კოსმოსური რადიაცია მამრი თაგვების ტვინებს აზიანებს — კვლევა
ჯერ კიდევ 2019 წელს თაგვებზე კვლევა ჩატარდა, რომლის მიზანი იყო გაერკვია, თუ რა გავლენა აქვს შორეულ კოსმოსში მოგზაურობას ნერვულ სისტემაზე. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კოსმოსური რადიაციის ზემოქმედება ჰიპოკამპუსსა და პრეფრონტალურ ქერქში უჯრედული სიგნალების გადაცემას აფერხებს, რასაც დასწავლასა და მეხსიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებამდე მივყავართ. მკვლევრებმა ისიც შენიშნეს, რომ თაგვები შფოთვასთან მიმსგავსებულ ქცევასაც ამჟღავნებდნენ, რაც რადიაციის მიერ ამიგდალის შესაძლო დაზიანებაზე მეტყველებს.
ახალი კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა და აჩვენებს, რომ რადიაციის ზემოქმედების ქვეშ (ისეთივე, როგორსაც ასტრონავტები აწყდებიან ხოლმე შორეულ კოსმოსურ მისიებში) მოქცეული თაგვები შემდეგ სივრცული დასწავლის კუთხით დაბრკოლებებს აწყდებოდნენ. მეცნიერებმა ამის შესაფასებლად რამდენიმე ტესტი ჩაატარეს.
ერთ-ერთ მათგანში, მეცნიერებმა თაგვებს მღვრიე წყლის ქვეშ დამალული პლატფორმის ძებნა ასწავლეს. ამისათვის თაგვები მკვლევრებისგან მიღებულ ინსტრუქციებს უნდა დაჰყრდნობოდნენ, რომლებიც რადიაციასთან შეხვედრამდე მიეცათ.
შედეგებმა აჩვენა, რომ მამრობითი სქესის თაგვები საკონტროლო ჯგუფზე (ჯგუფზე, რომელიც რადიაციის ზემოქმედების ქვეშ არ მოუქცევიათ შედეგების სარწმუნოობის განსასაზღვრად) მეტ შეცდომას უშვებდნენ, მდედრობითი სქესის თაგვები კი — არა. მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ მიკროგლიის (ტვინში არსებული იმუნური უჯრედები) გამოლევისათვის შექმნილი სპეციალური საკვები მათ სივრცობრივი დასწავლის პრობლემებს არიდებდა თავიდან.
"კვლევა სხვა ნაშრომებთან თანხვედრაში მოდის და გვთავაზობს, რომ ასტრონავტებზე შორეულ კოსმოსში არსებული რადიაციის გავლენა უნდა ავწონ-დავწონოთ და ამის შესამსუბუქებელი საშუალებები ვიპოვოთ", — განაცხადა სუზანა როსიმ, კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარმა — "იგი იმასაც გვეუბნება, რომ ასტრონავტებს შეუძლიათ, მიკროგლიის შესამცირებლად უკვე გამოცდილი საშუალებები გამოიყენონ!".
საბოლოოდ, მკვლევრებმა იმ თაგვებისათვის დამახასიათებელი ბიომარკერიც ამოიცნეს, რომლებზეც რადიაცია ყველაზე მეტად ახდენდა უარყოფით გავლენას. ერთ დღეს შეიძლება სწორედ ამის საშუალებით შეაფასონ, თუ რომელი ასტრონავტისათვის უფრო სახიფათოა კოსმოსური რადიაცია.
კომენტარები