რატომ არ კარგავს პლატონის ნააზრევი აქტუალურობას
"მთლიანი დასავლური ფილოსოფია სხვა არაფერია, თუ არა პლატონის ნააზრევის სქოლიოების ერთობლიობა" , — წერს ბრიტანელი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი, ალფრედ ნორთ უაიტჰედი. გენიოსმა ბერძენმა ფილოსოფოსმა მოღვაწეობა სოკრატეს მიმდევრობით დაიწყო და მისი ნაშრომები უკვე 2 ათას წელზე მეტია, რაც დასავლური ცივილიზაციის ფილოსოფიური აზროვნების საფუძველს წარმოადგენს. პლატონის დიალოგები, სახელმწიფოს ჩათვლით, ფილოსოფიის შემსწავლელი ყველა სტუდენტისთვის აუცილებელ საკითხავ მასალად რჩება, ხოლო მის მიერ ათენში დაფუძნებულმა აკადემიამ თანამედროვე უნივერსიტეტის მოდელი შექმნა.
ამგვარად დღესაც საინტერესოა, ვინ იყოს ის.
კოლიტოსელი პლატონი დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 428 წელს, ათენის ოქროს ხანის მიწურულს დაიბადა. იგი სიყმაწვილეში შეხვდა სოკრატეს და აქტიური მიმდევარიც გახდა ამ პროვოკაციული ქუჩის ფილოსოფოსის, რომელიც პოლიტიკოსებსა და ხასებს ერთნაირად აბნევდა თავისი შეუბრალებელი შეკითხვებით. დღეს სწავლების ამ ფორმას სოკრატესეულ მეთოდს უწოდებენ.
პლატონი დაახლოებით ოცი წლის იყო, როდესაც ათენი სპარტას წინააღმდეგ გამართულ პელოპონესის ომში დამარცხდა. თავად მან ომში მოკლე დროით იმსახურა. პოლიტიკურ კარიერაში ძალების მოსინჯვისას პლატონს კორუმპირებულმა მმართველებმა და მისი გმირისა და მასწავლებლის, სოკრატეს სიკვდილით დასჯის ტრაგიკულმა ფაქტმა ამ სფეროსადმი გული აუცრუა. საბოლოოდ, ის იმ აზრამდე მივიდა, რომ მხოლოდ "სწორი ფილოსოფია" შეძლებდა სამართლიანობის უზრუნველყოფას და ადამიანთა ტანჯვისთვის წერტილის დასმას.
პლატონმა მთელი თავისი ენერგია განათლებისკენ მიმართა. იგი სწავლობდა პითაგორელი მათემატიკოსებისგან, მოგზაურობდა სიცილიაში, იტალიასა და ეგვიპტეში. 30 წელს გადაცილებული, ათენში დაბრუნდა და ღია ცის ქვეშ საკუთარი აკადემია დააარსა. ეს აკადემია კაცებთან ერთად ქალებისთვისაც ღია იყო და მან ბერძნულენოვანი სამყაროსგან საუკეთესო და ყველაზე ნათელი ტვინები — მათ შორის ახალგაზრდა არისტოტელეც — მიიზიდა მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო ფილოსოფიის შესასწავლად.
პლატონი არასდროს დაოჯახებულა და არც შვილები ჰყოლია. იგი 80 წელს გადაცილებული იყო, როცა გარდაიცვალა, თუმცა დღემდე განაგრძობს არსებობას თავის მიმზიდველ პროზასა და იმ დამაფიქრებელ შეკითხვებში, რომლებიც ოცდაათმა მახვილგონივრულმა და ტვინის გამავარჯიშებელმა დიალოგმა დაიტია.
რა იმალება დიალოგებში?
პლატონის ცალკეული დიალოგის წაკითხვა სპონტანური და ჩამთრევი საუბრისთვის ყურის დაგდებას ჰგავს. დიალოგები ინტელექტუალური დრამებივითაა აგებული, სადაც მთავარ როლს ხშირად სოკრატე ასრულებს. მათში ფილოსოფოსი გამოჯავრებით უსვამს შეკითხვებს და სძალავს პასუხებს ათენელებს და ამ გზით მარტივი ჭეშმარიტებების მოუხელთებლობას ააშკარავებს.
