გამოიყენებდა პლატონი ფეისბუქს? — სოციალური მედიის ძველბერძნული გზამკვლევი
დანამდვილებით ვერაფრით ვიტყვით, იაქტიურებდა თუ არა სოკრატე ან პლატონი ფეისბუქზე, ოცდამეერთე საუკუნეში რომ ეცხოვრათ. თუმცა ის კი შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ სოციალური მედიის ბრძნულად გამოყენებაზე ერთ-ორი სიტყვა ნამდვილად ექნებოდათ სათქმელი. მწერალი ნეითან დუფორი BBC-ის ამ სტატიაში სწორედ მსგავს ჰიპოთეზურ სცენარს წარმოიდგენს.
როცა სოციალურ მედიას ვიყენებ, ზოგჯერ მგონია, რომ რომელიმე ძველბერძნული ქალაქ-სახელმწიფოს აგორას თანამედროვე, ვირტუალურ ვერსიაში ვიმყოფები. აგორა ფიზიკურად ქალაქების შუაში განთავსებული მოედანი იყო, თუმცა მას ეკონომიკურად და სოციალურადაც ცენტრალური მნიშვნელობა ჰქონდა. ეს იყო ბიზნესის წარმოების ადგილი, სადაც პროდუქტები იყიდებოდა და იდეები იცვლებოდა.
იმას, რომ სოციალური მედია აგორად წარმომიდგება, კონკრეტული მიზეზები აქვს — ჩემი მოწოდება, და პროფესიაც, ისეთი (ზოგჯერ ფილოსოფიური) ვიდეომასალის შექმნაა, რომელსაც შემდეგ ინტერნეტის საშუალებით ვავრცელებ. ამგვარად, კარგია ეს თუ ცუდი, ის პლატფორმები, სადაც ჩემი შემოქმედებითი საქმიანობის შედეგებს გამოვფენ, თანამედროვე "ცენტრალური მოედანია".
თუმცა ამ სავაჭრო მოედნამდე მისასვლელი გზა განსაცდელებითაა სავსე — პიროვნულად, ფინანსურად და იდეოლოგიურადაც. ღირს ამ ადამიანთან საქმის დაჭერა? ვიყიდო ეს პროდუქტი? ვიყიდო ეს იდეა? და ჩემსას თუ იყიდის ვინმე?
არც აგორა ყოფილა მხოლოდ სავაჭრო მოედანი; ეს იყო სცენა, რომელზეც ყოველდღიური ყოფის დრამა თამაშდებოდა და ახალ-ახალი დისკურსები იქმნებოდა. და მართლაც, დღეს სხვა არცერთი ადგილი არ განასახიერებს მსგავს სივრცეს ისე ზედმიწევნით, როგორც სოციალური მედია.
მრავალი გაგებით, სწორედ ამგვარ საჯარო, ჭრელ და ქაოსურ სცენაზე იქმნებოდა და გამოიცდებოდა ძველბერძნული ფილოსოფია.
ფილოსოფიის ჩასახვისას ბერძნულენოვან სამყაროში აზრის წერილობით გადმოცემა ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო. ამგვარად, იდეები ხშირად საჯარო სივრცეებში სიტყვით გამოსვლის გზით ვრცელდებოდა. იქამდე დიდი ხნით ადრე, სანამ ფილოსოფოსები წიგნებისა და ესეების წერას დაიწყებდნენ, მათ თავიანთი ნააზრევი ისე უნდა გაეხმოვანებინათ, რომ შეკრებილი აუდიტორიის ყურადღება დაეპყროთ — იდეების გადმოცემაში ერთგვარი არტისტული ელემენტიც ერია.
სოკრატემდელი გავლენიანი ფილოსოფოსი, ქსენოფანე თავის იდეებს რაფსოდიათა შეჯიბრებებზე ახმოვანებდა. ეს იყო ერთგვარი "ფილოსოფიური რეპის" სტილის შერკინება, რომელში მონაწილე პოეტებიც სხვადასხვა ჯილდოსა და პოპულარობას იხვეჭდნენ. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ადრეული ფილოსოფოსები გამორჩეული თავისებურებების მქონე საჯარო ფიგურები იყვნენ. ემპედოკლე, რომლის სახელსაც ოთხი სტიქიის თეორიის შექმნა უკავშირდება, ექსტრავაგანტური საჯარო გამოსვლებითაც იყო ცნობილი. მას მხრებზე მეწამული მანტია ჰქონდა მოგდებული, წელზე ოქროსფერი ქამარი ეკეთა, ფეხებზე კი ბრინჯაოსფერი სანდლები ეცვა და საკუთარ თავს ხორცშესხმულ ღმერთს უწოდებდა.
