მარსის ლანდშაფტი, შესაძლოა, კატასტროფულ წყალდიდობებს შეექმნა — კვლევა
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მარსი ცივი, მშრალი და უსიცოცხლო პლანეტაა, მეცნიერთა აზრით, ძველად იქ ტბები, მდინარეები, გუბურები, ნაკადულები, ზღვები და ოკეანეებიც კი არსებობდა. ამის ერთ-ერთი მთავარი დასტური ციური სხეულის ზედაპირზე ფორმირებული ხეობების ქსელია. აქამდე ჩატარებული კვლევების მიხედვით, ეს უზარმაზარი ჩაღრმავებები გაჩნდა პერიოდში, რომელიც 3.5-3.7 მილიარდი წლის წინ დასრულდა, თუმცა ახალი ჰიპოთეზა სხვა სცენარს გვთავაზობს.
აშშ-ში მდებარე ტექსასის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერები კოლეგებთან ერთად დაეყრდნენ ვარაუდს, რომლის მიხედვითაც წითელი პლანეტის 200-ზე მეტი კრატერი იმდენ წყალს იტევდა, რომ, შესაძლოა, გადმოეხეთქა და მასშტაბური წყალდიდობები გამოეწვია. მათი თქმით, არაა გამორიცხული, რომ ამის შედეგად კანიონები არა მხოლოდ კონკრეტულ არეალში, არამედ გლობალურადაც წარმოქმნილიყო.
სპეციალისტებმა მარსზე მდებარე იმ ხეობებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებიც მდინარეთა აქტიური დინების დროს გაჩნდნენ. კერძოდ, მკვლევრებმა უძველეს ტბათა აუზებთან ახლოს განლაგებული, მათზე ბევრად ღრმა კანიონები შეისწავლეს. შემდეგ კი ამ უკანასკნელთა ფორმისა და ზომის გათვალისწინებით, წყალდიდობების მასშტაბები გამოითვალეს.
აღმოჩნდა, რომ მსგავსი ღრმულების ფორმირებისთვის 57 000 კუბური კილომეტრი მოცულობის წყალი იქნებოდა საჭირო, რაც მარსის ხეობების მთლიანი მოცულობის 24 პროცენტს შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთ წარმონაქმნებს წითელი პლანეტის კანიონების სიგრძის მხოლოდ 3 პროცენტი უკავია.
გამოცემაში Nature გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა დაადგინეს, რომ ხეობების 1/4 მარსის ზედაპირზე ხანმოკლე გეოლოგიური პროცესის შედეგად, საკმაოდ სწრაფად გამოიკვეთა. ამისთვის მათ არა ასობით ათასი წელი, არამედ დღეები, თვეები ან რამდენიმე წელი დასჭირდათ.
უნდა ითქვას, რომ ტბების გადმოხეთქვამ დედამიწის განვითარებაზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია პლეისტოცენის ეპოქაში, როცა ყინულის საფარის ლღვობამ წყლის რეზერვუარების გადავსება განაპირობა. წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში არსებული ლანდშაფტი სწორედ ამ წყალდიდობებმა შექმნა.
მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ახალი მიგნება მარსის განვითარების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში დაგვეხმარება.
კომენტარები