომ ნაზრდი 1.5oC-მდე შეიზღუდოს. ამ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციების წყრომა გამოიწვია სწორედ იმ ფაქტმა, რომ გადაწყვეტილების დოკუმენტში 2oC ნიშნული ისევ არის გათვალისწინებული, 1.5oC-იანი ნიშნულის შენარჩუნების მნიშვნელობა კი წინ არაა წამოწეული.

სიახლეს წარმოადგენს ისიც, რომ მომავალში მაღალი დონის მინისტერიალის მრგვალი მაგიდა ყოველწლიურად ჩატარდება, რათა 2030 წლამდე კიდევ გაიზარდოს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საქმეში გამოჩენილი ამბიციები. ასევე, მხარეებს, რომლებსაც ემისიების შემცირების გრძელვადიანი მიზნები ჯერ არ წარმოუდგენიათ, მოუწოდეს, რაც შეიძლება მალე წარმოადგინონ გეგმები, რომლებშიც 2050 წლისთვის ნულოვანი ემისიების მიღწევის გზები იქნება დასაბუთებული. მომავალში ემისიების შემცირების გრძელვადიანი სტრატეგია უნდა შეიქმნას, რომლის საფუძველზეც სამდივნო 2022 წლის COP27-მდე ანგარიშს გამოსცემს.

გადაწყვეტილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტის საფუძველზე მხარეებს მოუწოდეს, გააძლიერონ მუშაობა სუფთა ენერგიის გენერაციისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით, ასევე, აქტიურად ეცადონ ქვანახშირის სადგურების ჩანაცვლებას. დასკვნით პლენარულ სხდომაზე, სადაც შეთანხმებული ტექსტების გადაწყვეტილებების სახით მიღება ხდება, ჩინეთმა და ინდოეთმა "ბოლო წუთს" ტექსტის შეცვლის წინადადება წამოაყენეს და მოითხოვეს, ტექსტში, ნაცვლად ქვანახშირის ეტაპობრივი შეწყვეტისა (ანუ "Phase out"), ეტაპობრივი შემცირება (ანუ "Phase down") ჩაეწერათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემოთავაზებამ ბევრი მხარე ქვეყნისა და ევროკავშირის უკმაყოფილება გამოიწვია, გლაზგოს შეთანხმების გადარჩენის მიზნით, ამ წინადადებაზე დათანხმება მოუწიათ.

ფოტო: theconversation.com

არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ენერგეტიკასთან დაკავშირებული ჩანაწერები საკმაოდ რბილია და დღევანდელი ენერგოგენერაციის გამოწვევებს არ პასუხობს. აქვე, მხარეებს მოუწოდეს, რომ 2030 წლისთვის მეთანის ემისიების შემცირებაზე გააძლიერონ მუშაობა. ამის პარალელურად, დანიამ და კოსტა რიკამ დააარსეს ალიანსი "გაზისა და ნავთობის მიღმა", რომელიც წიაღისეული საწვავის დაფინანსების წინააღმდეგ წამოწყებული ინიციატივების მხარდაჭერასა და ენერგიის წარმოების ნახშირბად-ნეიტრალურ გზებზე ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

პარიზის შეთანხმების ფარგლებში ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება, რომლის მიხედვითაც 2020 წლამდე ისინი ყოველწლიურად, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის 100 მილიარდ აშშ დოლარს მოიზიდავდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ვალდებულება არ შესრულებულა, მხარეებს მოუწოდეს, მათი დაპირებების გამჭვირვალობასთან არსებული ეჭვები გაფანტონ და 2025 წლამდე შეასრულონ პირობა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გლაზგომ პარიზის შეთანხმების წესები მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივად მას შეიძლება პარიზის შეთანხმების საპროცესო კოდექსი ვუწოდოთ, რომლის გარეშეც პარიზის შეთანხმება თავის ფუნქციას დაკარგავდა. რაც ყველაზე საგულისხმოა, გაერო, რომელიც საკმაოდ ნელა უწყობს ხოლმე ფეხს ახალ ტექნოლოგიებს, მხარეთა მიერ ინფორმაციის გაზიარების ელექტრონული ფორმატის შემოღებას დათანხმდა. ამრიგად, ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს, მხარეები დათქმულ დროს სამდივნოში ელექტრონული ცხრილების საშუალებით გაგზავნიან. აღნიშნული ცხრილების შევსება ყველა ქვეყნისთვის სავალდებულოა, განვითარებულ ქვეყნებს კი მისი გამოყენება შეუძლიათ იმის ასახსნელადაც, თუ რატომ არის მათთვის რთული ამა თუ იმ ინფორმაციის წარმოდგენა. სამდივნო ცხრილების სატესტო ელექტრონული ვერსიის გაშვებას 2023 წლის დეკემბერში გეგმავს.

ადაპტაცია

განვითარებადი ქვეყნები, განსაკუთრებით G77 (განვითარებადი ქვეყნების კოალიცია) ჯგუფი, ყოველთვის აქტიურად ლობირებდა ადაპტაციის თემას. კლიმატის საფინანსო ანგარიშმა აჩვენა, რომ განვითარებული ქვეყნებიდან დაფინანსების დიდი ნაწილი შერბილების ღონისძიებებს ხმარდებოდა, შედეგად საადაპტაციო ღონისძიებებზე შედარებით ნაკლები ფინანსები დაიხარჯა. ამ დროს, პარიზის შეთანხმება ამ ორი ტიპის ღონისძიებებისთვის თანაბარ დაფინანსებას ითვალისწინებს. სწორედ განვითარებადი ქვეყნების მოთხოვნების საპასუხოდ შეიქმნა გლაზგო-შარმ ელ შეიხის ორწლიანი სამუშაო პროგრამა, რომელიც ადაპტაციის გლობალური მიზნის შემუშავებას ითვალისწინებს. განვითარებულ ქვეყნებს კიდევ ერთხელ მოუწოდეს, გააძლიერონ ადაპტაციის დაფინანსება და 2025 წლამდე სულ მცირე გააორმაგონ იგი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

მუხლი 6

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თავისი რთული შინაარსის გამო, მუხლი 6 მოლაპარაკებების აქილევსის ქუსლი გახდა. მუხლის შინაარსი გვთავაზობს "ნებაყოფლობითი თანამშრომლობის" სამ დამოუკიდებელ მექანიზმს, რომელთაგან ორი საბაზრო პრინციპებზეა დაფუძნებული, ერთი კი — არასაბაზროზე. მუხლის ირგვლივ არსებული მოლაპარაკებები ამ სამი მექანიზმის მიხედვით სამ ნაწილად — 6.2, 6.4 და 6.8 პარაგრაფებად დაიყო შესაბამისად.

პარაგრაფი 6.2-ის მიხედვით, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ერთ ქვეყანას, რომელმაც მეტობით შეასრულა ემისიის შემცირების ვალდებულება, დაზოგილი ემისიები იმ ქვეყანას მიჰყიდოს, რომელმაც ვერ მიაღწია ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტში აღნიშნულ მაჩვენებლებს. მნიშვნელოვანია, რომ მონაწილე გამყიდველმა მხარემ უზრუნველყოს თავის ინვენტარიზაციაში ამ შერბილების შედეგების გამოკლება მყიდველი მხარის სასარგებლოდ. პარიზის მე-6 მუხლის წესების წიგნმა, რომელიც გლაზგოში იქნა მიღებული, უფრო დეტალურად გაშალა ამ ტიპის ტრანზაქციაში მონაწილე ქვეყნების ვალდებულებები. განისაზღვრა წესები და პირობები მრავალწლიანი ან ყოველწლიური ეროვნულად განსაზღვრული წვლილის დოკუმენტებისთვის. ამ მექანიზმის მთავარი პირობაა, ჯამურად შემცირდეს ემისიები და ყიდვა-გაყიდვის პროცესში თავიდან აიცილონ მისი ზრდა.

ფოტო: ukcop26.org

მომავალი წლის მხარეთა კონფერენციისთვის მრავალი დავალება დაიგეგმა. მაგალითად, COP-ის დამხმარე ორგანომ უნდა მოამზადოს ტექნიკური დოკუმენტი, სადაც ელექტრონული ცხრილების მეშვეობით ემისიების ყიდვა-გაყიდვის და ამ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება იქნება შესაძლებელი. ასევე დაიხვეწება ინდიკატორები და გათვალისწინებული იქნება ყველაზე ნაკლებგანვითარებული და მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოების განსაკუთრებული მდგომარეობა. უკვე განისაზღვრა იმ პირველი ანგარიშის პერიოდი, წესები და პირობები, რომელიც ამ მექანიზმში მონაწილე ქვეყნებმა უნდა წარმოადგინონ.

COP-ის ფარგლებში დაარსდა ახალი სამეთვალყურეო ორგანო, რომელიც პარაგრაფ 6.4-ით გათვალისწინებულ მექანიზმს გაუწევს ზედამხედველობას. პარაგრაფი 6.4-ის მიხედვით უნდა დაარსდეს "ნახშირბადის ბაზარი", რომელიც სუფთა განვითარების მექანიზმის ალტერნატივა გახდება. მას ხშირად მდგრადი განვითარების მექანიზმს უწოდებენ. ქვეყნების გარდა ამ მექანიზმში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ სხვა საჯარო თუ კერძო პირებსაც. ეს მექანიზმი, შესაძლოა, შემდეგი ათწლეულის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცეს.

