კოსმოსში ხანგრძლივი მოგზაურობა ადამიანის ტვინის დაზიანების რისკს ზრდის — კვლევა
ადამიანები არც ისე დიდი ხანია კოსმოსში ვმოგზაურობთ, შესაბამისად, მეცნიერები ახლა არკვევენ, რა გავლენა აქვს ამას ჩვენს ჯანმრთელობაზე. მათ შორის არიან გერმანიაში მდებარე მიუნხენის უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტები, რომლებმაც 5 კოსმონავტის სისხლის ანალიზი შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ტვინის დაზიანებაზე მიმანიშნებელი რამდენიმე ბიომარკერის კონცენტრაცია გაზრდილი იყო.
მათი ბიოლოგიური ნიმუშები დედამიწის ორბიტაზე მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე საშულოდ 169 დღის გასატარებლად გამგზავრებამდე და უკან დაბრუნების შემდეგ იყო აღებული. ამან მკვლევრებს ზემოხსენებული მაჩვენებლების შედარების საშუალება მისცა.
გამოცემაში JAMA Neurology გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორები აცხადებენ, რომ ეს კოსმოსური ფრენის შემდგომ ტვინის უჯრედების დაზიანების მტკიცებულების სისხლის ანალიზით მოპოვების პირველი შემთხვევაა. მათი აზრით, ეს საკითხი უფრო ღრმა გამოკვლევას საჭიროებს, რადგან მსგავსი მისიები მომავალში გახშირდება.
ასევე, იხილეთ: მარსზე 4 წელზე მეტი დროის გატარება ადამიანებისთვის მომაკვდინებელია — კვლევა
მეცნიერთა მიერ შესწავლილი ბიომარკერები გახლავთ ნეიროფილამენტის მსუბუქი ჯაჭვი, გლიურ-ფიბრილარული მჟავე ცილა, ბეტა ამილოიდი და ტაუ-ცილა. ISS-ზე ხანგრძლივმა ყოფნამ პირველი სამის მომატება გამოიწვია.
ჯერჯერობით უცნობია, კოსმონავტების ტვინის კონკრეტულად რა ნაწილი დაზიანდა, თუმცა ჩამოთვლილი ბიომარკერები ნევროლოგიურ აშლილობასთან ასოცირდებიან. მკვლევართა თქმით, ამ საკითხზე მეტის გასაგებად ბევრი ადამიანის მონაცემებია საჭირო, რომელთა მიღებაშიც კოსმოსში არსებული პირობების დედამიწაზე სიმულირება დაგვეხმარება.
კომენტარები