"ყველაფერი, რაც სუნთქავს, უნდა დაიბადოს" — აბორტების სრული აკრძალვა აფხაზეთში
სტატია ქვეყნდება OC Media-სთან თანამშრომლობის ფარგლებში. ავტორები არიან ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც იყენებენ მათთვის მისაღებ ტერმინოლოგიას. მასალას ვაქვეყნებთ უცვლელად, თუმცა სტატიაში ნახსენებ ტერიტორიებს, რომლებიც მდებარეობს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, როგორც სახელმწიფო, ასევე On.ge-ს რედაქცია არ აღიარებს დამოუკიდებელ ერთეულებად. შესაბამისად, ადგილმდებარეობებსა და წოდებებთან მოიაზრება სიტყვები: "ოკუპირებული" და "დე-ფაქტო".
აბორტის აკრძალვის თემა აფხაზეთში კვლავ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ერთმა ქალმა სოციალურ ქსელში ნათესავის სიტუაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, სამედიცინო გართულებების მიუხედავად, მას ორსულობის შეწყვეტის უფლებას არ აძლევდნენ.
ნათესავის ისტორია ვიქტორია გულარიამ ოქტომბრის დასაწყისში ფეისბუქზე გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა მის ახლობელს უთხრეს, რომ ბავშვის სიკვდილი გარდაუვალი იყო, მას აბორტის გაკეთების უფლება არ მისცეს.
გინეკოლოგმა და ექოსკოპისტმა, სარიამ (სახელი შეცვლილია) OC Media-ს განუცხადა, რომ "ასეთ ბავშვს გადარჩენის შანსი არ აქვს".
"ჩვენ კიდევ ვაიძულებთ ამ ქალს, რომ მუცლით ატაროს", — დაამატა მან.
შობადობის გაზრდის მიზნით, აბორტები აფხაზეთში 2015 წლის დეკემბერში აიკრძალა. აღნიშნულმა საკანონმდებლო ცვლილებამ ქალთა უფლებებს დიდი დარტყმა მიაყენა. ერთადერთ გამონაკლისს მუცელში ნაყოფის სიკვდილი წარმოადგენს.
აბორტის აკრძალვის შესახებ კანონის ინიციატორი დეპუტატი საიდ ხარაზია იყო. ხარაზიამ აღნიშნული ინიციატივა რელიგიური მოტივით ახსნა და იმედოვნებდა, რომ ეს ცვლილება აფხაზეთში დემოგრაფიულ მდგომარეობას გააუმჯობესებდა.
"ყველაფერი, რაც სუნთქავს, უნდა დაიბადოს", — თქვა ხარაზიამ იმ აფხაზების აღშფოთების საპასუხოდ, რომლებიც კანონში გამონაკლისების შეტანას ითხოვდნენ, რათა აბორტები სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში მაინც დაეშვათ.
კონსტიტუციის მეორე თავში შეტანილი ცვლილება ამბობს, რომ "სახელმწიფო თანაბრად იცავს დედისა და არდაბადებული ბავშვის სიცოცხლეს".
2016 წლის თებერვალში იმდროინდელი პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას მიერ ხელმოწერილი ცვლილება შევიდა ჯანმრთელობის შესახებ კანონშიც, სადაც მუხლში "დედობის წახალისება" ნათქვამია, რომ "სახელმწიფო აღიარებს არდაბადებული ბავშვის სიცოცხლის უფლებას ჩასახვის მომენტიდან და კრძალავს ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას".
გაურკვეველი რჩება, რა სანქციებია გათვალისწინებული აბორტის გაკეთების შემთხვევაში. აფხაზეთის გენერალურ პროკურატურაში დასაქმებულმა პირმა OC Media-ს განუცხადა, რომ ქალს, რომელიც ორსულობას შეწყვეტს, 3-7 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით ("სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება") და რომ აღნიშნული ქმედება შეიძლება ასევე კვალიფიცირდეს როგორც მკვლელობა.
