რობოტებისთვის დამზადებული მგრძნობიარე კანი შესაძლოა, მეტავერსის შექმნაში დაგვეხმაროს
კომპანია Meta-ში მომუშავე ხელოვნური ინტელექტის (Al) მკვლევრებმა აშშ-ის კარნეგი-მელონის უნივერსიტეტში მოღვაწე კოლეგებთან ერთად რობოტებისთვის კანი დაამზადეს, რომელიც შეხებას გრძნობს. ეს შესაძლოა, მეტავერსის, ანუ ერთგვარი ვირტუალური რეალობის (VR), სამგანზომილებიანი ციფრული სამყაროს შექმნაში დაგვეხმაროს, რომელიც ინტერნეტის მომავლად მიიჩნევა.
ეს გახლავთ ReSkin, რომელიც მანქანური სწავლებისა და მაგნიტური სენსორების კუთხით არსებულ მიღწევებს აერთიანებს, ასევე, იდეალურია ხანგრძლივი გამოყენებისთვის.
"მძლავრი შეხებითი მგრძნობელობა რობოტიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამჟამად ხელმისაწვდომი სენსორები ან ძალიან ძვირია, ან ნაკლებად ეფექტიანი, ან რობოტებში გამოსაყენებლად, ზედმეტად მოუხერხებელი. ReSkin-ს შეუძლია, რომ ასეთი პრობლემები აგვაცილოს თავიდან. ის მსუბუქია და მცირე ზომა აქვს, რისი წყალობითაც მომჭერ მოწყობილობებთან თავსებადია", — აცხადებს კომპიუტერულ მეცნიერებათა სპეციალისტი, ლერელ პინტო.
როდესაც ReSkin-ად წოდებული მატერია რაიმეს ეხება, მისი შემადგენელი პლასტმასა დეფორმირდება, მასში არსებული ნაწილაკების მიერ წარმოქმნილი მაგნიტური ველი კი იცვლება. მიკროსქემის დაფა ამ ყველაფერს აფიქსირებს და ინფორმაციას ხელოვნურ ინტელექტს გადასცემს.
შედეგად, ეს ცვლილებები მექანიკურ ზემოქმედებად აღიქმება. ამის საშუალებით, ახალ ტექნოლოგიას სულ რაღაც 0.1 ნიუტონი ძალის იდენტიფიცირება 1 მილიმეტრიs სიზუსტით შეუძლია.
ReSkin-ის სისქე 2-3 მილიმეტრია და ის გამოცვლის გარეშე, 50 000-ზე მეტ ურთიერთქმედებას უძლებს. როგორც ცნობილია, მისი წარმოება საკმაოდ იაფი დაჯდება. კერძოდ, 100 ერთეულში თითოეულის ფასი დაახლოებით 6 აშშ დოლარი, მეტში კი უფრო ნაკლები იქნება.
მეცნიერებმა ხელოვნური კანი რობოტის ხელებზე, ტაქტილურ ხელთათმანებზე, სახელოებსა და ძაღლის ფეხსაცმელზე უკვე გამოცადეს. მიღებული მონაცემები მათ ტექნოლოგიის დახვეწასა და განვითარებაში დაეხმარება.
უნდა ვივარაუდოთ, რომ ReSkin საკუთარ წვლილს მეტავერსის შექმნაშიც შეიტანს და ციფრულ რეალობას კიდევ უფრო დამაჯერებელს გახდის.
კომენტარები