თითოეული ჩვენგანი დაფიქრებულა იმაზე, თუ რა გველოდება ჩვენი მზის სისტემის მიღმა. ღამის ცაზე, რომელიც მილიარდობით გალაქტიკას აერთიანებს, ხშირია ისეთი მოვლენები — იქნება ეს კოსმოსის სიღრმეებში მოგზაური ასტეროიდი, მოწყვეტილი კომეტა თუ, უბრალოდ, ჩვენს ორბიტაზე მოძრავი ერთგული თანამგზავრი — რომლებიც გვაფიქრებენ შეკითხვაზე: მართლაც ვართ თუ არა სრულიად მარტონი?

ეს კითხვა დღეს ბევრისთვის მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროა, თუმცა ფაქტია, რომ ადამიანს საუკუნეებია, აწუხებს სხვა პლანეტებზე გონიერი სიცოცხლის არსებობის საკითხი. მაგალითად, ჯერ კიდევ ორ-ნახევარი ათასწლეულის წინ ანტიკურ საბერძნეთში მოღვაწე ფილოსოფოსები, დემოკრიტე, ეპიკურე და ლუკრეციუსი ერთ-ერთი პირველები იყვნენ მათ შორის, ვინც დედამიწის მიღმიერ სიცოცხლეზე ალაპარაკდნენ.

De rerum natura-ს 1483 წლის ხელნაწერის გამხსნელი გვერდი.

ფოტო: Wikimedia Commons

თავის ნაშრომში, De rerum natura (საგანთა ბუნება), ლუკრეციუსი წერს: "და თუ თესლების მარაგი იმხელაა, რომ მათ დასათვლელად ყველა ცოცხალი არსების მთლიანი სიცოცხლეც არ იქნება საკმარისი; და თუ ბუნების ძალა სხვაგანაც ნარჩუნდება და თესლებს ისევე აკავშირებს ერთმანეთთან, როგორც ჩვენს მსოფლიოში არიან შეკავშირებულნი, უნდა ვაღიაროთ, რომ სამყაროს სხვა რეგიონებშიც არსებობს სხვა მსოფლიოები, რომლებიც დასახლებულია ადამიანთა მრავალფეროვანი მოდგმებით და ველურ მხეცთა ჯიშებით".

როგორც ხედავთ, ლუკრეციუსის მოსაზრებები ოცდამეერთე საუკუნეშიც კი არათუ აქტუალური, არამედ ულტრათანამედროვეა. ამავდროულად ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს უკანასკნელი იქამდე ჩვიდმეტი საუკუნით ადრე მოღვაწეობდა, სანამ ჯორდანო ბრუნოს მკრეხელობის ბრალდებით კოცონზე დაწვავდნენ. მართალია, ეს უკანასკნელი სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობაზე არ საუბრობდა, მაგრამ ისიც ამბობდა, რომ დედამიწა ერთ-ერთი და რიგითი მსოფლიო იყო სხვა უთვალავს შორის, რაც საფრთხის შემცველი აღმოჩნდა ეკლესიისათვის, რომელიც სამყაროს ცენტრად დედამიწას და მასზე მცხოვრებ, ღმერთის მიერ შექმნილ ადამიანს სახავდა. ეს მოვლენა მწვერვალი იყო იმ იდეოლოგიური წნეხისა, რომელსაც ეკლესია მეცნიერებაზე ახორციელებდა.

მაგრამ არის კი რელიგია იმდენად დაპირისპირებული უცხო სიცოცხლის არსებობასთან, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს? იქნებ, ჩვენს სახეობას უკვე ჰქონდა ციურ სტუმრებთან ურთიერთობა და მასზე ინფორმაცია სწორედ რელიგიური ტექსტების სახით შემოგვინახეს? საკითხზე უკეთესი წარმოდგენის შესაქმნელად რამდენიმე ათასწლეულით უნდა დავიხიოთ უკან — დროში, რომელშიც არათუ ინკვიზიცია, არამედ ქრისტიანობაც არ არსებობდა და მოგიყვეთ რამდენიმე რელიგიურ ტექსტზე, რომლებიც, როგორც მინიმუმ, კაცობრიობის წარსულზე ჩაგაფიქრებთ.

შუმერები და ციდან მოვლენილი არსებები

სამყაროს ჩვენთვის ცნობილი პირველი ლიტერატურული გმირი ურუქის მეფე გილგამეშია, რომელზე შექმნილი პოემაც დაახლოებით ოთხი ათასწლეულის წინ დაიწერა. რა გასაკვირია, რომ გილგამეშის ავტორი სწორედ იმ ცივილიზაციის შვილი გახლდათ, რომელმაც კაცობრიობას პირველმა აჩუქა დამწერლობის სისტემა.

