მეცნიერები ახლად აღმოჩენილი გრავიტაციული ტალღების რეკორდულ რაოდენობაზე საუბრობენ
ბოლო პერიოდში ასტრონომებმა აღმოაჩინეს გრავიტაციული ტალღების რეკორდული რაოდენობა. მათი თქმით, ეს სამყაროს ევოლუციას და ვარსკვლავების სიცოცხლესა და სიკვდილს მოჰფენს ნათელს.
მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა გრავიტაციულ ტალღები 35-ჯერ დააფიქსირა, ეს 2015 წლიდან აღმოჩენების საერთო რაოდენობას 90-მდე ზრდის.
გრავიტაციული ტალღები არის ტალღები სივრცე-დროის კონტინიუმში, რომელიც შექმნილია მასიური კოსმოსური მოვლენების შედეგად. მაგალითად, შავი ხვრელების შეჯახება.
ამ კატაკლიზმური შეჯახებების ტალღები აღმოჩენილი იქნა ლაზერული ინტერფერომეტრის გრავიტაციულ-ტალღური ობსერვატორიის (Ligo) ობსერვატორიის მიერ აშშ-ში და იტალიაში Virgo-ს მიერ 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის მარტის ჩათვლით.
ასევე: გრავიტაციული ტალღების ანალიზით მეცნიერებმა ჰოკინგის შავი ხვრელების ცნობილი თეორია დაადასტურეს
გრავიტაციული ტალღების პირველმა აღმოჩენამ, რომელიც გამოცხადდა 2016 წელს, დაადასტურა პროგნოზი, რომელიც ალბერტ აინშტაინმა გააკეთა ერთი საუკუნის წინ, მისი ფარდობითობის ზოგადი თეორიის საფუძველზე.
მონაშის უნივერსიტეტის მკვლევარმა შანიკა გალაუდაჟმა აღწერა გრავიტაციული ტალღები, როგორც თამაშის შემცვლელი "ახალი ფანჯარა სამყაროში".
"გრავიტაციული ტალღები არ არის ელექტრომაგნიტური სინათლე. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ისეთი რამ, რაც თითქოს უხილავია, ესაა ბინარული შავი ხვრელის შერწყმა", — თქვა მან.
მეცნიერების თქმით, 35 ახალი აღმოჩენიდან, 32, სავარაუდოდ, შავი ხვრელის წყვილის შერწყმის შედეგია. აღსანიშნავია, აღმოჩენები მოიცავდა ორ მასიურ წყვილ შავ ხვრელს, რომლებიც ერთმანეთის გარშემო ბრუნავს — ერთი წყვილი მზის მასაზე 145-ჯერ მძიმე იყო, ხოლო მეორე 112-ჯერ. მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს შავი ხვრელების "მსუბუქი" წყვილი, რომელთა მასა მზისაზე მხოლოდ 18-ჯერ მეტი იყო.
35 აღმოჩენიდან ორი, სავარაუდოდ, წარმოიშვა ნეიტრონული ვარსკვლავიდან, რომელიც შავ ხვრელს შეერწყა.
მეცნიერები ამბობენ, რომ აღმოჩენები ეხმარება მათ უკეთ გაიგონ როგორც სამყაროს ევოლუცია, ასევე ვარსკვლავური ობიექტების ბუნება. ბოლო აღმოჩენების რიცხვი ათჯერ გაიზარდა მას შემდეგ, რაც Ligo-სა და Virgo-ს ინსტრუმენტებმა პირველად დაიწყეს გრავიტაციულ ტალღებზე დაკვირვება.
"საბოლოოდ, როდესაც დეტექტორებს კიდევ უფრო მგრძნობიარეს გავხდით, ჩვენ შეგვეძლება დავინახოთ ყველა ბინარული შავი ხვრელი, რომლებიც მთელს სამყაროში არიან", — თქვა მკვლევარმა და პროფესორმა სიუზან სკოტმა, ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტიდან.
სამომავლოდ, ასტრონომებს შეეძლებათ აღმოაჩინონ გრავიტაციული ტალღები ვარსკვლავებიდან, როდესაც ისინი სუპერნოვაბად იქცევიან.
"ეს დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ ვარსკვლავების სიცოცხლის პროცესი, როდესაც ისინი ასრულებენ თავიანთ ციკლს, ეწურებათ საწვავი და ფეთქდებიან", — ამბობს სუზან სკოტი.
მეცნიერები ხაზს იმასაც უსვამენ, რომ ეს პროცესები მათ ვარსკვლავების ფორმირების შესახებაც ბევრს ეუბნებათ.
ასევე: გრავიტაციული ტალღების დეტექტორმა უჩვეულო სიგნალები დააფიქსირა — კვლევა
ზოგიერთი ახალი აღმოჩენა ჯერ კვლავ იდუმალია. მკვლევრები თვლიან, რომ 35-ე მოვლენა შეიძლება იყოს შავი ხვრელის წყვილი, ან შავი ხვრელისა და ნეიტრონული ვარსკვლავის შერწყმა.
მეცნიერების თქმით, არის აღმოჩენები, რომლებსაც ჯერ ბოლომდე ვერ ხსნიან, მაგრამ დროსთან ერთად ყველაფერი უკეთ გასაგები გახდება.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები