NASA-ს ხომალდმა მარსზე უმძლავრესი მიწისძვრები დააფიქსირა
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ მარსზე გაშვებულმა ხომალდმა InSight იქ 3 უმძლავრესი მიწისძვრა დააფიქსირა.
ერთ-ერთის მომსწრე ის წითელ პლანეტაზე ყოფნის მე-1000 დღეს, მიმდინარე წლის 18 სექტემბერს გახდა. 4.2 მაგნიტუდის ბიძგის შედეგად, ჩვენი მეზობელი ციური სხეულის ზედაპირი დაახლობით 90 წუთის განმავლობაში ირყეოდა. დანარჩენი 2 მიწისძვრა, რომელთა მაგნიტუდაც 4.2 და 4.1 გახლდათ, მარსზე 1 თვით ადრე, 25 აგვისტოს მოხდა.
უკანასკნელი სეისმური აქტივობა სიმძლავრით 5-ჯერ აჭარბებს წინა რეკორდს, რომელიც 2019 წელს, Cerberus Fossae-ს სახელით ცნობილ რეგიონში აღინიშნა. ეს არეალი აპარატის ახლანდელი ადგილსამყოფლისგან 1 600 კილომეტრით არის დაშორებული. რაც შეეხება აგვისტოში დაფიქსირებულ ბიძგებს, მათგან ერთის ეპიცენტრი ხომალდისგან უფრო დიდ დისტანციაზე მდებარეობდა. კერძოდ, 4.2 მაგნიტუდის მიწისძვრა 8 500 კილომეტრში მოხდა, 4.1 მაგნიტუდის კი — 925 კილომეტრში.
რამდენიმე თვის წინ მარსი საკუთარ ელიფსურ ორბიტაზე გადაადგილებისას მზეს შედარებით ჩამოშორდა, რის გამოც InSight-ს მოუწია, სითბოს შენარჩუნებაზე თავად ეზრუნა, რათა ფუნქციონირება გაეგრძელებინა. პარალელურად, მისი მზის პანელები წითელ პლანეტაზე არსებულმა მტვერმა დაფარა. შედეგად, აპარატი საჭირო ენერგიას ვერ იღებდა. ქარმა მტვრის გაფანტვა ვერ შეძლო, ამიტომ საქმეში თავად ხომალდი ჩაერთო და მექანიკური ხელის დახმარებით, პანელებიდან მცირე ზომის ნაწილაკები მოიშორა.
ეს რომ არა, InSight-ზე დამონტაჟებული სეისმომეტრები მიწისძვრების შესახებ მონაცემების მოპოვებას ვერ შეძლებდნენ. შესაბამისად, მეცნიერებს მათი შესწავლის საშუალებაც არ ექნებოდათ.
მალე მარსი დედამიწის პერსპექტივიდან მზის უკან დაიმალება, რაც იქ განლაგებულ აპარატებთან კომუნიკაციაში შეგვიშლის ხელს. ამ მიზეზით, ხომალდისთვის ბრძანებების გაგზავნა 29 სექტემბერს შეწყდება, თუმცა სეისმომეტრები მუშაობას დამოუკიდებლად განაგრძობენ.
კომენტარები