კორონავირუსთან დაკავშირებული შეთქმულების თეორიების მომხრეებს ინფიცირების მეტი შანსი აქვთ
პანდემიის დაწყებისთანავე მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებულმა შეთქმულების არაერთმა თეორიამ იჩინა თავი, რამაც თავად ამ ინფექციასა და მის საწინააღმდეგო ვაქცინებზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებას შეუწყო ხელი. ამან მრავალი ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა, რომლებმაც იმუნიზაციაზე უარი განაცხადეს.
ნიდერლანდებში მდებარე ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა ახალი კვლევა სწორედ იმ საფრთხეებს ეხება, რომლებიც მსგავსი კონსპირაციული შეხედულებების მქონე ადამიანებს ემუქრებათ. ასევე, გვიჩვენებს, როგორ ცვლის ეს ამგვარი პირების ქცევას და რამდენად მოქმედებს ვირუსის მიმართ მათ მოწყვლადობაზე.
აღნიშნული საკითხის შესახებ მეტის გასაგებად, სპეციალისტებმა ნიდერლანდებში მცხოვრები 5 745 ადამიანი გამოჰკითხეს. თავდაპირველად, მათ მოსახლეობას კითხვები დაუსვეს იმის გასარკვევად, რამდენად ემხრობოდნენ ისინი COVID-19-ის შესახებ არსებულ შეთქმულების თეორიებს. მაგალითად, მოსაზრებას, რომ კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი ბიოიარაღია, რომ მისი მეშვეობით მოქალაქეებისთვის უფლებების წართმევას ან მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაფარვას ცდილობენ და ა.შ.
რამდენიმე თვის შემდეგ, გამოცემაში Psychological Medicine გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა იმავე ჯგუფს ჰკითხეს, გაიკეთეს თუ არა ამ დროის განმავლობაში კორონავირუსის ტესტი, პასუხი უარყოფითი იყო თუ დადებითი, რამდენად დაარღვიეს რეგულაციები და სხვა.
კვლევის შედეგების თანახმად, კონსპირაციული თეორიების მომხრეების მიერ კორონავირუსის ტესტის გაკეთება ნაკლებადაა მოსალოდნელი, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ინფიცირების საშიშროების წინაშე არ არიან. თუმცა, ანალიზის ჩაბარების შემთხვევაში, დიდი შანსია, რომ დადებითი პასუხი მიიღონ.
ამას მეცნიერები მათ ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებენ. შეგროვებული ინფორმაციის მიხედვით, ასეთი ადამიანები, შეზღუდვების მიუხედავად, სახლში მეტ სტუმარს იღებენ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც ხშირად დადიან, რაც ინფიცირების რისკს ზრდის.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მათი ანალიზი მოქალაქეთა მცირე რაოდენობას ეხება, ანუ არც ისეთი მასშტაბურია. თუმცა, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ შეთქმულების თეორიების დაჯერება ადამიანებს საფრთხეს ნამდვილად უქმნის.
კომენტარები