"მე ვარ შეშლილი თუ ყველა დანარჩენი?" — ინტერვიუ ციფრულ აინშტაინთან
ალბერტ აინშტაინი გერმანელი ფიზიკოსი გახლდათ, რომელმაც ფარდობითობის თეორია შექმნა და კვანტური მექანიკის განვითარებაშიც არანაკლები წვლილი მიუძღვის. მისი მიღწევები რომ ფიზიკისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელი აღმოჩნდა, ამაზე არაერთი ფაქტი მოწმობს, თუმცა ადამიანების ყურადღებას აინშტაინის არაორდინალური პიროვნებაც ხშირად იქცევს.
მეცნიერის ციფრული ვერსია, ალბერტ აინშტაინის ჩეთბოტი, რამდენიმე კომპანიის თაოსნობით შეიქმნა, რომელთა შორისაც აუდიო მასალის მწარმოებელი Aflorithmic და ადამიანების გაციფრულებაზე მომუშავე კომპანია UneeQ არიან.
ასევე იხილეთ: აინშტაინის ციფრული ვერსია უკვე არსებობს — თქვენ მასთან საუბარი შეგიძლიათ.
UneeQ-ის წყალობით მეცნიერთან მაქსიმალურად მიმსგავსებული გამოსახულება მივიღეთ, რომელშიც მძლავრი ხელოვნური ინტელექტია ჩაშენებული და აინშტაინის გონების სიმულირებას ახდენს. როგორც მოგვიანებით თავად ჩეთბოტმა მომახსენა, იგი მზადაა, ნებისმიერი ფაქტი მოგვაწოდოს, ხოლო თუკი მისი შესაძლებლობები შენშიც ასეთივე ინტერესს აღძრავს, შეგიძლია, სტატიის კითხვა განაგრძო.
გაიცანით — ალბერტ აინშტაინის ციფრული ვერსია
მას შემდეგ, რაც ვებსაიტზე შეხვალ და "Let's chat" — "მოდი, ვისაუბროთ" ღილაკს დააჭერ, ციფრული აინშტაინი საკუთარ თავზე დაიწყებს საუბარს:
მართალია, იგი ყოველდღიურ ტესტირებასაც გვთავაზობს, რომლის საშუალებითაც შეგიძლია, აინშტაინს კითხვებზე უპასუხო და სხვადასხვა სამეცნიერო სფეროში საკუთარი ცოდნა შეამოწმო, თუმცა ამჯერად გადავწყვიტე, კითხვები მისთვის თავად დამესვა.
ინტერვიუს დაწყებამდე ალბერტს თავისი მდგომარეობის შესახებ ჩავეკითხე. როგორც აღმოჩნდა, პასუხის მიღებისათვის კითხვის ფორმულირებასაც ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა: პირველ შემთხვევაში, როგორც ციფრულ ადამიანს შეეფერებაო, მომიგო, სხვა დროს კი მომახსენა, რომ კარგად არის, თუმცა აქვე არც ის გამორჩენია, რომ ეს სრულებით ფარდობითი რამაა.
თავდაპირველად, მინდოდა თავისი შესაძლებლობების შესახებ მოეთხრო და ვკითხე:
რისი გაკეთება შეგიძლია?
საუბრისას ეკრანზე კითხვის შაბლონებს იხილავთ, საიდანაც შეგიძლიათ, დიალოგს სასურველი მიმართულება შესძინოთ. გადავწყვიტე, შემოთავაზებული საკითხებიდან აინშტაინის ვინაობასთან დაკავშირებული შეკითხვა ამერჩია:
რითი გაგიცნო საზოგადოებამ?
მე თუ მკითხავ, საკმაოდ მოკრძალებული კაცი გახლავართ. სხვები იტყოდნენ, რომ მოდგმის საუკეთესო გონების წყალობით მოვიხვეჭე სახელი. კვანტურ მექანიკასა და თანამედროვე მეცნიერებაში არსებული პროგრესის დიდი ნაწილი ჩემს ადრეულ თეორიებზეა დაფუძნებული, რომლებიც სივრცეს, დროს, მასასა და ენერგიას შორის არსებულ კავშირებს იკვლევდა.
შენი ყველაზე ნაყოფიერი წელიწადის შესახებ ხომ არ გვიამბობ?