ანტიკურ დროში (და არამარტო) მმართველები — იქნებოდნენ ეს მეფეები, ფარაონები თუ იმპერატორები — ღვთიური წარმომავლობის მქონეებად ითვლებოდნენ. ამ მხრივ არც გილგამეში ყოფილა გამონაკლისი. შუმერულ მითოსში მთავარი ფიგურა ღმერთი ანი არის, რაც პირდაპირ ნიშნავს ცას. ის ითვლებოდა თანავარსკვლავედების განმგებლად, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის იყო მამა სხვა შუმერული ღვთაებებისა. მათი ისტორია სწორედ მაშინ იწყება, როდესაც ძლევამოსილი არსება ეშვება ციდან და მიწიერებასთან შერწყმით ბადებს შვილს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ანი ჩამოდის დედამიწაზე და დასაბამს აძლევს სხვა ღმერთებს, გონიერ არსებათა განსხვავებულ სახეობას, რომელსაც შუმერები ანუნაკის უწოდებდნენ.

ინანა, უტუ, ენქი და ისიმუდი — ანუნაკის მოდგმის ოთხი წარმომადგენელი (დაახლოებით, ძვ. წ. 2300 წელი).

ფოტო: Wikimedia Commons

ხელოსნობისა და ქმნის ღმერთი ენქი, რომელმაც ადამიანებს მრავალი ცოდნა გადასცა, შუმერების მოსაზრებით, ანუნაკის მოდგმას მიეკუთვნებოდა. სწორედ ერთ-ერთი მათგანის შვილი იყო გილგამეშიც, რომელიც პოემაში არაადამიანური ძალით თუ სხვა ფიზიკური თვისებებითაა გამორჩეული და რიგით მოკვდავებზე ხანგრძლივად ცხოვრობს.

გილგამეშის ამგვარი დახასიათება იმ სხვა მრავალ მითიურ გმირსაც გვახსენებს, რომელთაც სხვადასხვა კულტურაში ასევე ციური წარმომავლობა ჰქონდათ. გილგამეში, ჰერკულესი თუ ენქიდუ, ყველანი ჰიბრიდული არსებები იყვნენ — ადამიანობისა და რაღაც სხვა, არამიწიერი ძალის გაერთიანებით შექმნილნი.

ინდუიზმი, სანსკრიტი და მფრინავი ღვთაებები

ღმერთი რავანას მფრინავი სასახლე, ვიმანა.

ფოტო: Wikimedia Commons

ძველი ინდოელები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და არა მხოლოდ ის ღმერთები აღწერეს, რომლებიც ციდან დაეშვნენ, არამედ ის მოწყობილობებიც, რომლებიც მათ გადაადგილებაში ეხმარებოდა. ვიმანა — ასე უწოდეს მათ ღვთიურ სასახლეს, ეტლს, რომელსაც ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და ინგლისურ-სანსკრიტული ლექსიკონის შემქმნელი, მონიერ უილიამსი შემდეგნაირად განმარტავს: "ღმერთების ეტლი, ნებისმიერი სახის თვითმოძრავი საჰაერო მანქანა, რომელიც ტახტრევნის ფუნქციასაც ასრულებს. მოძრაობს თავისით და თავის მგზავრს ჰაერში ატარებს. სხვა აღწერილობით მას სახლის ან სასახლის ფორმა აქვს". ასევე საინტერესოა ის გარემოება, რომ სიტყვა ვიმანა ზოგიერთ თანამედროვე ინდურ ენაზე პირდაპირ ნიშნავს თვითმფრინავს, საჰაერო მოწყობილობას.

თქმულებები ღმერთებზე, რომლებიც ჰაერში რაიმე სახის მოწყობილობით გადაადგილდებიან, მხოლოდ ინდუიზმის ნაწილი არ არის, თუმცა თითოეული მათგანი მეტ-ნაკლებად ერთნაირად აღწერს მათ. ინდოელთა სურია, ძველბერძენთა ჰელიოსი თუ ეგვიპტელთა რა — თითოეული მათგანი ატარებს ცეცხლოვან ეტლს, ერთგვარ ხომალდს და ასოცირებულია მზის კულტთან.