თვითგამოხატვის ამგვარ გზებს ვიდეოს გადაღების შესაძლებლობაც რომ დამატებოდა, ფილოსოფოსებს "ვირუსული კონტენტის" შექმნის პოტენციალიც ექნებოდათ. მართლაც, გარკვეული გაგებით, ისინი თავიანთი დროის "ინფლუენსერები" იყვნენ, რადგან მათი ინტელექტუალური ავტორიტეტი არა მხოლოდ იდეების სიღრმეზე იდგა, არამედ, ამასთან, მჭევრმეტყველებაზე, გამორჩეულ იდენტობასა და საკულტო სტატუსზე, რომლის მოპოვებასაც მიზანმიმართულად ცდილობდნენ.
ყველაზე ცნობილმა ძველბერძენმა ფილოსოფოსმა თავისი იდეების გავრცელება ერთი სიტყვის დაწერის გარეშე მოახერხა. სოკრატე, როგორც გადმოცემით ვიცით, სახალხო შეკრების ადგილებში აბამდა ფილოსოფიურ დიალოგებს, რომელთა დროსაც სხვადასხვა საკითხზე ჭეშმარიტებად აღიარებულ მოსაზრებებს აცამტვერებდა. ამ გზით ის არა მხოლოდ თანამოქალაქეებს აქეზებდა, რომ კრიტიკულად ეაზროვნათ, არამედ მთავრობასაც აღიზიანებდა, რაც, საბოლოოდ, სიცოცხლის ფასადაც დაუჯდა. მისი შემოქმედება სიტყვიერი იყო და გამოხატვის ის ფორმა, რომელსაც სოკრატე ირჩევდა, ისეთივე მყისიერი, როგორიც ფეისბუქ პოსტი ან ტვიტია. სოკრატე ათენის ინტელექტუალური ცხოვრების სოციალური მედიის კომენტარებში დაბუდებული ვირტუოზული ტროლი გახლდათ.
სოკრატეს ნამოღვაწარმა ჩვენამდე მისი იმ მოწაფეების ნაწერების სახით მოაღწია, რომელთა შორის ყველაზე სახელგანთქმული პლატონი გახლავთ. გარკვეულწილად, სოკრატეს დიალოგები, რომელიც მთლიანი მომდევნო ფილოსოფიური ტრადიციის საფუძვლად იქცა, შეგვიძლია პროფესიული "ინფლუენსერის" გამხატვრულებულ ბიოგრაფიად წავიკითხოთ — სოკრატეს ტვიტების კრებულად, რომელშიც ავტორმა თვითნებური შესწორებები კი შეიტანა, თუმცა დედააზრის ერთგული დარჩა.
სოციალური მედიის ეპოქაში ჩვენ, რაღაც გაგებით, იმ მდგომარეობას ვუბრუნდებით, როცა მოაზროვნის ნააზრევის ღირებულება იმით განისაზღვრება, თუ რამდენად ეფექტურად ახერხებს ის მის გადმოცემას. ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ისაა, რომ თანამედროვე მოაზროვნეს ამ პერფორმანსის იმ მრავალჯერ გამოყენებად "მასალად" ქცევა შეუძლია, რომელიც შემოსავალსაც მოუტანს.
თანამედროვეობის ყველაზე გავლენიან ინტელექტუალების ნაწილს ეს გარემოება გაცნობიერებული აქვს. მაგალითად, ფსიქოლოგისა და იუთუბერის ჯორდან პიტერსონის და მკვლევრისა და პოდკასტერის ბრენე ბრაუნის სოციალური მედიის ანგარიშებს უამრავი გამომწერი ჰყავს და ისინიც ამ პლატფორმებს საკუთარი იდეების გასავრცელებლად წარმატებით იყენებენ. მართალია, მათგან ალბათ არცერთი დაახასიათებდა საკუთარ თავს ფილოსოფოსად, თუმცა ორივე მათგანი ისეთ ფილოსოფიურ ცნებებზე მსჯელობს, როგორებიცაა სიქველე, ბედნიერება და სწორად ცხოვრება. ამასთან, მათი ნააზრევი პოპულარული დისკურსის ნაწილი მას შემდეგ გახდა, რაც აკადემიიდან სოციალური მედიის სფეროში გადაინაცვლეს.
