ახლადშექმნილი "რადიოაქტიური WiFi" მონაცემების გადასაცემად რადიაციას იყენებს
ლანკასტერის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდმა ახალი ტიპის WiFi შექმნა, რომელიც მონაცემებს უსადენოდ, ბირთვული რადიაციის გამოყენებით გადასცემს.
უნივერსიტეტის პრესრელიზს თუ დავუჯერებთ, ინჟინრებმა მონაცემები რადიოაქტიური იზოტოპის, კალიფორნიუმ-252-ისაგან მიღებული "სწრაფი ნეიტრონების" გამოყენებით გადაგზავნეს. მათ ინფორმაცია, სიტყვები და შემთხვევითი რიცხვები, ნეიტრონულ ველში დაშიფრეს და ლეპტოპში გადაგზავნეს, სადაც იგი შემდგომ გაიშიფრა. კვლევა ჟურნალ Nuclear Instruments and-შ Methods in Physics Research-ში გამოქვეყნდა.
შესაძლოა, რადიოაქტიური WiFi რომელიმე ვიდეოთამაშში არსებული სატირული ტექნოლოგიისავით ჟღერდეს, თუმცა მკვლევრებს სჯერათ, რომ მისთვის არაერთი პრაქტიკული დანიშნულების პოვნა შეიძლება.
"ჩვენ სწრაფი ნეიტრონების რადიაციის, უსადენო კომუნიკაციის საშუალების პოტენციალი წარმოვაჩინეთ ისეთი სიტუაციებისათვის, სადაც ტრადიციული ელექტრომაგნიტური გადაცემა შეუძლებელი ან თუნდაც არსებითად შეზღუდულია", — განაცხადა პროფესორმა მალკოლმ ჯოისმა, კვლევის მთავარმა ავტორმა.
მან ისიც აღნიშნა, რომ უსაფრთხოების კუთხით კრიტიკულ სიტუაციებში, სადაც ინტერნეტის საკაბელო სისტემებს მარტივად ვერ შექმნი (თუნდაც საზღვაო სტრუქტურების შემთხვევაში), სწრაფი ნეიტრონები მონაცემთა გადასაცემად სანდო საშუალება იქნება — ისინი ინფორმაციის გადატანას კვლავ შეძლებენ და არც სახიფათო ჩარევა გახდება საჭირო.
რაოდენ დამაინტრიგებლადაც არ უნდა ჟღერდეს, დიდი ალბათობით, რადიოაქტიური WiFi კომერციულად ხელმისაწვდომი მაინც არ იქნება, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ტექნოლოგიის სამომავლო პერსპექტივებს მივადევნოთ თვალი.
კომენტარები