ისრაელის ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგი — "ბუსტერ" დოზა სიკვდილსა და ჰოსპიტალიზაციას გვარიდებს
ისრაელში მდებარე კლალიტის კვლევით ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი კვლევა ჩაატარეს, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი დოზის ეფექტიანობა ცხადყო. აღმოჩნდა, რომ ის ინფექციისგან 93 პროცენტით გვიცავს და SARS-CoV-2-ის დელტა ვარიანტსაც ებრძვის, რომელიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული.
ისრაელმა თავიდანვე გამოთქვა სურვილი, რომ კომპანია Pfizer-ის ვაქცინა სხვებზე ადრე მიეღო, რათა მისი სარგებლიანობა შეემოწმებინა. ეს სახელმწიფოს ზამთარში მოზღვავებული ინფიცირების შემთხვევების შემცირებაში დაეხმარა. ამის მიუხედავად, ივლისისთვის დელტა შტამმა ძალები მოიკრიბა და COVID-19-ით მრავალი ადამიანის დაავადება გამოიწვია.
ასევე: "თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის" — ვაქცინა, დეზინფორმაცია და "ელვის სისწრაფე"
იმავე თვეში ქვეყანამ მოსახლეობის დამატებითი დოზებით აცრა დაიწყო და მათ შესახებ მონაცემებიც შეაგროვა, რომლის ანალიზის შედეგები გამოცემაში The Lancet გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი. აღნიშნული ინფორმაცია მიმდინარე წლის 30 ივლისიდან 23 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს და ისრაელში დაფიქსირებულ კორონავირუსის მე-4 ტალღას ემთხვევა.
კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა 3-ჯერ აცრილი 728 321 ადამიანის მონაცემები შეადარეს იმავე რაოდენობის ჯგუფს, რომელში შემავალ პირებსაც მინიმუმ 5 თვით ადრე Pfizer-ის ვაქცინის მე-2 დოზა ჰქონდათ გაკეთებული, "ბუსტერი" კი ჯერ არა. ამ კატეგორიებში გაერთიანებული მოქალაქეები მეცნიერებმა ისე შეარჩიეს, რომ მათი ასაკი, სქესი, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და სხვა დეტალები მაქსიმალურად ერთნაირი ყოფილიყო.
ნაშრომის ავტორებმა დაადგინეს, რომ მე-3 ინექციიდან ერთ კვირაზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, COVID-19-ის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის რისკი 93 პროცენტით შემცირდა იმათთან შედარებით, ვინც პრეპარატი მხოლოდ 2-ჯერ მიიღო. "ბუსტერ" დოზამ პირველი ჯგუფი დაიცვა, როგორც დაავადების მძიმე ფორმისგან (92%), ასევე ინფიცირებისგან (88%), აშკარა სიმპტომებისგან (91%) და გარდაცვალებისგან (81%).
ერთი შეხედვით, შესაძლოა, სიკვდილისგან დაცვის პროცენტული მაჩვენებელი, სხვებთან შედარებით, დაბალი ჩანდეს, მაგრამ ეს ასე არაა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ პირველ კატეგორიაში მსხვერპლის რაოდენობამ მხოლოდ 7 შეადგინა, ცდომილება კი აქ იმეზე მეტია, ვიდრე ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში.
მკვლევრებს არ დაუკონკრეტებიათ, რამდენ ხანს გრძელდება ორგანიზმზე ვაქცინის დამატებითი დოზის მსგავსი გავლენა, თუმცა ზემოხსენებული შედეგები გვიჩვენებს, რომ ის კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტიანია.
კომენტარები