ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სავალდებულო ვაქცინაციას არ ეთანხმება, ვინაიდან ფიქრობს, რომ ამას ბევრად უფრო ნეგატიური პროცესები მოჰყვება.

"ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, მიიღონ დროულად გადაწყვეტილება თავიანთი ჯანმრთელობის სასიკეთოდ და დაეხმარონ სახელმწიფოს ამ მძიმე პერიოდში, როდესაც ჩვენ წინ გვაქვს დასამარცხებელი პანდემია. სახელმწიფოს შესაძლებლობები ამ ეტაპისთვისაც, რა თქმა უნდა, არის უცვლელი, რაც გულისხმობს რეგულაციების დაცვის მკაცრ აღსრულებას. მნიშვნელოვანია, რომ გავააქტიუროთ ვაქცინაციის პროცესი. თქვენ იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ ვაქცინაციის მარათონი. შერჩეულია 50 სოფელი ამ ეტაპისთვის.

მე დარწმუნებული ვარ, რომ სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო ნეგატიური პროცესები, რომელიც პირიქით ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს, სწორედ აქედან გამომდინარე, არ ვეთანხმები და ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან", — ამბობს ის.

26 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 953, ხოლო გარდაიცვალა — 43 ადამიანი. ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 090 კვლევა ტესტით, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით — 35 647, ხოლო PCR-ით — 12 443.