პლატონის ადრეული ნაშრომები მეტწილად ეფუძნება სოკრატესეულ ნააზრევს — ამ უკანაკსნელს საკუთარი ჩანაწერები არ დაუტოვებია. თუმცა უშუალოდ პლატონის იდეები უკვე მის შუა და გვიანდელ ნაშრომებში მჟღავნდება. სოკრატეს მსგავსად, პლატონიც მკითხველს თავს კი არ ახვევს საკუთარ ფილოსოფიას, არამედ არაპირდაპირ მიდგომას ამჯობინებს და მკითხველს ავალებს, წაკითხულიდან თავად გამოიტანოს დასკვნები.
"თავის დიალოგებში პლატონი არ ამბობს, აქ არის პასუხები, აქ კი მიზეზები — ჩემი ავტორიტეტულობის საფუძველზე ჭეშმარიტებად აღიარეთ ისინიო", — გვიხსნის ფილოსოფიის პროფესორი, ერიკ ბრაუნი, — "პლატონს სურს, ადამიანები შთააგონოს, თავად ჩაუღრმავდნენ და გაიაზრონ ფილოსოფია. დიალოგებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ისინი ბევრ შეკითხვას პასუხგაუცემლად ტოვებენ და ყველა საკითხს ნათელს არ ჰფენენ. ეს არის ერთ-ერთ მიზეზი იმისა, თუ რატომ ჰყავდა პლატონის შემოქმედებას საუკუნეების განმავლობაში ამდენი მკითხველი. იგი ადამიანებს ბევრ თავსატეხს უტოვებს, რაც ჩვენთვის შთაგონების წყაროდ იქცევა".
თუკი დავუშვებთ, რომ პლატონს ცენტრალური დოქტრინა აქვს, ის მისეულ "ფორმების" ცნებაში უნდა ვეძიოთ. ესაა იდეა, რომლის თანახმადაც, სამყარო, რომელსაც ჩვენი ფიზიკური შეგძნებებით ვწვდებით, ნაკლოვანია; თუმცა ამავდროულად განცალკევებით არსებობს სამყარო იდეალური, მარადიული ფორმებით, რომელთა ფიზიკურად აღქმაც ჩვენი შესაძლებლობების მიღმაა. ეს სრულყოფილი ფორმები ისეთი აბსტრაქტული იდეალებია, როგორებიცაა მშვენიერება, თანასწორობა, სათნოება, ყოფიერება და ცოდნა. ამ ფუნდამენტურ ფილოსოფიას პლატონიზმი ეწოდება.
"პლატონიზმის მიხედვით, არსებობს აბსტრაქტული ჭეშმარიტებები — მიზეზები და პრინციპები, რომლებსაც ფიზიკურად ვერ შეიგრძნობ, თუმცა ფიქრით კი აღიქვამ", — ამბობს ბრაუნი, — "და როდესაც ჩვენ მათ ვითავისებთ, უკეთ ვიაზრებთ სამყაროს საზრისს და კარგი ცხოვრების უკეთესი შანსი გვეძლევა".
ნადიმი და სახელმწიფო
პლატონის დიალოგთაგან მრავალი დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას. მაგალითად, ნადიმში განიხილება სიყვარულის თემა, მათ შორის, პლატონური სიყვარულიც (აღსანიშნავია, რომ თავად პლატონს ეს ტერმინი არასოდეს გამოუყენებია), რომელიც ბევრად უფრო მეტს მოიაზრებს, ვიდრე, უბრალოდ, არასექსუალური ურთიერთობაა. პლატონი ერთმანეთისგან განასხვავებს ღვთაებრივ და ვულგარულ ეროსს. ღვთაებრივი ეროსი სიყვარულია, რომელიც ფიზიკურ ლტოლვას სცდება, უმაღლეს მშვენიერებას აღწევს და ადამიანებს სულიერ ღირებულებებზე აფიქრებს. კიდევ ერთი დიალოგი, ფედონი, კი სულის ბუნებას იკვლევს. თუმცა პლატონის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, უდავოდ, სახელმწიფოა.
"სახელმწიფო უამრავ მნიშვნელოვან საკითხს ეხება", — ამბობს ბრაუნი, — "თქვენ ცოტას პლატონისეულ პოლიტიკურ შეხედულებებზე იგებთ; ცოტას — სულის შესახებ; ცოტას იმაზეც, თუ რას ნიშნავს კარგი ცხოვრებით ცხოვრება და სამყაროს იდეის წვდომა; ან თუნდაც იმაზე, თუ რა არის ნამდვილი სწავლება და სწავლა".
