ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ რეგულირების სააგენტომ მიიღო დავალება შევიდეს პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში და შეამოწმოს მისი მზაობა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პაციენტების მიღების უსაფრთხოების თაობაზე.

"რეგულირების სააგენტომ მიიღო დავალება, რის შედეგადაც ის დღეს შევა პენიტენციურ საავადმყოფოში და შეამოწმებს მის მზაობას არამხოლოდ პაციენტ სააკაშვილის, არამედ სხვა პაციენტების მიღების უსაფრთხოების თაობაზე.

რეკომენდირებული იყო დოპლერის გაკეთება პაციენტისთვის, რაც გუშინ შესრულდა და პაციენტს ამ მიმართულებით არ აღენიშნება არანაირი გართულება. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, კლინიკური დასაბუთება, რომ პაციენტს ეს ნამდვილად ესაჭიროება და მე გარწმუნებთ, რომ მას არ შეექმნება არცერთი სასიცოცხლო რისკი", — აცხადებს ტიკარაძე.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ რეგულირების სააგენტოს დაავალებდა ციხის კლინიკის შესწავლას. ეს გადაწყვეტილებას ტიკარაძემ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ახსნა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა 24 ოქტომბერს საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ არის აღჭურვილი იმ აპარატურით, რაც საჭიროა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისა და მკურნალობისთვის. მისი ინფორმაცით, ე.წ. ციხის საავადმყოფოში არ არის მაგნიტორეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატები, დოპლერი და ა.შ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა საჯაროდ მიმართეს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძეს და სთხოვეს განმარტება — არის თუ არა ე.წ. ციხის საავადმყოფო იმ ტიპის მულტიფუნქციური დაწესებულება, რომელიც განსაზღვრა კონსილიუმმა სააკაშვილის სამკურნალოდ. გარდა ამისა, გვარამია მიმართავს სახალხო დამცველს და შეისწავლოს, შეესაბამება თუ არა ე.წ. ციხის საავადმყოფო C კატეგორიის, მულტიფუნქციური კლინიკის სტანდარტებს.

იმავე დღეს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა შეისწავლეს მე-18 სამედიცინო დაწესებულება და განაცხადეს, რომ იგი სრულად არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს. ასევე, არსებობს რისკები ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაზეც.

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის დასკვნაში ფაქტობრივ შეცდომა იყო. კონკრეტულად, ბრეგაძის თქმით, ციხის საავადმყოფოში ექიმ-რეანიმატოლოგი არის.

სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ დასკვნაში წერია: "დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს".

ბრეგაძის ბრალდებას უპასუხა სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ. მისი თქმით, 24 ოქტომბერს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არავინ იცოდა, რომ იქ რეანიმატოლოგი ჰყავდათ.