იუპიტერის თანამგზავრის ატმოსფეროში წყლის მუდმივი ორთქლის კვალს მიაგნეს — კვლევა
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ დედამიწის ორბიტაზე გაშვებულმა ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა იუპიტერის თანამგზავრ ევროპის ატმოსფეროში წყლის ორთქლის კვალი დააფიქსირა. რაც მთავარია, ის ციური სხეულის ზედაპირისგან მოშორებით მუდმივად არსებობს.
ცნობილია, რომ ევროპის ყინულოვანი გარსის ქვეშ უზარმაზარი ოკეანეა, რომელშიც, შესაძლოა, სიცოცხლის ნიშნებს მივაგნოთ. წყლის ორთქლი იქ ადრეც შეუნიშნავთ, თუმცა ეს ყინულიდან ამოფრქვეული მძლავრი გეიზერებით აიხსნება, რის შედეგადაც ატმოსფეროს მცირე მონაკვეთში აირის ღრუბელი ჩნდება და მალევე ქრება.
გამოცემაში Geophysical Research Letter გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ 1999-დან 2015 წლამდე მოპოვებული მონაცემების ანალიზმა დაახლოებით იმავე რაოდენობის ორთქლის არსებობა გამოავლინა, რომელიც უფრო ფართო არეალშია გაფანტული. ის იუპიტერის თანამგზავრის მხოლოდ ერთ ნახევარსფეროში ფიქსირდება. ეს უკანასკნელი ევროპის ის ნაწილია, რომელიც პლანეტის პირდაპირ არასდროს ექცევა.
ეს აღმოჩენა შვედეთის სამეფო ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერს ეკუთვნის, რომელმაც ჰაბლის კოსმოსურ ტელესკოპზე დამონტაჟებული სპექტროგრაფის მიერ გადაღებული სპექტრული სურათები შეისწავლა. მან ყურადღება ჟანგბადის კონცენტრაციაზე გაამახვილა, რადგან ის წყლის შემადგენელი აუცილებელი კომპონენტია. სპეციალისტმა ამ ელემენტს იქ მართლაც მიაკვლია და ჩატარებული გამოთვლებით დაასკვნა, რომ ევროპის ერთ ნახევარსფეროში წყლის ორთქლი მუდმივად გვხვდება.
ეს მიგნება მსგავსი ყინულოვანი ციური სხეულების და თავად იუპიტერის ბუნებრივი თანამზგავრების შესახებ მეტის გაგებაში, ასევე, სამომავლო პლანეტათაშორისი მისიების უკეთ დაგეგმვაში დაგვეხმარება.
კომენტარები