დნმ-ის ანალიზით ინდიელთა ტომის ბელადის შვილთაშვილს მიაკვლიეს — მჯდომარე ხარის მემკვიდრე
მე-19 საუკუნის მკვიდრი ამერიკელი ლიდერის, მჯდომარე ხარის თმის ნიმუშით მეცნიერებმა მისი და სამხრეთ დაკოტაში მცხოვრები კაცის ნათესაობა დაადასტურეს.
მეცნიერებმა დნმ-ი მჯდომარე ხარის თმის პატარა ნიმუშიდან აიღეს, რომელიც ვაშინგტონში ინახებოდა, ანალიზის შედეგად კი დაადგინეს, რომ 73 წლის ერნი ლაპოინტი მისი შვილიშვილის შვილია. აღსანიშნავია ისიც, რომ ერნის სამი და ჰყავს.
ახალი მეთოდი საშუალებას გვაძლევს, დიდი ხნის წინ დაღუპულთა დნმ-ის ფრაგმენტებით ოჯახის გენეალოგია შევისწავლოთ და იმასაც გვპირდება, რომ შესაძლოა, სხვა ისტორიულ ფიგურათა მემკვიდრეებსაც მივაკვლიოთ.
"რაც თავი მახსოვს, ხალხს ჩვენს წინაპართან ჩვენი კავშირი მუდამ ეეჭვებოდა. რაც არ უნდა გააკეთო, ისინი ყველაფერზე ქმნიან პრობლემას და, ალბათ, ამ მიგნებებსაც ეჭვის თვალით შეხედავენ", — განაცხადა ლა პოინტმა Reuters-თან საუბრისას.
ახალი მეთოდი მეცნიერებმა შექმნეს, რომელთაც ესკე ვილერსლევი ხელმძღვანელობდა, ლუნდბეკის ფონდის გეოგენეტიკის ცენტრის დირექტორი. ტექნიკა თმიდან ამოღებულ გენეტიკურ ფრაგმენტებში არსებულ ავტოსომურ დნმ-ზეა დაფუძნებული, მის სრულყოფას კი 14 წელი დასჭირდა.
ვილერსლევის თქმით, იგი მჯდომარე ხარით ბავშვობიდანვე გახლდათ აღტაცებული და ლაპოინტს მისი სერვისები დაახლოებით 10 წლის წინ შესთავაზა. მემკვიდრეს მჯდომარე ხარის თმა 2007 წელს დაუბრუნა ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტმა.
თმის გადაცემამდე, ლაპოინტმა ვილერსლევს სთხოვა, რომ ისიც ჩართულიყო ცერემონიაში, რომელშიც შამანი და მედოლეები მონაწილეობდნენ და გალობდნენ. როგორც მეცნიერი AFP-სთან საუბრისას აცხადებს, აქ მჯდომარე ხარის "სულმა" კვლევა "დალოცა".
ლაპოინტმა თმის დიდი ნაწილი დაწვა — "სულის" ინსტრუქციების შესაბამისად — მკვლევრებს კი მხოლოდ 4 სანტიმეტრი დაუტოვა, რაც მაშინ ვილერსლევის რწმენით, სრულებით ავისმომასწავებელი გახლდათ. გუნდს ინოვაციური მეთოდის შექმნა სწორედ ამის გამო მოუწია.
მჯდომარე ხარი, რომლის ნამდვილი სახელიც ტატანკა-იოტაკა გახლდათ, 1500 მკვიდრ ამერიკელ მებრძოლს წინამძღოლობდა 1876 წელს ლიტლ-ბიგჰორნის ბრძლაში, სადაც შეერთებული შტატების გენერალი ჯორჯ კასტერი და მისი კავალერია გაანადგურეს.
იგი 1890 წელს გასროლით მოკლა აშშ-ის მთავრობისათვის მომუშავე "ინდიელთა პოლიციამ".
კომენტარები