სახელმწიფოში პლატონი ძალიან ბევრ გაბედულ წინადადებას აყენებს. მაგალითად, ის ამტკიცებს, რომ იდეალური ქალაქი უნდა იმართებოდეს კეთილშობილი კაცი და ქალი ფილოსოფოს-მეფეების კლასის მიერ. ბრაუნის აზრით, ამით პლატონი აშკარად იმას ცდილობს, რომ მკითხველები ფილოსოფიურ პაექრობაში გამოიწვიოს.
"სახელმწიფო ერთმნიშვნელოვნად იმისთვის დაიწერა, რომ პროვოკაციული ყოფილიყო", — ამტკიცებს ბრაუნი, — "თავად ის მოსაზრება კი, რომ არცერთი ქალაქი არ იქნება კარგად მართული, თუკი მას ფილოსოფოსი არ გაუძღვება, ნამდვილად ესქცენტრულია".
მღვიმის ალეგორია
სახელმწიფოში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და დღემდე ხშირად განხილული მონაკვეთი სოკრატესეული მღვიმის ალეგორიაა. ალეგორიის მიხედვით, ტყვეები დაბმულები არიან ბნელ გამოქვაბულში, რომელსაც მხოლოდ ცეცხლის მიმქრალი შუქი ანათებს. გარესამყაროს შესახებ მათი ერთადერთი ცოდნა მღვიმის კედლებზე მოთამაშე ჩრდილებსა და ექოდ მიღწეულ დანაწევრებულ საუბარს ეფუძნება.
ერთ-ერთი ტყვე თავის დახსნას მოახერხებს და აღმოაჩენს, რომ გამოქვაბულის გარეთ მთლიანი სამყარო არსებობს. თავდაპირველად მზის სიკაშკაშე მას თვალებს ჭრის, თუმცა ჭეშმარიტების ცოდნა ამ ტკივილად ნამდვილად უღირს. როდესაც იგი მღვიმეში ბრუნდება და ტყვეებს გათვისუფლებას სთავაზობს, ეს უკანასკნელები შეჩვეულ ჩრდილთა რაობის ახლებურ ახსნას მასხრად იგდებენ და მის მოკვლას გადაწყვეტენ.
ამ შემთხვევაშიც პლატონი ჩვენი შეზღუდული აღქმის მიღმა არსებული ჭეშმარიტების ცნებას უბრუნდება. პროფესორ ბრაუნს სჯერა, რომ მღვიმის ალეგორია კონკრეტულად განათლების ნამდვილ ბუნებასა და მის ფუნქციებს ეხება.
"ჭეშმარიტი განათლების იდეა თავის ინფორმაციით გამოტენვაში კი არ მდგომარეობს, არამედ მისი მიზანი თქვენი სულის გარდაქმნა და ღირებულებების გადაფასებაა", — ამბობს ბრაუნი, — "პლატონის ხედვით, როდესაც თქვენ სამყაროს ზედაპირულად აღარ აღიქვამთ, როდესაც აღარ იზიარებთ სხვა ადამიანების შეხედულებებს ფასეულობებზე და სიღრმეებში იწყებთ ძიების პროცესს, სწორედ მაშინ იღებთ ჭეშმარიტ განათლებას".
პლატონის მემკვიდრეობა
პროფესორი ბრაუნი, რომელიც ვაშინგტონის უნივერსიტეტში ყოველ სემესტრში ასწავლის პლატონის მოძღვრებას, ამბობს, რომ სტუდენტები ამ დიალოგების წყალობით მუდმივად განაგრძობენ გონებრივ განვითარებას. ეს ნამუშევრები მკითხველებს აიძულებს, რამდენიმე ურთულეს შეკითხვას შეეჭიდონ — კერძოდ, კი დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორია შემეცნების ბუნება და როგორ უნდა ვიცხოვროთ.
"ის ისეთ შეკითხვებს სვამს, რომელთა დასმაც ჯერ კიდევ ღირს", — აცხადებს ბრაუნი, — "და, ამასთან, ის ამ კითხვებს ჩამთრევი და პროვოკაციული გზით სვამს, რაც დღემდე ერთ-ერთი საუკეთესო ლიტერატურული გამოხატულებაა იმისა, თუ როგორ უნდა შევეჭიდოთ ფილოსოფიას. ამ ორი მიზეზის გამო პლატონის ნააზრევი არასოდეს დაკარგავს ღირებულებას".
კომენტარები