გრავიტაციული ტალღების დეტექტორმა უჩვეულო სიგნალები დააფიქსირა — კვლევა
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა მიერ შექმნილმა გრავიტაციული ტალღების დეტექტორმა უჩვეულო სიგნალები დააფიქსირა, რომელთა მსგავსიც აქამდე არასდროს აღმოუჩენიათ. მკვლევრები არ გამორიცხავენ, რომ ეს რომელიმე კოსმოსური ფენომენით იყოს გამოწვეული, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული მიზეზის დასახელება უჭირთ. ამის შესახებ მათი ნაშრომი გამოცემაში Physical Review Letters გამოქვეყნდა.
გრავიტაციული ტალღები პირველად LIGO-ს სახელით ცნობილმა დეტექტორმა 6 წლის წინ დააფიქსირა, რამაც მეცნიერებს შავი ხვრელებისა თუ ნეიტრონული ვარსკვლავებისგან მომავალი სიგნალების შესწავლის საშუალება მისცა. LIGO, ისევე, როგორც ინტერფერომეტრი Virgo, ლაზერებითაა აღჭურვილი, რომლის სინათლეც შემხვედრი ტალღების გამო იცვლება. თუმცა, ისინი მხოლოდ დაბალ სიხშირეზე არიან მომართულები.
მსგავსი მოწყობილობების მიერ მაღალი სიხშირის აღქმა ბევრად რთულია. ეს უკანასკნელი თავად სამყაროს დასაწყისზე და ისეთ ჰიპოთეტურ ობიექტებზე შეიძლება გვაძლევდეს ინფორმაციას, როგორიცაა ბოზონური ვარსკვლავები, პირველადი შავი ხვრელები, ასევე, ბნელი მატერიის ღრუბლები და სხვა.
მეცნიერებმა 2014 წელს სწორედ ამ ფუნქციის მქონე დეტექტორი შექმნეს. ის კვარცის კრისტალის დისკისგან შედგება, რომელიც ერთ მხარეს ოდნავ ამობურცულია. მაღალი სიხშირის სიგნალები მისი გავლით ბგერის მდგარ ტალღებს წარმოქმნიან და ამოზნექილ ნაწილში კრისტალის ატომთა რხევითი მოძრაობის კვანტების, ფონონების სახით ვლინდებიან. ამ სუსტ აკუსტიკურ ვიბრაციებს კი, რომლებიც შემდგომ ხელოვნურად ძლიერდება, პიეზოელექტრული ფირფიტები აღიქვამენ.
აღნიშნულმა დეტექტორმა, რომელიც რადიაციისგან დაცულ ვაკუუმურ სივრცეშია მოთავსებული, ფუნქციონირების პირველ 153 დღეში მაღალი სიხშირის გრავიტაციული ტალღები 2-ჯერ დააფიქსირა. პირველად ეს 2019 წლის 11 მაისს მოხდა, მეორედ კი იმავე წლის 27 ნოემბერს.
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამ სიგნალების წყარო, შესაძლოა, კოსმოსური გამოსხივება, ბნელი მატერიის ტოპოლოგიური დეფექტები ან მისი მასიური ნაწილაკები იყოს. ნაშრომის ავტორები მეორე კრისტალის დამატებას გეგმავენ და იმედოვნებენ, რომ ამის შესახებ მეტს შეიტყობენ.
კომენტარები