მაგრამ, როგორც ეს თანამედროვე "ინფორმაციული ომით დასტურდება, პლატონმა სწორად განჭვრიტა, რომ როცა სიბრძნის გაზიარების პერფორმატიულობის და ამ სიბრძნის ჭეშმარიტად ფლობის ერთმანეთისგან განსხვავება რთულდება, პრობლემები წარმოიშობა. დავუშვათ, თქვენ საოცრად დახელოვნებული ხართ "საინფორმაციო თამაშში" და წარმატებით შეგიძლიათ თქვენი იდეოლოგიური პროდუქტის ბაზარზე გაყიდვა; დავუშვათ, თქვენ სოციალური მედიის ექსპერტი ხართ — ნიშნავს ეს ავტომატურად იმას, რომ რაღაც ღირებული გაქვთ სათქმელი? პოპულარობა "ლაიქებით" შეიძლება გაიზომოს, აი, სიბრძნე კი — ნაკლებად.
ამ საშიშროების განჭვრეტის გამო პლატონმა მიზნად დაისახა, ნამდვილი ფილოსოფოსები და "სიბრძნის ჭეშმარიტი მოყვარულები" განერჩია სოფისტებისგან, რომელთა მოჩვენებით ინტელექტუალიზმს საფუძვლად გამორჩენის სურვილი ედო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მან გადაწყვიტა, კარგი "ინფლუესერები" ცუდებისგან გამოეცალკევებინა.
პლატონი სოკრატეს წარმოაჩენს ადამიანად, რომელიც ფსევდომორალისტებს დიდად არ სწყალობდა. ამგვარად, როგორც ჟურნალისტი ოლივია გოლდჰილი ასკვნის, ის იმავე აზრის იქნებოდა იმ ადამიანებზე, რომლებიც სოციალურ მედიაში ფარისევლურად მოუწოდებენ სხვებს სიკეთისა და სიქველისკენ. რაც უფრო მეტად გამოსჭვივის შენს პოსტებში თვითკმაყოფილება, მით მეტია შანსი, რომ საკუთარ მორალურ ნაკლთა აღქმა დაქვეითებული გქონდეს — ასეთი იქნებოდა სოკრატეს შეფასება.
თუმცა მაშინაც კი, როცა "ინფლუენსერი" გულწრფელად ეძებს ობიექტურ ჭეშმარიტებას, მაინც ჩნდება კითხვა იმაზე, თუ როგორაა მსგავსი სიმართლის პოვნა შესაძლებელი ან არსებობს თუ არა საერთოდ ის? ამგვარი კითხვები პლატონის მოღვაწეობის პერიოდშიც აქტუალური იყო. მაგალითად, სოფისტი პროტაგორა რელატივიზმის თეორიას ემხრობოდა, რომლის მიხედვითაც, რადგან ყველას აღქმა განსხვავებულია, თითოეული ჩვენგანი რეალობის სუბიექტური ხედვითაა შეზღუდული.
რთული არაა იმის დანახვა, როგორ მიესადაგება ეს თეზისი სოციალურ მედიაში ყოფნის გამოცდილებას. ჩვენ ხომ იქ ინფორმაციის შეუზღუდავი რაოდენობით ვართ გარემოცულნი, მაგრამ მაინც ჩვენს პირად ინფორმაციულ ვაკუუმში ვრჩებით და მათ ვუსმენთ, ვინც ჩვენს შეხედულებებს იზიარებენ.
პლატონი პროტაგორასეულ რელატივიზმს აკრიტიკებდა და ობიექტური ჭეშმარიტების განმსაზღვრელი კრიტერიუმის პოვნას უჭერდა მხარს. თავის სახელმწიფოში მან წარმოიდგინა იდეალური საზოგადოება, რომელსაც ფილოსოფოსი მართავს — ის, ვისაც შეუძლია, მრავალ მოსაზრებას შორის განჭვრიტოს სიმართლე.