ერთი წუთით დავფიქრდეთ და გავიხსენოთ გაფრენის პროცესში მყოფი კოსმოსური ხომალდიც — ცეცხლისა და მეტალის ეს ჰარმონიული სინთეზი, რომელიც ზეცისკენ მიემართება. ახლა კი წარმოიდგინეთ რომ ხართ ოთხი ათასი წლის წინ დაბადებული ადამიანი, რომელმაც ისიც კი არ იცის, რომ პლანეტაზე ცხოვრობს, არათუ — სფეროსებრზე და მზის გარშემო მბრუნავზე. შენმა ხალხმა დამწერლობა სულ ახლახან გამოიგონა, ხოლო ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ქმნილება სამყაროში ბორბალია. რას დაარქმევდი არსებას, რომელიც ზეციდან გიახლოვდება? რასაკვირველია, ღმერთს.

გუმბათზე გამოსახული ჰელიოსი (ბუდაპეშტი).

ფოტო: Wikimedia Commons

ქრისტიანობაშიც კი ვხვდებით იდენტურ პასაჟს, როდესაც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველ ელიას სიკვდილის წინ ცეცხლოვანი ეტლი აიტაცებს ცისკენ: "აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს და ცად ავიდა ელია ქარბორბალათი".

ელია წინასწარმეტყველი. ჯუზეპე ანჯელის შემოქმედება.

ფოტო: Wikimedia Commons

რა თქმა უნდა, ეს არ ამტკიცებს გარემოებას, რომ ზემოთ ნახსენები რელიგიური ღვთაებები და გმირები აუცილებლად არადედამიწური წარმომავლობისა უნდა ყოფილიყვნენ. თუმცა, როდესაც ერთმანეთისგან ათასწლეულებითა და კონტინენტებით დაშორებული ცივილიზაციები, უმნიშვნელო განსხვავებებით, ერთსა და იმავე ამბავს ჰყვებიან, ამგვარი ინტერპრეტაცია, სხვა თუ არაფერი, საინტერესო აზრობრივი ექსპერიმენტი მაინცაა.

და თუ აზრის ამგვარ განვითარებას მივყვებით, აუცილებლად გაჩნდება ერთი შეკითხვა: ნუთუ, მათ არ დატოვეს რაიმე ხელმოსაჭიდი, უტყუარი მტკიცებულება თავისი მიწიერი სტუმრობისა? ამაზე ცალსახა პასუხი, რა თქმა უნდა, უარყოფითია. მაგრამ მაინც მოგიყვებით იმ რამდენიმე დამთხვევაზე, რომლებმაც დედამიწის ისტორიაში უძველესი ნაგებობა მსგავსი სპეკულაციების ყველაზე დიდ მსხვერპლად აქცია და ამბები მისი წარმომავლობის შესახებ დღემდე დავის საგანია.

დიდი პირამიდა და ციური სხეულების განლაგება

შვიდ საოცრებათაგან ერთადერთი, რომელიც დღემდე ამაყად დგას კაიროს მისადგომებთან, ყველაზე ხშირად ჩნდება იმ ადამიანთა არგუმენტაციაში, რომლებიც დედამიწაზე უცხოპლანეტელების კვალზე საუბრობენ. ამის მიზეზი ის არქიტექტურული თავისებურებებია, რომელიც ხეოფსის პირამიდას ყველა სხვა ანტიკური ძეგლისგან გამოარჩევს.

ეს ექვსტონიანი შედევრი უკვე 4 500 წლისაა და დღემდე, ოცდამეერთე საუკუნეშიც კი, დედამიწის პლანეტარული მასშტაბების მიმართ ერთ-ერთ ყველაზე ზუსტად ნაგებ შენობად ითვლება. ამის მიზეზი ისაა, რომ დიდი პირამიდა განლაგებული და მიმართულია ზუსტი ჩრდილოეთისაკენ, სულ რამდენიმე გრადუსის ცდომილებით. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს იმასაც, რომ წარსულში, როდესაც მშენებლობა დასრულდა (45 საუკუნის წინ), გამოთვლები კიდევ უფრო ზუსტი უნდა ყოფილიყო, რადგან დროთა განმავლობაში დედამიწა თავისი ღერძის მიმართ გარკვეულ უმნიშვნელო დახრას განიცდის.

ხეოფსის პირამიდა.