მესამე მექანიზმი, რომელიც არასაბაზრო მიდგომებს ეხმიანება, მხარე ქვეყნებში შერბილებისა და ადაპტაციის ამბიციის გაძლიერებასა და ეროვნულ დონეზე განსაზღვრული ვალდებულებების განხორციელებაში არასახელმწიფო აქტორების ჩართულობის გაზრდას ისახავს მიზნად.

მექანიზმი არ არის დაფუძნებული ემისიებით ვაჭრობაზე. COP მხარეებს მოუწოდებს, ამ მექანიზმის ასამუშავებლად და დასახვეწად საკუთარი ხედვა წარმოადგინონ. მხარეებმა ასევე შექმნეს გლაზგოს სპეციალური კომიტეტი, რომელიც მექანიზმის ამოქმედების პირობებს შეიმუშავებს.

დასკვნა

ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ გლაზგოს კონფერენცია მის წინამორბედთან შედარებით უფრო ეფექტიანი გამოდგა. გლაზგოზე საბოლოოდ დასრულდა და დამტკიცდა პარიზის "საპროცესო კოდექსი", რასაც 6 წელი დასჭირდა. COP26-მა ვერც ტემპერატურის ნამატის 1.5oC-მდე შენარჩუნების ხაზგასმის აუცილებლობაზე და ვერც ნავთობისა და გაზის მოხმარების შემცირების მიმართულებით დაიჭირა მტკიცე პოზიცია. კონფერენციაზე ვერც წელს მიაღწიეს შეთანხმებას ზარალისა და ზიანის მექანიზმის შესახებ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებადი და მოწყვლადი ქვეყნებისთვის. სანაცვლოდ, წინგადადგმულ დიდ ნაბიჯს წარმოადგენს ადაპტაციის გლობალურ მიზანზე მუშაობა.

ეს ყველაფერი მოლაპარაკების დროს ვაჭრობის საგნად იქცევა-ხოლმე. თუ განვითარებადი ქვეყნების ჯგუფი საბოლოო გადაწყვეტილების ტექსტში მათთვის სასარგებლო მუხლის "გატანას" მოახერხებს, საბოლოო გადაწყვეტილების ტექსტში, მაშინ განვითარებული ქვეყნები, ამის სანაცვლოდ, დაფინანსების ტექსტებს "არბილებენ" ხოლმე და ასე დაუსრულებლად, სანამ ორივე მათგანს ვინმე არ გაახსენებს, რომ საქმე კაცობრიობის მომავალს და სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნებას ეხება.

ეს "ვაჭრობა" კლიმატის მოლაპარაკებებით არ დაწყებულა და არც მისით დამთავრდება, თუმცა, ყველა მხარის აქტიური ჩართულობა მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სულ მცირე ძალისხმევაც არ არის ფუჭი. COP-ზე გაკეთებული არც ერთი გამოსვლა, ან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ყოველ დილით დაწეული მაღალხარისხიანი შეფასებები, არც მათ მიერვე ყოველი დღის ბოლოს გამოვლენილი ყველაზე სამარცხვინო ქვეყანა, ზედმეტი და უადგილო არაა. ამ შეფასებებისა და ახალგაზრდების ჩართულობის გარეშე COP საერთოდ ვერ იარსებებდა.

COP-ის შედეგები ასევე დიდწილადაა დამოკიდებული მასპინძელი ქვეყნის დიპლომატიურ უნარებზე. მნიშვნელოვანია იმისა აღნიშვნა, რომ შემდეგი წლის COP ეგვიპტეში, მომდევნო კი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმართება. აღნიშნული ქვეყნები კლიმატის პოლიტიკაში აქტიურად ჩართულთა რიგებში ნამდვილად არ გვხვდებიან, ამიტომ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა იქნება საჭირო 2023 წელს იმის შესაფასებლად, თუ რა ეტაპზეა მსოფლიო და რამდენად სრულდება პარიზის შეთანხმების ფარგლებში დასახული მიზნები. შესაბამისად, ქვეყნები კიდევ უფრო უნდა იყვნენ მზად გეგმების შემოთავაზებისთვის და 2030 წლამდე კონკრეტული მიზნების მისაღწევად. მხარეები უნდა ეცადონ, გაურკვეველ მომავალში არ გადადონ ეს საქმე, რაშიც მათ დღეს ახალგაზრდები და არასამთავრობო ორგანიზაციები სამართლიანად ადანაშაულებენ.

სტატია მომზადებულია კლიმატის ცვლილებაზე ორიენტირებული პლატფორმა Climate Basics-ისა და NEXT.On.ge-ის თანამშრომლობის ფარგლებში. Climate Basics საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს მხარეთა 26-ე კონფერენციის (COP26) შესახებ. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი. პროექტის მიმდინარეობისას გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ან/და ქლაიმათ ბეიზიქსის მოსაზრებებს. გამოთქმულ მოსაზრებებზე პასუხისმგებელნი არიან თავად ავტორები.