მაგნიტის გამოყენებით ტვინის სტიმულირებას დეპრესიის შემსუბუქება შეუძლია — კვლევა
ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში მომუშავე მეცნიერებმა დეპრესიის მქონე პაციენტების სამკურნალოდ ტვინის მაგნიტით სტიმულირების მეთოდი გამოცადეს, რამაც დადებითი შედეგი აჩვენა. ამის შესახებ ისინი გამოცემაში American Journal of Psychiatry გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომში საუბრობენ.
მათ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სტენფორდის ნეირომოდულაციური თერაპიის (SNT) შემდეგ, ცდისპირთა დაახლოებით 80 პროცენტს დეპრესიის სიმპტომები საგრძნობლად შეუმსუბუქდა. აღნიშნული მეთოდი ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის (rTMS) სახეცვლილი ფორმა გახლავთ, რომელიც სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით ტვინის მიმართულებით მაგნიტური პულსების გაშვებას გულისხმობს. ეს თავის ქალაზე დამაგრებული ელექტრომაგნიტური ხვეულების მეშვეობით ხერხდება.
ასევე, იხილეთ: ისტორიაში პირველად, დეპრესიის მქონე პაციენტს ტვინის იმპლანტით უმკურნალეს
მკურნალობის კურსი მხოლოდ 5 დღის განმავლობაში გრძელდება და თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებაზეა მორგებული. rTMS-ის შემთხვევაში, ამისთვის რამდენიმე კვირაა განსაზღვრული. მისგან განსხვავებით, SNT ნაკლებ დროს მოითხოვს, რადგან თერაპია მსგავსი ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულებების გათვალისწინებით ტარდება.
უკანასკნელი კვლევა ადრინდელ, მცირემასშტაბიან ცდაზეა დაფუძნებული, რომელიც გასულ წელს განხორციელდა. მაშინ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულირებამ დეპრესიით დაავადებულთა დიდ ნაწილში სიმპტომები შეამსუბუქა. კერძოდ, მათ მწვავე დეპრესიული ეპიზოდები და სუიციდური ფიქრები აღარ აღენიშნებოდათ.
ზემოხსენებულმა მეთოდმა 60 წლის ტომი ვან ბროკლინზეც გაამართლა. ის 2021 წლის სექტემბერში ჩაერთო უახლეს კვლევაში, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
"თერაპიის დადებითი გავლენა მესამე დღეს ვიგრძენი. მომდევნო დღეებში უკეთ და უკეთ ვხდებოდი. სექტემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, სახლში ვარ და ეს ეფექტი არ შესუსტებულა. ახლა თავს ბევრად კარგად ვგრძნობ, ნორმალურად მძინავს და სუიციდური ფიქრები აღარ მაწუხებს. ჩემს ცხოვრებასა და სამყაროს სულ სხვა თვალით ვუყურებ, პოზიტიურად", — აცხადებს ის.
სპეციალისტთა განცხადებით, უფრო ფართომასშტაბიანი ექსპერიმენტების ჩატარებაა საჭირო, სანამ SNT ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება, თუმცა პირველადი შედეგები დამაიმედებელია.
კომენტარები