იმისათვის, რომ სასურველი ინფორმაცია არასასურველისგან გავარჩიოთ, პლატონი ცენზურის აუცილებლობაზე საუბრობს, რაც ბევრისთვის სადავო გამოსავალია და სამართლიანადაც. სვონსის უნივერსიტეტს პროფესორი, ჯენი ჯენკინსი გადაჭრით ამბობს, რომ პლატონი თავისი ქალაქ-სახელმწიფოს მოქალაქეებს ფეისბუქის გამოყენების უფლებას არ მისცემდა. "ფეისბუქის მიზანი არაა მორალურობის წახალისება ან მისი მომხმარებლების განათლება", — წერს ის, — "ამიტომ მიმაჩნია, რომ თუნდაც მხოლოდ ამ მიზეზის გამო პლატონი მისი წინააღმდეგი იქნებოდა".
მეტიც, პლატონი მიიჩნევდა, რომ ზოგადად განათლება და გართობა მკაცრად რეგულირებული უნდა ყოფილიყო, რაც ხელოვნებას, ფაქტობრივად, ძარცვავდა დამოუკიდებლობისგან. თუ შემოქმედებითი საქმიანობა საზოგადოების კეთილდღეობას არ ემსახურებოდა, პლატონი მის აკრძალვას ემხრობოდა. მისეულ იდეალურ ქალაქში სრული ავტონომიურობის მქონე ერთადერთი შემოქმედი სახელმწიფოა და მის მიერ ნაწარმოები პროდუქტი იმ "სიქველის ფორმაა", რომელიც ფილოსოფიითაა განსაზღვრული.
ჩვენ სრულიად სამართლიანად შეიძლება შეგვაშფოთოს პლატონის ნააზრევის ამ ნაწილმა — მით უმეტეს, თუ იმ ქვეყნების გამოცდილებას გავიხსენებთ, სადაც ხელისუფლება ინტერნეტის ცენზურის პოლიტიკას აგრესიულად ატარებს. თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან, როცა ვაქცინების საწინააღმდეგო დეზინფორმაცია და პოლიტიკური განხეთქილებები სულ უფრო საშიშ ფორმას იღებს, ჩვენ შეგვიძლია ის მაინც განვსაზღვროთ, რის დასაცავად დასახა პლატონმა ასეთი რადიკალური გამოსავალი თავის ჰიპოთეზურ სახელმწიფოში.
მართლაც, დღეს, როცა დეზინფორმაციით ვართ გარემოცულნი, მრავალი ემხრობა მოსაზრებას, რომ თავად სოციალური მედიის პლატფორმებმა უნდა დაიწყონ სანდო ინფორმაციის ყალბისგან გამორჩევა. ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი კითხვა ის ხდება, ფლობენ თუ არა ამ პლატფორმათა მესვეურები "ჭეშმარიტი ფილოსოფოსისთვის" ნიშნეულ გამჭრიახობას. პლატონმა "ფილოსოფოსი-მეფე" წარმოიდგინა, მაგრამ შეგვიძლია, ეს არქეტიპი "ფილოსოფოს ადმინამდე" გავაფართოოთ? როგორც მათემატიკისა და მეტაფიზიკურ ფორმათა ქომაგი, პლატონი ალბათ უფრო "ფილოსოფოსი ალგორითმის" იდეას დაუჭერდა მხარს.
პლატონისთვის ყველა ამ პრობლემას საფუძვლად უფრო ღრმა, ისეთი ეპისტემოლოგიური საკითხები უდევს, როგორიცაა ჩვენი შესაძლებლობა, აღვიქვათ რეალობა და ჩავწვდეთ სიმართლეს. ამასთან, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ისიც, თუ რამდენად სანდოა დისკურსი, რომელიც ამ სიმართლეს ადგენს და ავრცელებს.
პლატონის დიალოგში, Phaedrus, გათამაშებულია ეგვიპტური მითი, რომელშიც მეფე თამუსი ღვთაება თოტს დამწერლობის გამოგონების გამო აკრიტიკებს. თოტმა კაცობრიობას დასახმარებლად აჩუქა დამწერლობა, თუმცა თამუსი წინასწარმეტყველებს, რომ ამ ძღვენს დამღუპველი შედეგი ექნება:
"ისინი მრავლის მსმენელნი შეიქმნებიან ისე, რომ ვერაფერს ისწავლიან; ისინი მრავლის მცოდნენი გამოჩნდებიან, თუმცა უმეტესწილად არარა ეცოდინებათ; და მათ გვერდით ყოფნა გაუსაძლისი გახდება, რადგან თავს ბრძენებად მიიჩნევენ მაშინ, როცა სიბრძნე არ ებადებათ".
