390 მილიონი წლის წინ მცხოვრებ ტრილობიტს თითო თვალში კიდევ რამდენიმე თვალი ჰქონდა — კვლევა
გაქვავებული ტრილობიტი, პირველად პალეონტოლოგებმა ნახევარი საუკუნის წინ შეისწავლეს, რამაც მეცნიერებს სამყაროს ხედვის სრულიად ახალი გზა დაანახა.
1970-იანი წლების დასაწყისში უძველესი ფეხსახსრიანების რენტგენის სხივებით შესწავლამ გამოავლინა თვალის სტრუქტურები, რომლებიც აქამდე არასდროს გვენახა.
სიმენსის რადიოლოგიის განყოფილების უფროსმა, ვილჰელმ შტურმერმა რენტგენის სხივებზე ბევრი რამ იცოდა და ის ამ საკითხით ჯერ კიდევ წლების წინ დაინტერესდა. რენტგენოლოგიაში ექსპერტობის მიუხედავად, შტურმერი არ იყო პალეონტოლოგი, ამიტომ ცოტამ მიიღო მისი მიგნებები სერიოზულად 390 მილიონი წლის წინანდელ ნამარხში ოპტიკური ნერვების აღმოჩენის შესახებ.
"იმ დროს, კონსენსუსი იყო, რომ მხოლოდ ძვლები და კბილები, ცოცხალი არსებების მყარი ნაწილები, შეიძლება შემონახულიყო, მაგრამ არა რბილი ნაწილები, როგორიცაა ნაწლავები ან ნერვები", — ამბობს კიოლნის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი ბრიჯიტ შონემანი.
ნერვების გარდა იყო "ბოჭკოების" განლაგება, რომელიც საოცრად ჰგავდა ფოტორეცეპტორულ უჯრედებს, სახელად ომატიდიას. ისინი უცნაურად, დაახლოებით 25-ჯერ დიდი იყო საკუთარ დიამეტრზე; ეს მეტისმეტად გრძელი იყო, რომ დამაჯერებლად მიეჩნიათ, როგორც სინათლის შემგროვებელი სტრუქტურა.
მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. დღეს პალეონტოლოგები თავისუფლად უშვებენ, რომ რბილი ქსოვილის სტრუქტურებს შეუძლიათ დატოვონ მკაფიო ხელწერა გაქვავებულ მასალაში. შესაბამისად, სუპერ-გრძელი ომატიდია მას შემდეგ აღმოაჩინეს წყლის ფეხსახსრიანების თვალში.
ამის გათვალისწინებით, ახალ კვლევაში შონემანი და მისი კოლეგები დაუბრუნდნენ შტურმერის თავდაპირველ სურათებს უფრო ახლოს. მას შემდეგ რაც ორჯერ გადაამოწმეს ნამარხი თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიით, მათ დაადგინეს, რომ ძაფები, რომლებიც შტრუმერმა შენიშნა, თითქმის ოპტიკური ნერვის ბოჭკოები იყო. რაც მნიშვნელოვანია, როგორც ჩანს, ის რაც ორი თვალი ეგონათ, რეალურად იყო ასობით, გაყოფილი მარცხენა და მარჯვენა მტევანზე.
"თითოეული ეს თვალი შედგებოდა დაახლოებით ერთ მილიმეტრამდე ზომის 200 ლინზისგან. თითოეული ამ ლინზის ქვეშ, თავის მხრივ, სულ მცირე კიდევ ექვსი "თვალია", რომელთაგან თითოეული კვლავ ქმნის შემდეგ სისტემებს. ასე რომ, ჩვენ მივიღეთ დაახლოებით 200 თვალი (თითოეული ერთი ლინზის ქვეშ) ერთ თვალში", — ამბობს შოენმანი.
ტრილობიტები ოკეანეებში ასობით მილიონი წელი დომინირებდნენ. ისინი პალეოზოური ეპოქის ცოცხალი ორგანიზმები იყვნენ და ლაყუჩებით მსუნთქავი ფეხსახსრიანების ერთ-ერთ კლასს წარმოადგენდნენ. მათი მოგრძო-ოვალური და სეგმენტირებული სხეული ღარებით გამიჯნული 3 ნაწილისაგან (თავი, მკერდი და მუცელი) შედგებოდა.
მათი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მახასიათებელი უპრეცედენტო სირთულის ვიზუალური სისტემა იყო. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე თვალსაზრისით მათი მხედველობა დიდად ვერ გამოირჩევა, იმ პერიოდისთვის მხედველობის ეს შესაძლებლობა მათ უამრავ უპირატესობას ანიჭებდა ნადირობასა და დამალვის შესაძლებლობაში. ისინი სიკაშკაშესაც ამჩნევდნენ და მოძრაობაში ცვლილებების უმნიშვნელო დეტალებსაც.
მიუხედავად იმისა, რომ მათი თვალის ანატომია მრავალი ფორმით იყო წარმოდგენილი, ყველაზე გავრცელებული სტრუქტურები ადვილად ამოსაცნობი იქნებოდა დღეს ზოოლოგთა უმეტესობისთვის. თანამედროვე მწერები და სხვა ფეხსახსრიანები მსგავს მხედველობის ფორმებს ახლაც იყენებენ.
თუმცა, ტრილობიტის თვალების მრავალფეროვნება პალეონტოლოგებს კვლავ აოცებს. მათ შემთხვევაში ცალი თვალი გვერდით მყოფისგან მცირე მანძილზეა დაშორებული და ტოვებს უამრავ ცარიელ ადგილს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მეტი შუქის მოსაპოვებლად. პალეონტოლოგებმა ახლა იციან, რომ ერთი ობიექტივი, ფაქტობრივად, ერთი რთული თვალია ორ "ჰიპერ-თვალში". ბიოლოგები ცდილობენ გაიგონ თუ რა სარგებელი უნდა ჰქონოდა ასობით პატარა თვალს დაბალ შუქზე ადაპტირებისას.
"შესაძლებელია, რომ თვალის ცალკეული კომპონენტები განსხვავებულ ფუნქციებს ასრულებდა, რაც, მაგალითად, კონტრასტის გაზრდას ან სხვადასხვა ფერის აღქმის შესაძლებლობას იძლევა", — ამბობს შოენმანი.
შტრუმერი ამას წლების წინაც ვარაუდობდა, თუმცა, სამწუხაროდ, რადიოლოგი 1980-იან წლებში გარდაიცვალა, დიდი ხნით ადრე, სანამ მის აღმოჩენას ოფიციალური სახე მიენიჭებოდა. ტრილობიტის მსგავსად, შტურმერიც თავისი შესაძლებლობებით აშკარად უსწრებდა თავის დროს.
კვლევა, რომელიც 390 მილიონი წლის წინანდელი ტრილობიტის უცნაურ მხედველობას სწავლობს ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები