რა გავლენა აქვს მოწევას თქვენს ჯანმრთელობაზე — 5 მთავარი საფრთხე
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, თამბაქოს დღესდღეობით 1.3 მილიარდი ადამიანი მოიხმარს. სტატისტიკურად, ყოველწლიურად 8 მილიონი მწეველი კვდება, რომელთა უმეტესობის გარდაცვალების მიზეზი ამ მცენარისგან დამზადებული სიგარეტის პირდაპირი გამოყენებაა, ფატალური შემთხვევების ნაწილი კი მეორეული კვამლის შესუნთქვას უკავშირდება.
თამბაქო ჩვენთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმით მოვიხმართ მას. ის ყველაზე ხშირად სიგარეტის სახით გვხვდება და ალკალოიდ ნიკოტინს შეიცავს, რომელიც დამოკიდებულებას იწვევს. მოწევა უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს სხეულში არსებულ თითქმის ყველა ორგანოზე და სხვადასხვა დაავადების გაჩენის რისკს ზრდის. ასევე, საგრძნობლად ამწვავებს ჯანმრთელობის მდგომარეობის ისეთ გართულებებს, რომლებიც პაციენტებს მანამდეც აღენიშნებოდათ, თუმცა ბევრად მსუბუქი სიმპტომატიკით.
არაჯანსაღი კბილები, ადრეული მენოპაუზა, გაუარესებული მხედველობა, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაქვეითება, უმადობა, მუდმივი ხველა, სუსტი იმუნიტეტი, უნაყოფობა, დანაოჭებული კანი, სიყვითლე თითებზე — ეს იმ პრობლემების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელთა წინაშეც მწეველები დგანან. ამ სტატიაში სწორედ აღნიშნული საკითხის შესახებ ვისაუბრებთ და გაგაცნობთ მთავარ საფრთხეებს, რომლებიც მსგავსი მავნე ჩვევის მქონე ადამიანებს ემუქრებათ.
როგორ მოქმედებს მოწევა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე
თამბაქოს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ნიკოტინია, რომელსაც ერთბაშად მასტიმულირებელი ეფექტიც აქვს და დეპრესანტიც გახლავთ. ის ჩვენს ორგანიზმში პირველი ნაფაზისთანავე ხვდება, სისხლში შეიწოვება და ტვინამდე მისაღწევად სულ რამდენიმე წამი სჭირდება. ამის შემდეგ, ჩვენი სხეული ჰორმონ ადრენალინს გამოიმუშავებს, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას აღაგზნებს და სიამოვნებას გვგვრის, თუმცა დროთა განმავლობაში მასზე დამოკიდებულები ვხდებით.
ეს ალკალოიდი, ადრენალინის გარდა, ნეირონების მიერ ბეტა-ენდორფინის წარმოქმნასაც უწყობს ხელს. მსგავსი ოპიოიდური ნეიროპეპტიდები ტკივილს აყუჩებენ და გვადუნებენ. ცოტა ხანში მწეველს განწყობა ეცვლება და დაღლილობას გრძნობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მეტი ნიკოტინის მიღება სურს.
ეს სურვილი სიგარეტის ბოლო ღერის მოწევიდან დაახლოებით 30 წუთში იჩენს თავს. თუ ამ მოთხოვნილებას არ დავიკმაყოფილებთ და მავნე ჩვევაზე უარის თქმას გადავწყვეტთ, იწყება მთელი რიგი სიმპტომები, როგორიცაა ოფლიანობა, შფოთვა, თავის ტკივილი, უძილობა, გულისრევა, ხველა, წონის მატება და ა.შ. ამას ტვინში არსებული რეცეპტორები განაპირობებენ, თუმცა, როგორც წესი, ეს ყველაფერი ნელ-ნელა მსუბუქდება და 2-4 კვირაში ქრება, ზოგ შემთხვევაში კი მდგომარეობიდან გამოსვლას რამდენიმე თვეში ახერხებენ.
როგორ მოქმედებს მოწევა სასუნთქ სისტემაზე
სიგარეტი 600-მდე ნივთიერებას, ხოლო მისი კვამლი 7,000-ზე მეტ საშიშ ქიმიურ ნაერთსა თუ ელემენტს შეიცავს. ასეთია, მაგალითად, ბენზოლი, ამიაკი, ტყვია, წყალბადის ციანიდი, ფორმალდეჰიდი და სხვა. მათი უდიდესი ნაწილი მომწამვლელია და ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
ფილტვებში ჩაღწევისას ისინი ამ ორგანოზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ და მის ნორმალურ ფუნქციონირებას უშლიან ხელს. დროთა განმავლობაში საჰაერო ღრუები, ალვეოლები ნადგურდება, ბრონქები ძნელად იკუმშება და ფართოვდება, ჰაერგამტარი გზების გამყოფი კედლები სივდება, ლორწოს რაოდენობა კი იზრდება, რაც აირის ნაკადის თავისუფალ გადაადგილებას აფერხებს.
ეს სხვადასხვა ინფექციისა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გაჩენის რისკს ზრდის, რომელიც ბრონქების შეუქცევადი ან ნაწილობრივ შეუქცევადი სპაზმისა და შევიწროვების გამო ყალიბდება. ის ქრონიკული ბრონქიტის, ფილტვის ემფიზემის და ზოგჯერ ასთმის სახითაც ვლინდება. ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებს ჰაერის უკამრისობა აწუხებთ, მკერდის არეში დაჭიმულობას გრძნობენ, სუნთქვისას სტვენის ხმას გამოსცემენ, ტერფები უსივდებათ და წონაში იკლებენ.
როგორ მოქმედებს მოწევა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე
მოწევა ადამიანის მთლიან გულ-სისხლძარღვთა სისტემას უქმნის საფრთხეს. ნიკოტინის მიღებისას სისხლში ცხიმოვანი ნივთიერების, ტრიგლიცერიდის რაოდენობა იმატებს. ამასთანავე, ორგანიზმში დადებითად მოქმედი ქოლესტერინის, მაღალი სიმკვირივის ლიპოპროტეინის შემცველობა იკლებს.
იცვლება სისხლის სიბლანტეც, რის პარალელურადაც ძარღვები ვიწროვდება და მასში შენადედები ჩნდება. ეს ხშირად პერიფერიული არტერიების დაავადების და ინსულტის წინაპირობად იქცევა. თამბაქოს მოხმარება გულთან დაკავშირებულ პრობლემებსაც ართულებს ისეთ ადამიანებში, რომლებსაც აორტოკორონალური შემოვლითი შუნტირება აქვთ ჩატარებული, ინფარქტგადატანილები არიან ან სტენტი უდგათ.
როგორ მოქმედებს მოწევა საჭმლის მომნელებელ სისტემაზე
თამბაქოს კვამლის შემადგენელი 69 ქიმიური სუბსტანცია უშუალოდ სიმსივნის მაპროვოცირებლად მიიჩნევა. ისინი ბრონქებში სწორედ საჭმლის მომნელებელი სისტემის გავლით ჩადიან და მას აზიანებენ. ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ მოწევა ფილტვების სიმსივნეს იწვევს, თუმცა დიდი შანსია, რომ ის პირის, ყელის, ხორხისა და პანკრეასის კიბოს მიზეზადაც იქცეს.
მწეველების იმუნიტეტი დაქვეითებულია, ამიტომ მათ სხეულს სიმსივნურ უჯრედებთან ბრძოლა უჭირს. შესაბამისად, მსგავსი წარმონაქმნები ზომაში უფრო სწრაფად იზრდებიან და ახალ ადგილებში ვრცელდებიან.
შესაძლოა, ჰორმონ ინსულინის მიმართ რეზისტენტულობაც ჩამოყალიბდეს, რა დროსაც მის მოქმედებაზე უჯრედების მგრძნობელობა ქვეითდება. ეს მეორე ტიპის დიაბეტის რისკის წინაშე გვაყენებს.
როგორ მოქმედებს მოწევა ჩვენი სხეულის საფარველზე
ზემოხსენებული დაავადებებიდან ბევრია ისეთი, რომლის მიმდინარეობა ადრეულ ეტაპზე შეუმჩნეველია, თუმცა სიგარეტის მოწევა ჩვენზე აშკარა გარეგნულ კვალსაც ტოვებს. ძნელია, რომ ისინი გამოგვეპაროს, რადგან საუბარია სხულის საფარველზე, მაგალითად კანზე, რომლის სტრუქტურაც იცვლება. არაა გამორიცული, რომ ეს პროცესი კანის სიმსივნეში, კერძოდ კი ბრტყელუჯრედოვან კარცინომაში გადაიზარდოს.
თამბაქოს უარყოფითი გავლენა აისახება ხელის და ფეხის ფრჩხილებზეც, რომლებიც მოყვითალო ფერს იღებენ და სოკოვანი ინფექციების კერებად იქცევიან. ნიკოტინი თმოვანი საფარველის ხარისხსაც აფუჭებს და გამელოტებას, გაჭაღარავებასა თუ თმის ცვენას განაპირობებს.
ბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოწევამ, შესაძლოა, ადამიანის რეპროდუქციულ სისტემას და სექსუალობასაც ავნოს, რადგან ნიკოტინი გენიტალიების მიმდებარედ სისხლის მოძრაობას და საჭირო ჰორმონების გამომუშავებას უშლის ხელს.
ამით საფრთხეს ვუქმნით ჩვენს შვილებსაც. ის პირები, რომელთა მშობლებიც მწეველები არიან, სხვადასხვა დაავადების მიმართ მეტად მოწყვლადები ხდებიან. სიტუაციას ისიც ამწვავებს, რომ მათ ნაწილს მეორეული კვამლის შესუნთქვა უწევს. ყველაფრის მიუხედავად, ამ მავნე ჩვევისთვის უარის თქმა გვიანი არასდროსაა. შედეგად, ჩვენი ორგანიზმი ეტაპობრივად იწყებს გამოჯანსაღებას და დაზიანებული ქსოვილებისა თუ ფუნქციების აღდგენას, ხოლო რამდენიმე წელში სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმას უბრუნდება.
კომენტარები