შორეული ვარსკვლავებისგან მომავალი რადიოსიგნალები პოტენციურ ეგზოპლანეტებზე მიანიშნებს
ნიდერლანდებში მდებარე ლეიდენის უნივერსიტეტსა და ავსტრალიის ქვინსლენდის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერები კოლეგებთან ერთად უმძლავრესი რადიოტელესკოპის LOFAR მეშვეობით ეგზოპლანეტებს ეძებდნენ. ამ დროს მათ წითელი ჯუჯის ტიპის 19 შორეული ვარსკვლავისგან მომავალი სიგნალები დააფიქსირეს, რომელთაგანც 4 მნათობების გარშემო მოძრავი ციური სხეულების არსებობით აიხსნება.
ცნობილია, რომ ჩვენს მზის სისტემაში შემავალი პლანეტები რადიოტალღებს უმეტესწილად მაშინ უშვებენ, როცა მათი მაგნიტური ველი მზის ქართან ურთიერთქმედებს. აქამდე ასტრონომებს ამგვარ გამოსხივებაზე დაყრდნობით მხოლოდ ახლომდებარე ვარსკვლავების, აირის ღრუბლებისა და შავი ხვრელების აღმოჩენა შეეძლოთ. თუმცა, ამჯერად მათ საშუალება მიეცათ, რომ დიდი მანძილით დაშორებული მნათობებიც გამოეკვლიათ.
სპეციალისტებმა ყურადღება წითელ ჯუჯებზე გაამახვილეს, რომლებსაც მზეზე მცირე ზომა აქვთ, მაგრამ მაგნიტური აქტიურობით გამოირჩევიან, რის გამოც მარტივად შესამჩნევები არიან. მათთან ერთად მეცნიერებმა ამ მხრივ პასიურ, ძველ ობიექტებსაც მიაგნეს, რაც სრულიად მოულოდნელი იყო.
გამოცემებში Nature Astronomy და The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნებული ნაშრომების ავტორთა ვარაუდით, მსგავსი ვარსკვლავებისგან მომავალი რადიოსიგნალების წყარო, შესაძლოა, თითოეული მათგანის ირგვლივ ორბიტაზე განლაგებული ეგზოპლანეტა იყოს, რომელიც სხვა მხრივ ტელესკოპებისთვის უხილავია.
მნათობსა და ციურ სხეულს შორის ასეთი კავშირი დედამიწაზე პოლარულ ნათებას იწვევს, რის შედეგადაც გამოსხივება გამოიყოფა. იგივე ხდება იუპიტერისა და მისი ბუნებრივი თანამგზავრის, იოს შემთხვევაშიც, თუმცა ამ აირის გიგანტს ბევრად ძლიერი ელექტრომაგნიტური ემისია ახასიათებს.
მკვლევართა მიერ შექმნილი კომპიუტერული მოდელის მიხედვით, ახალაღმოჩენილი, პოტენციური ეგზოპლანეტების ცაზე გაჩენილი ნათება უფრო შთამბეჭდავი უნდა იყოს, რადგან სიგნალმა ჩვენამდეც კი მოაღწია.
ამის მიუხედავად, მათი არსებობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. იმედოვნებენ, რომ მომავალში ამ საკითხის შესახებ მეტ ინფორმაციას მოიპოვებენ.
კომენტარები