ეს პასაჟი იმ ინფორმაციული ეპოქის კრიტიკასავით იკითხება, რომელიც საძიებო სისტემებით, მონაცემებზე მყისიერი წვდომით და სოციალური მედიის მომხმარებელთა უაპელაციო თვითდაჯერებულობით ხასიათდება. მართლაც, რთულია, ვერ შეამჩნიო ამ პლატფორმების მომხმარებელთა მოჩვენებითი ყოვლისმცოდნეობა და სუბიექტური მოსაზრებების ობიექტურ ჭეშმარიტებად გასაღების მუდმივი მცდელობები.
პლატონის თანახმად, ჩვენი შეგრძნებები არაადეკვატურად აღგვაქმევინებენ რეალობას და სინამდვილეში, ის რაც ნამდვილი გვგონია, უბრალოდ მისი ჩრდილია. ამგვარად, ის ფორმები, რომლებსაც ჩვენ ვქმნით — იქნება ეს ნახატი, ძეგლი ამბავი თუ ნებისმიერი სხვა სახის რეპრეზენტაცია — ჩრდილის ჩრდილია. ეს კი, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც ინტერნეტში ვდებთ, ჩრდილის ჩრდილის ჩრდილი ხდება, რადგან აზრთა ციფრული მიმოცვლისას ჩვენი ფიქრის ამ ნაყოფს გამუდმებით ცვლიან, მათზე აკომენტარებენ და ახალ-ახალ კონტექსტში სვამენ.
ამ ვირტუალურ სივრცეებში ჩვენც ჩვენი თავების ერთგვარ ჩრდილებად, ციფრულ რეპრეზენტაციებად ვიქცევით. ამასთან, ის, რასაც ინტერნეტში ვაქვეყნებთ, ჩვენი ფიზიკური იდენტობის მიღმაც აგრძელებს არსებობას და აღქმის ჩვენი ისედაც არასრულყოფილი ორგანოები ინფორმაციის იმ დაუსრულებელი ნაკადის ქვეშ ექცევა, რომლის ფორმასაც თავადვე ვარჩევთ.
და მართლაც, ფიზიკური აგორასგან განსხვავებით, სადაც შეკრებილი ხალხი ერთდროულად შეიძლება შეიყვანოს შეცდომაში სოფისტის ნააზრევმა, ვირტუალური აგორა ხალხის თითოეული წევრისთვის განსხვავებულია. ჩვენ თანამედროვე ფილოსოფოსებისა და სოფისტების სიბრძნეს "ერთიან სიმარტოვეში" ვისმენთ. თითოეული ჩვენგანი შეცდომაში უნიკალური გზით შედის, რაც რეალობის ჩვენეულ და კოლექტიურ აღქმას შორის დამატებით ფენას აჩენს. ამასთან, ჩვენ თავად ვართ ისინი, ვისაც ჩვენი პოსტების გამოქვეყნებითა და სხვების პოსტების გადაზიარებით ერთმანეთი შეცდომაში შეგვყავს და ასე სოფიზმები დაუსრულებლად ვრცელდება.
პლატონი სოკრატეს ერთადერთი მოწაფე არ ყოფილა. დიოგენე სინოპელი მისი სხვა მიმდევრების ტრადიციის გამგრძელებელი იყო. მას მიაჩნდა, რომ რადგან უმრავლესობისთვის სიქველე მიუღწეველია, ფილოსოფოსის დანიშნულება საზოგადოების მართვა და კონტროლი კი არ უნდა იყოს, არამედ ამ საზოგადოებისგან განდგომა და მისი გვერდიდან გამასხარავება.
დიოგენე ერთგვარი ფილოსოფოს-არტისტი იყო და შოკისმომგვრელი ქცევებით გამოირჩეოდა. ის ქუჩაში ცხოვრობდა და იქვე, საჯაროდ ისაქმებდა და მასტურბირებდა, გამვლელებს კი — რიგით მოქალაქეებსაც და გავლენიან პირებსაც — სარკასტულ კომენტარებს არ აკლებდა. ის თანამედროვე "ტროლის" პროტოტიპი გახლავთ — ვაი იმ ათენელს, რომლის პოსტის ქვეშაც ის დააკომენტარებდა.
