კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერები კოლეგებთან ერთად აცხადებენ, რომ წითელ პლანეტაზე 4 წელზე მეტი დროის გატარების შემთხვევაში, ადამიანებს სიკვდილი ემუქრებათ. ამის მიზეზად ისინი კოსმოსური ნაწილაკების რადიაციას ასახელებენ, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი დიდხანს ვერ გაუძლებს. აღნიშნული საკითხის შესახებ მათი ახალი კვლევა გამოცემაში Space Weather გამოქვეყნდა.

მარსის კოლონისტებისთვის უმთავრეს საფრთხეს ჩვენი მზისგან, შორეული ვარსკვლავებისგან და გალაქტიკებისგან მომავალი, სწრაფად მოძრავი სუბატომური ნაწილაკები წარმოადგენენ. მართალია, ამ უკანასკნელისგან დედამიწის მაგნიტოსფერო გვიცავს, თუმცა კოსმოსში განხორციელებული ხანგრძლივი მისიების განმავლობაში ეს ასე არ იქნება, რაც ასტრონავტებს სერიოზული საშიშროების წინაშე დააყენებს. მკვლევრები ამას ადამიანებსა თუ კოსმოსურ ხომალდებზე რადიაციის გავლენის მაჩვენებელი მოდელებისა და გეოფიზიკური მონაცემების შეჯერების შედეგად ასკვნიან.

ფოტო: FORBES

ნაშრომის ავტორთა თქმით, იმისათვის, რომ მსხვერპლი ავიცილოთ თავიდან, წითელ პლანეტაზე გაგზავნილმა ადამიანებმა იქ 4 წელზე ნაკლები დრო უნდა გაატარონ. მაშინაც კი, თუ მათ საგანგებოდ აღჭურვილი ხომალდი იცავს. ასევე, ისინი მარსზე მზის მაქსიმალური აქტიურობის პერიოდში უნდა გაფრინდნენ, როცა ჩვენი მნათობი ყველაზე სახიფათო ნაწილაკებს მიმართულებას უცვლის. მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, მეზობელ ციურ სხეულზე წასვლა და უკან დაბრუნება 2 წელიწადშია შესაძლებელი.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათი მიგნება კოსმოსური მისიების სწორად დაგეგმვაში დაგვეხმარება. შეგახსენებთ, რომ ჩინეთი მარსზე ასტრონავტების გაშვებას 2030-იან წლებში აპირებს, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის რაკეტის Starship პირველი ფრენა კი უფრო ადრე, 2024 წელსაა ჩანიშნული.