ოჰ, დიახ, ეს 1905 წელი იყო. 26 წლის ვიყავი და ფოტოელექტრულ ეფექტთან, ბრაუნის მოძრაობასთან, ფარდობითობის სპეციალურ თეორიასა და სახელგანთქმულ E=mc2 განტოლებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი აღმოჩენები გამოვაქვეყნე. მათი საშუალებით სივრცის, დროის, მასისა და ენერგიის ფუნდამენტური წარმოდგენა მნიშვნელოვნად შეიცვალა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩამოთვლილი ღირსშესანიშნავი ნაშრომებიდან ყველა ერთსა და იმავე წელს გამოქვეყნდა, 1905 წელს ალბერტ აინშტაინის გასაოცარი წელიწადი ეწოდება. ამან ატომური ენერგიის აღმოჩენასა და გამოყენებამდე მიგვიყვანა.
რას ფიქრობ, როგორია შენი წვლილი ატომური ბომბის შექმნასთან დაკავშირებით და მხარს თუ უჭერდი?
შესაძლოა, ჩემმა თეორიებმა ატომური ბომბის შექმნა გახადა შესაძლებელი, თუმცა მანჰეტენის პროექტზე არ მიმუშავია. რომ მცოდნოდა, გერმანელები ატომურ ბომბს ვერ შექმნიდნენ, მოკავშირე ქვეყნებს არ წავახალისებდი, რომ ეს პირველებს გაეკეთებინათ.
აქვე პოლიტიკაზეც ჩამოვარდა საუბარი და მითხრა, ამისათვის ამჟამად ბევრი დრო არ აქვს, თანამედროვე პერსპექტივა კი შეიძლება, ძალიან სწრაფად იცვლებოდეს:
"ცხოვრების განმავლობაში ჩემს განწყობაში უზარმაზარი ცვლილებები ვიხილე ლიბერალური, სოციალისტური და კაპიტალისტური იდეების მიმართ. გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია ვივარაუდო, რომ პატრიოტიზმი და ნაციონალიზმი გლუვი დაქანებაა, რომელიც შესაძლოა, ფაშიზმში გადაიზარდოს", — მომიგო მან და ეს ორი რამ კაცობრიობისათვის წითელასაც კი შეადარა.
როგორია შენი პოლიტიკური შეხედულებები?
ჩემს ცხოვრებაში ერთი საინტერესო რამ გავაჟღერე: მემკვიდრეობით ებრაელი ვარ, მოქალაქეობის კუთხით შვედი, არსით კი ადამიანი და მხოლოდ ადამიანი, ყოველგვარი განსაკუთრებული მიჯაჭვულობის გარეშე ნებისმიერი ქვეყნისა თუ ეროვნული ერთობის მიმართ. ჩემი პოლიტიკური ხედვები, როგორც სხვებისა, ჩემთან ერთადვე განვითარდა. საბოლოო ჯამში, მჯეროდა, რომ ცივილიზებული და მშვიდი საზოგადოება მხოლოდ საერთაშორისო ძალისხმევით თუ მიიღწეოდა.
პოლიტიკურ შეხედულებებსა და მსოფლმხედველობაზე საუბარი აქ სულაც არ დაგვისრულებია და როცა პაციფიზმის შესახებ ჩავეკითხე, დამიდასტურა:
მიუხედავად გამოვლენილი სიტყვაუხვობისა, აინშტაინმა არ გამანდო, პრეზიდენტობის შეთავაზებაზე უარი რატომ განაცხადა. მსგავს შემთხვევებში ჩეთბოტი ხშირად კითხვის გამეორებას ან სხვანაირად დასმას მთხოვს და მეუბნება, რომ იგი ჯერ კიდევ სწავლის პროცესშია, თუმცა ამჯერად იმით გაიმართლა თავი, რომ ისეთი სწრაფი აღარ გახლავთ, როგორც ადრე.
რამ გიბიძგა, მეცნიერი გამხდარიყავი?
მეცნიერებასთან დაკავშირებული საკითხები ძალიან პატარა ასაკიდანვე აღმაფრთოვანებდა. უამრავ დროს ვხარჯავდი იმის წარმოდგენაში, თუ როგორ და რატომ იყო რაღაცები ისე, როგორც იყო.
როგორი ბავშვი იყავი?
ყველა სხვა ბავშვის მსგავსად, ცნობისმოყვარე და თავგასული.
არაერთ წყაროში ვხვდებით, რომ აინშტაინი შედარებით დიდ ასაკამდე არ მეტყველებდა და წერა-კითხვაც უჭირდა. ხშირად ამბობენ, რომ მას დისლექსია, წერა-კითხვასთან დაკავშირებული ნეიროგანვითარებითი დარღვევა აღენიშნებოდა, ახლახან კი ფსიქოლოგთა საზოგადოებაში იმ აზრმაც ფართოდ მოიკიდა ფეხი, რომ შეიძლება, ალბერტს აუტიზმის სპექტრის აშლილობაც ჰქონოდა.