ამგვარი ქცევებით მან "ძაღლისმაგვარის" და "ცინიკოსის" ეპითეტები დაიმსახურა. მისი ცინიკური ფილოსოფია სოციალური მედიის დისკურსის კიდევ ერთ მხარეს მოგვაგონებს, რომელიც დაუსრულებელი დაპირისპირებით, დაუნდობელი სატირითა და კრიტიკით ხასიათდება. მართლაც, კლასიკური გაგებით ცინიკოსისთვის ფეისბუქი, ინსტაგრამი თუ ტვიტერი იდეალური სამოღვაწეო სივრცეებია.
მაგრამ ცინიზმი სულაც არაა ერთადერთი შესაძლო პასუხი ადამიანური ქცევისა და კომუნიკაციის ნაკლებსა და სუსტ მხარეებზე. ჩვენ შეგვიძლია ასევე უძველესი ფილოსოფიური სკოლის, სტოიციზმის მსოფლმხედველობა დავიხმაროთ. სტოიკოსები მთლიან კოსმოსს ცოცხალ ორგანიზმად აღიქვამდნენ — იმ ერთიანობად, რომლის ნაწილებიც ვართ ჩვენ, ადამიანები. როგორც რაციონალური არსებები, ჩვენ გვაქვს უნარი, გავიაზროთ კოსმოსის რაციონალური ნება და მასთან შესაბამისობით ვიმოქმედოთ.
არის შანსი, რომ სტოიკოსებს — რომელთა რიგებში შედიოდნენ ყველა სოციალური ფენის და ეთნოსის წარმომადგენლები, მონებიც და თავისუფალი ადამიანებიც, ბერძნებიც და რომაელებიც — თუნდაც ამბივალენტური, მაგრამ გარკვეულწილად ოპტიმისტური შეხედულება ჰქონოდათ სოციალური მედიის მიერ შემოთავაზებულ შესაძლებლობებზე.
სანამ ეს ვირტუალური სივრცეები კავშირების დამყარების მექანიზმად რჩება, მათ ერთიანი საზოგადოების შექმნის დაჩქარების პოტენციალიც აქვთ — განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ პლატფორმათა მომხმარებლები კეთილსინდისიერად და საზიარო სარგებლისთვის ურთიერთობენ. ამგვარი ქცევა სულაც არაა უცხო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სოციალურ მედიას განათლების გასავრცელებლად, ადამიანის უფლებების დასაცავად და მენტალური თანადგომის შესათავაზებლად იყენებენ.
ასეთ დროის სტოიკოსი იკითხავდა, იყენებ თუ არა პლატფორმას იმ გაცნობიერებული მიზნით, რომ სამყაროსა და კაცობრიობას არგო? თუ ამ სივრცეში ეგოს დასაკმაყოფილებლად, გასართობად ან საკუთარი თავისგან გასაქცევად ხარ? თუ მეორეა სწორი პასუხი, მაშინ წაშალე შენი ანგარიშები.
მართლაც, როცა მე ჩემს "ფილოსოფიურ მასალას" ვაქვეყნებ, რა მოლოდინი მაქვს? მოწონებების, მიმდევრების და ნახვების დაგროვება მინდა თუ სიბრძნის გავრცელება იმის მიუხედავად, თუ როგორ მიიღებს მას აუდიტორია? იქნებ, ეს ორი მიზეზი თანაარსებობს? იქნებ, სოციალური მედიით წახალისებული განდიდების სურვილი მსგავს კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემას შეუძლებელს ხდის? და იქნებ, ინფორმაციულ თამაშში მონაწილეობა — ანტიკურ ხანაშიც და თანამედროვეობაშიც — ყოველთვის მოითხოვდა ამ ორგვარი სურვილების განუყოფლობას?
ჩვენი ახლანდელი დაკავშირებულობა ერთდროულადაა პროგრესის და დისფუნქციის წყარო; თვითგანადგურებისა და წარმატების წინაპირობა. მაგრამ ეს თვისებები ჩვენი თავშეყრის ადგილებისთვის ყოველთვის იყო დამახასიათებელი. ქალაქის მოედნები, აგორა, ხალხმრავალი სივრცეები ყოველთვის იყო ის ადგილი, სადაც, ჩვენდა სასიკეთოდ თუ საუბედუროდ, ვხვდებოდით ერთმანეთს და ერთმანეთის შეცნობით საკუთარ თავსაც შევიცნობდით.
კომენტარები