ფოტო: Wikimedia Commons

თუ ეს უბრალო დამთხვევა არაა, წარმოიდგინეთ თითქმის 5 ათასი წლის წინანდელი არქიტექტორი და 100 ათასამდე მუშახელი, რომლებმაც სამუშაო გაიორმაგეს იმისათვის, რომ დასრულებული ნაგებობა ამ სტანდარტებში მოქცეულიყო. არ დაგვავიწყდეს, დაახლოებით შვიდტონიანი ქვები, რომლებიც ისეთი სიზუსტითაა ერთმანეთზე დალაგებული, რომ მათში ნემსის წვერიც კი არ ეტევა, 2 ათასი წლით უფრო ადრეა გამოკვეთილი და დაპროექტებული, ვიდრე პითაგორა თავის თეორიას შეიმუშავებდა. და ისიც გაითვალისწინეთ, ეს არის ცივილიზაცია, რომელსაც წესით ისიც კი არ უნდა სცოდნოდა, რომ სფეროსებრ პლანეტაზე ცხოვრობდა.

კიდევ ერთი გარემოება, რომელზეც საკმაოდ ხშირად აპელირებენ "ანტიკური ასტრონავტის" თეორიის მომხრეები, შემდეგია: თუ თქვენ საძიებო ქსელში დიდი პირამიდის ზუსტ კოორდინატებს მოიძიებთ, აღმოაჩენთ, რომ ის მეტრ/წამებში გაზომილ სინათლის სიჩქარეს ემთხვევა. ეს უკანასკნელი პირველად მხოლოდ მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს, 1676 წელს, ესე იგი პირამიდის აშენებიდან 4 ათასწლეულის შემდეგ შეისწავლეს. პირამიდებთან ასოცირებული მრავალი ასეთი გარემოება არსებობს, რომელთა ჩამოთვლასაც ალბათ ცალკე სტატიის მიძღვნა დასჭირდება, რადგან ეს მცირეოდენია იმ არარეალურად ზუსტი გამოთვლებისა, რომლებიც სიმძიმეზე დაკიდებული თოკის მეშვეობით განხორციელდა.

ერთი რამ, რასაც ხეოფსის პირამიდას ვერაფრით დაუკარგავ, მისი ასაკი და არქიტექტურული შთამბეჭდაობაა. სწორედ ამით იხსნება ის უამრავი დაუსაბუთებელი ჰიპოთეზა, რომელთაგან ზოგი ორიონის სარტყლისადმი მის განლაგებაზე საუბრობს და ზოგიც — მისი კოორდინატების სინათლის სიჩქარესთან დამთხვევაზე. რა თქმა უნდა, დამაინტრიგებელი ვერსიაა ის, რომ პირამიდების აშენებაში უცხოპლანეტური ცივილიზაციის ხელი ურევია. თუმცა, მეორე, გაცილებით სარწმუნო ახსნა, რომლის თანახმადაც, ხეოფსის პირამიდა ჩვენს ისტორიაში ყველაზე თავდადებული და ნიჭიერი მშენებლების პროდუქტია, ადამიანური გონის შესაძლებლობებზე გვიყვება არანაკლებ მიმზიდველ ამბავს.


როგორიც უნდა ყოფილიყო ანტიკური ადამიანის ურთიერთობა ცასთან, ერთი რამ ცხადია: ოცდამეერთე საუკუნეშიც კი, როდესაც ტექნოლოგიური განვითარება იმაზე დიდია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს იმის ცალსახა მტკიცებულება, რომ სამყაროს რომელიმე შორეულ წერტილში სიცოცხლე არსებობს. მრავალი ისტორიული თუ რელიგიური არტეფაქტი გამხდარა სპეკულაციის მსხვერპლი და სრულიად ნათელიცაა, თუ საიდან მომდინარეობს ეს შეკითხვები, თუმცა ამ დრომდე, გადაჭრით არაფრის თქმა არ შეიძლება.

ზემოთ მოყვანილი მაგალითები მითოლოგიური, რელიგიური და ისტორიული შემთხვევებია, რომლებიც უცნაურად ეხმიანებიან ერთიმეორეს, მაგრამ, რასაკვირველია, ჯერ კიდევ არ წარმოადგენენ ჩვენთვის ხელმოსაჭიდ, წყალგაუვალ მტკიცებულებას იმისას, რომ სამყაროში მარტონი არ ვართ. თუმცა ეს წერილობითი თუ არქიტექტურული ძეგლები და ჩვენი მათდამი დამოკიდებულება თავად ჩვენზე, დედამიწაზე მცხოვრებ გონიერ არსებებზე გვეუბნება ბევრ რამეს — უპირველეს ყოვლისა კი იმას, რომ კითხვების დასმა და ახალი სამყაროების აღმოჩენის სურვილია სწორედ ის, რაც ადამიანებად გვაქცევს.