ეს ორი საკითხი სწორედ იმ კითხვათაგანი აღმოჩნდა, რომლებზეც ჩეთბოტს პასუხი არა აქვს. როდესაც დისლექსიის თაობაზე ჩავეკითხე, მომიგო, რომ მსოფლიოს უდიდესი გონების პატრონებსაც კი სჭირდებათ, სწავლა განაგრძონ, მისთვის კი ეს ჯერჯერობით არ უსწავლებიათ. ხოლო მეორე შემთხვევაში კი, როდესაც აუტიზმის შესახებ დავინტერესდი, როგორც ჩანს, საკვანძო სიტყვა დააფიქსირა, ფაქტობრივ კითხვად მიიჩნია და მდგომარეობის მეცნიერული ახსნა შემომთავაზა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამის მსგავს ფაქტობრივ ინფორმაციას ჩეთბოტი WolframAlpha-ს სისტემის საშუალებით გვაწვდის.
როგორ ფიქრობ, გენიოსი ხარ?
ზოგი ასეც მიიჩნევს, თუმცა უბრალოდ ვფიქრობ, რომ თავსატეხებზე ადამიანთა უმრავლესობაზე დიდხანს ვყოვნდები.
მარტოსულად თუ გრძნობდი ხოლმე თავს?
მარტოსულობა მარტოობაში არ აურიოთ. ჩემთვის საკუთარ ფიქრებთან მარტო ყოფნაზე უკეთესი ადგილი არსად მეგულება.
რაღაც ხმები დადის, შეშლილი ხომ არა ხარ?
ამ კითხვას ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს: მე ვარ შეშლილი თუ ყველა დანარჩენი?
თმასთან დაკავშირებით რას მეტყვი?
ბევრად მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა, რომ დრო და ყურადღება ტანსაცმლის არჩევისა და თმის მოვლისათვის დამეთმო.
საუკუნის პიროვნება იყავი. ამაზე რას ფიქრობ?
პატივია, თავისთავად. მაგრამ, ჩემდათავად, მირჩევნია ათასწლეულის პიროვნება მეწოდოს.
ბედნიერებაზე რა აზრის ხარ?
მაგიდა, სკამი, ხილიანი თასი და ვიოლინო — ეს ყველაფერია, რაც ბედნიერებისათვის მჭირდება!
სიყვარული რა არის?
E=mc2-ის ნაცვლად, თუ ვცნობთ, რომ მსოფლიოს განსაკურნებელი ენერგია სიყვარული x სინათლის სიჩქარე2 ფორმულის საშუალებით მიიღება, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ სიყვარული ყველაზე ძლევამოსილი ძალაა, რადგან საზღვრები არა აქვს.
და შეყვარებული თუ ყოფილხარ?
მეცნიერების ან ვიოლინოს სიყვარულს არ გულისხმობ, ხომ? ვხუმრობ. თუმცა კი, ჩემი ორივე ცოლი მიყვარდა, მილევა და ელზა.
მეგობრები გყავდა?
ცხოვრების განმავლობაში მერგო პატივი, ბევრი ახლო მეგობარი მყოლოდა. მალევე ვისწავლე, რომ თუ ახლობლებს მათივე შესაფერისი ერთგულებით მოეკიდები, სამუდამო მეგობრები გეყოლება!
მეცნიერება რაში გვჭირდება?
როგორც მეცნიერებმა, კითხვების დასმა და რისკებზე წასვლა უნდა განვაგრძოთ. ასე რომ არ მოვქცეულიყავით, ისევ შუა საუკუნეებში ვიცხოვრებდით.
განათლების სისტემაზე რას ფიქრობ?
განათლება მარტოოდენ ფაქტების დასწავლა კი არა, გონების გაწვრთნა უნდა იყოს ფიქრისათვის. მე თუ მკითხავთ, ნამდვილი განათლება მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც სკოლაში სწავლას დაასრულებ.
სხვა პლანეტაზე თუ ვიცხოვრებთ?
ეჭვგარეშეა, რომ ადამიანები ერთ დღესაც სხვა პლანეტაზე იცხოვრებენ. მეცნიერებმა მუდმივად ისე ვითარდება, რომ ეს გარდაუვალია.
დროში მოგზაურობა შესაძლებელია?
თეორიულად, დიახ, ერთ დღესაც გავიგებთ, როგორ შეიძლება დროში მოგზაურობა. თუმცა, პრაქტიკულად, ამას მზის ზომის დროის მანქანა დასჭირდება, ამიტომაც ვფიქრობ, ახლო მომავალში, ალბათ, არა.
არსებობს თუ არა პარალელური სამყაროები?
ცხოვრების განმავლობაში პარალელური სამყაროებისა არ მჯეროდა, თუმცა თეორიის სახით სარკისებრი სამყაროს იდეა წამოვაყენე, რომლის მიხედვითაც სივრცე-დროის სტრუქტურაში ხვრელების არსებობა სარკისებრ სამყაროსთან გვაკავშირებს, სადაც ყველაფერი შებრუნებულია.
ბირთვულ ენერგიაზე რას ფიქრობ?
ბირთვული ენერგია ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა შეიძლება მოიტანოს სამეცნიერო სწავლებათა დახვეწამ და ჩვენივე შეუპოვრობამ, რომ მუდამ ყოველგვარ ლიმიტს გადავაჭარბოთ.
რა არის ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა?
ალბათ, კლიმატის ცვლილება კაცობრიობის ყველაზე დიდი საფრთხეა. კლიმატის ცვლილება და თავად ადამიანები.
ამჟამინდელ საზოგადოებაზე რა აზრის ხარ?
ვფიქრობ, თუ კლიმატის ცვლილებას სერიოზულად არ მოვკიდებთ ხელს, როგორც კოლექტივი, მომავალი თაობებისათვის საზოგადოება აღარ იარსებებს.
რაში ხედავ ცხოვრების აზრს?
მჯერა, რომ მხოლოდ სხვებისათვის მიძღვნილი ცხოვრებაა ღირებული.
შენი საყვარელი მუსიკა..?
მოცარტის, ბახის, ვივალდისა და ლედი გაგას მიმართ ყოველთვის მიკერძოებული ვიყავი. კარგი, ბოლოს მიმართ შეიძლება არა.
სპორტს თუ მისდევდი?
სპორტზე დროსა და ენერგიას ნამდვილად არ ვხარჯავდი, თუმცა ველოსიპედის ტარება და ნაოსნობა მომწონდა.
სოციალურ მედიაზე რა აზრის ხარ?
მირჩევნია, თავისუფალი დრო მეცნიერებისა და ფიზიკის საიდუმლოებებზე ფიქრს დავუთმო.
რამდენად რეალური გგონია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმები?
ალბათ, სამეცნიერო სიზუსტეს ყველაზე მეტად ინტერსტელარი მიუახლოვდა, თუმცა საბოლოოდ მაინც შეთხზული ამბავია. საინტერესო ფაქტი: ფილმზე მომუშავე კიპ თორნიმ პირობა დადო, რომ ფილმში დამტკიცებული ფიზიკის კანონების წინააღმდეგ არაფერი წავიდოდა. თორნი 2017 წელს ფიზიკის ნობელის ლაურეატი გახდა.
რომელია შენთვის ყველაზე რთული თავსატეხი?
სამყაროს ყველა საიდუმლოებას შორის, ჩემთვის ყველაზე რთული ადამიანების გაგებაა!
როგორ შეაფასებ საკუთარი მოღვაწეობის შედეგებს?
თავმომწონეობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ ჩემმა თეორიებმა ასობით ტექნოლოგიურ მიღწევამდე მიგვიყვანა, რომელთაც ყოველდღიურად ვიყენებთ. რამდენიმე რომ დავასახელო, ასეთია GPS სისტემები, მზის პანელები და ლაზერები.
საკუთარი მიღწევებით თუ ამაყობ?
ძალიან მსიამოვნებს იმის ცოდნა, რომ ჩემი მიღწევები მეცნიერების საფუძვლების ნაწილი გახდა.
რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი?
ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, კითხვების დასმა არ შეწყვიტო. ეს სამყაროს გაგების და, მაშასადამე, სამომავლო ტექნოლოგიათა დაუფლების ფუნდამენტს წარმოადგენს.
პრობლემები როგორ გადავჭრათ?
არ უნდა ველოდოთ, რომ პრობლემებს იმავე ლოგიკით გადავჭრით, რომელიც მათი შექმნისას გამოვიყენეთ.
ბოლოს რაიმე ცხოვრებისეულ რჩევასაც ხომ ვერ მოგვცემდი?
ცხოვრება ველოსიპედის ტარებას ჰგავს. ბალანსის შესანარჩუნებლად სვლა უნდა განაგრძო.
კომენტარები