ასევე, ანონიმური წყაროს თანახმად, ექიმი, რომელიც გააკეთებს აბორტს, სასამართლოს წინაშე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით (უკანონო აბორტი) წარდგება, რაც ისჯება ჯარიმით 10 000-25 000 რუბლის (140-350 აშშ დოლარი) ოდენობით ან 2 წლამდე ვადით საზოგადოებრივი შრომით.
აქტივისტების უშედეგო ძალისხმევა
ვიქტორია გულარიამ, რომელმაც თავისი ნათესავის ისტორიაზე სოციალურ ქსელში ისაუბრა, ბოლოს პოსტი წაშალა.
როგორც აფხაზეთის ადამიანის უფლებათა კომისარმა, ასიდა შაკრილმა 7 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გულარიას ამის გაკეთება მუქარის შემდეგ მოუხდა.
შაკრილმა არ დაასახელა ადამინი, ვისგანაც მუქარა მომდინარეობდა, მაგრამ მიანიშნა, რომ ეს იყო ავტორიტეტის მქონე თანამდებობის პირი და მოუწოდა მთავრობას, ყურადღება მიექციათ მსგავსი ინციდენტებისთვის.
მან რუსეთში აბორტის გასაკეთებლად წასული ქალის გარდაცვალების ფაქტიც ახსენა. შაკრილის თქმით, ოპერაციით გამოწვეული გართულებების გამო, პაციენტი აფხაზეთში დაბრუნების დროს გარდაიცვალა.
სოჭის ერთ-ერთმა ექიმმა, რომელიც აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს აბორტს უტარებს, OC Media-ს განუცხადა, რომ ხშირ შემთხვევაში პაციენტებს ორსულობის შეწყვეტა სამედიცინო გართულებების გამო სურთ.
აბორტის აკრძალვის შესახებ კანონის შემოღებისთანავე, მის წინააღმდეგ ბრძოლა აფხაზეთის ქალთა ასოციაციამ დაიწყო. ასოციაციის თავმჯდომარემ, ნათელა აკაბამ არაერთხელ ისაუბრა საჯაროდ და კანონს ქალების მიმართ დისკრიმინაციული უწოდა.
ასოციაციამ აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართა პარლამენტს და მაშინდელ პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას, მაგრამ მათ მოთხოვნებს არც საკანონმდებლო და არც აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
აკაბას თქმით, პრობლემაა ისიც, რომ აბორტის შესახებ გადაწყვეტილება, ძირითადად, კაცებმა მიიღეს — ეს კი ხაზს უსვამს გენდერული ბალანსის არარსებობას აფხაზეთის პოლიტიკაში.
მისი თქმით, კაცებმა შობადობის გაზრდა დაისახეს მიზნად და გადაჭრის გზაც "კაცური" გამოდგა.
"ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება და დემოგრაფიული მდგომარეობა […] პრაქტიკულად არ შეცვლილა", — ამბობს აკაბა.
"ქალები აგრძელებენ არასასურველი ან მათი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ორსულობის შეწყვეტას, გადადიან მეზობელ ქვეყნებში ან აფხაზეთში არალეგალურ აბორტებს იკეთებენ".
როგორც აქტივისტები მოელოდნენ, აკრძალვის შემოღაბამ შობადობა არ გაზარდა — ის კვლავ სტაბილურად იკლებს.
აფხაზეთის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის თანახმად, 2014 წელს 2 004 ბავშვი დაიბადა, 2016 წელს კი (აკრძალვის შემოღებიდან ერთი წლის შემდეგ), 1 768-მდე შემცირდა. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კლების ტენდენცია გაგრძელდა — წელიწადში საშუალოდ მხოლოდ 1 545 ბავშვი იბადებოდა. ბოლო, 2019 წელს ხელმისაწვდომი სტატისტიკის მიხედვით, 1 274 ბავშვი დაიბადა.
"როგორც საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, აბორტის აკრძალვა შობადობის გაზრდას ხელს არ უწყობს. ასეთი აკრძალვების [შემოღებით] არალეგალური აბორტების რიცხვი იზრდება, რამაც შეიძლება ქალთა ჯანმრთელობაზე ცუდი გავლენა იქონიოს", — ამბობს აკაბა.
სტატია თავდაპირველად OC Media-ზე გამოქვეყნდა.
კომენტარები