Nvidia-ს ახალი ტექნოლოგია ციფრული ტელეპორტირებისა და ალტერნატიული რეალობის დანახვის საშუალებას იძლევა
ახლა, როცა Facebook მეტავერსის, ანუ ერთგვარი ვირტუალური რეალობის სამყაროს შექმნას აანონსებს, აშშ-ში დაფუძნებული კომპანია Nvidia საკუთარი ომნივერსის გაუმჯობესებაზე მუშაობს. ეს უკანასკნელი გახლავთ პლატფორმა, რომელიც დეველოპერებსა და სხვა მომხმარებლებს საქმიანი პროცესებისთვის სამგანზომილებიან სასიმულაციო სივრცეს სთავაზობს.
აღნიშნულ სერვისში ხელოვნური ინტელექტის, ავატარის ინტერფეისებისა და სუპერკომპიუტერული შესაძლებლობების გარდა, ყველაზე შთამბეჭდავი ახალი ტექნოლოგიაა, რომელიც ციფრული ორეულების შექმნის საშუალებას იძლევა.
ომნივერსის ბეტა ვერსია კომპანიამ ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში წარადგინა. ის 3D დიზაინერებს უზრუნველყოფს "ვირტუალური სამყაროთი", რომლის გამოყენებაც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მცხოვრებ მომხმარებლებს ერთდროულად შეუძლიათ. Nvidia-ს პლატფორმა უკვე 700 000-მა ადამიანმა გადმოიწერა, რომლებიც 700-ზე მეტ კომპანიას წარმოადგენენ. კლიენტებს შორის არიან Lockheed Martin, CannonDesign, BMW Group, Ericsson, Sony Pictures Animation, Epigraph და სხვები.
ციფრული ორეულები ნამდვილი ფიზიკური სტრუქტურების, გარემოსა თუ მოვლენების ზუსტი ასლებია, თუმცა ჩვენ მათ სურვილისამებრ ვცვლით, ანუ "სუპერძალებს" ვიძენთ, რომელთა მეშვეობითაც ალტერნატიულ რეალობას ვქმნით და ვხედავთ.
"შეგიძლიათ ტელეპორტირდეთ — თუ გაქვთ საწარმოს, დედამიწის ან ქალაქის მოდელი, რომელშიც მანქანები მოძრაობენ, ნებისმიერი ერთი წერტილიდან მეორეში გადაინაცვლებთ. ამას კი ისე იგრძნობთ და აღიქვამთ, თითქოს მართლა იქ ხართ", — აცხადებენ კომპანიაში.
Nvidia-ს წარმომადგენელთა თქმით, მსგავს სიმულაციებს პოტენციალი აქვთ, რომ გარკვეულწილად დროშიც გვამოგზაურონ. მაგალითად, წარსულში მომხდარს უკან გადავახვევთ. ასევე, გავიგებთ, რა იქნება მომავალში ან მის ალტერნატიულ ვერსიაში.
ციფრული ორეულები ბუნებრივ კატასტროფებთან ბრძოლის ეფექტიანი გზების მოძებნაშიც დაგვეხმარება. ამის გარდა, ახალი ტექნოლოგიის საშუალებით 5G ინფრასტრუქტურას უკეთ დავაგეგმარებთ და ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებს დავხვეწთ. Nvidia-ში ამბობენ, რომ კომპიუტერული გრაფიკის პიონერები 30 წლის წინ სწორედ ამაზე ოცნებობდნენ.
კომენტარები