ჰაერის დაბინძურების გამო, 2019 წელს ნაადრევი მშობიარობის 6 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა — კვლევა
აშშ-ში მდებარე კალიფორნიისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერთა კვლევის თანახმად, ჰაერის დაბინძურების გამო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 2019 წელს ნაადრევი მშობიარობის დაახლოებით 6 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა. არასაკმარისი წონის მქონე ახალდაბადებულთა რაოდენობამ კი თითქმის 3 მილიონი შეადგინა, რისი მიზეზიც ასევე ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების მაღალი კონცენტრაცია გახლავთ.
ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, რომ ჰარში არსებული PM2.5 ტიპის ნაწილაკების შესუნთქვა, რომელთა დიამეტრიც 2.5 მიკრომეტრზე ნაკლებია, ნაყოფისთვის საზიანოა და მის ნაადრევ დაბადებას იწვევს. ასეთია, მაგალითად, ჭვარტლი და ფერფლი. დადგენილია ისიც, რომ საშვილოსნოში არასრული დროის გატარება 5 წლამდე ბავშვების სიკვდილის მთავარი მიზეზია. ყველაზე დიდი რისკის ქვეშ დაბალშემოსავლიან ქვეყნებში მცხოვრები პატარები იმყოფებიან. ასეთ სახელმწიფოებში ახალშობილთა ნახევარი 2 თვით ადრე ჩნდება.
ამის შესახებ მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად, მეცნიერებმა გლობალური მასშტაბის კვლევა ჩაატარეს და 2019 წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემები შეაჯერეს. მათი მეტაანალიზი ორსულობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ინდიკატორს აერთიანებს, მათ შორის მშობიარობისას ნაყოფის განვითარების დონეს, წონას, ნაადრევ დაბადებას და ა.შ.
მიღებულმა შედეგებმა, რომლებიც გამოცემაში PLOS Medicine გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი, აჩვენა, რომ ამ მხრივ ყველაზე ცუდი სიტუაცია განვითარებად ქვეყნებშია. კერძოდ, ნაადრევი მშობიარობის შემთხვევებისა და დაბალწონიან ახალდაბადებულთა რიცხვი 78 პროცენტით შემცირდება, თუ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მინიმუმამდე დავა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და სუბსაჰარულ აფრიკაში. ამის მიუხედავად, სახარბიელო მდგომარეობა არც დანარჩენ მსოფლიოშია.
მავნე ეფექტების ორი მესამედი სახლის შიდა დაბინძურებითაა განპირობებული — უმეტესწილად, დამწვარი ნახშირის, განავლისა და ხის გამო. დანარჩენი კი გარეთ მიმდინარე ისეთ პროცესებს უკავშირდება, როგორიცაა წიაღისეული საწვავის გამოყენება, მანქანების გამონაბოლქვი და სხვა.
საქმე იმაში გახლავთ, რომ მომწამვლელი ნივთიერებები დედის სისხლში მოხვედრისას იმუნურ სისტემას ასუსტებენ, რაც პლაცენტაზეც უარყოფითად აისახება. ასევე, ჭვარტლის ნაწილაკებს ამ წარმონაქმნის ჩანასახოვან ნაწილში შეღწევაც შეუძლია, რაც ხშირად ანთებას და დნმ-ის ცვლილებას უდევს საფუძვლად.
ნაშრომის ავტორები აღნიშნავენ, რომ მათი მიგნება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს დაბინძურების შეჩერება, რაზეც რაც შეიძლება მალე უნდა ვიზრუნოთ.
კომენტარები