კიდევ 10 რამ, რაც "ქართული ოცნების" პოლიტიკოსებმა უნდა ასწავლონ
სულ ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტში, ქართველოლოგიის პროგრამაზე, ლექციას წაიკითხავს. ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა, გასაკვირი არც არაფერია, საგანმანათლებლო საქმიანობა არა მხოლოდ ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის, არამედ პოლიტიკოსებისთვისაც პრიორიტეტული შეიძლება იყოს. ეჭვგარეშეა, ყოველი მათგანი შეძლებს, რომელიმე დისციპლინა წარმატებით ასწავლოს.
აი, მაგალითად...
1. თეა წულუკიანი — გენდერის კვლევები
სანამ თეა წულუკიანი კულტურის სფეროს, ლიტერატურული პროცესების გაჯანსაღებას და სადღეგრძელოების პოპულარიზაციას გადაიბარებდა, იგი წლების განმავლობაში იუსტიციის მინისტრი იყო და თავი განსაკუთრებით დაგვამახსოვრა გენდერულ საკითხებთან სიღრმისეული მიდგომით; იგი კითხვის ნიშნის ქვეშ სვამდა "მამაკაცის ორგანოების" მქონე ადამიანის "ქალად გატარების" საკითხს. შედეგად, იუსტიციის სამინისტრო დღემდე ტრანსგენდერი ადამიანების გენდერს სამართლებრივად მხოლოდ სქესის შეცვლის ოპერაციის ჩატარების შემდეგ აღიარებს. არადა, ეს პრაქტიკა არა მხოლოდ ადგილობრივმა ორგანიზაციებმა, არამედ გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმაც კი გააკრიტიკა.
თუმცა, რადგან გაეროს დამოუკიდებელ ექსპერტს ვერ მოვიწვევთ, სჯობს, გენდერის კვლევების სწავლებაც თეა წულუკიანს მივანდოთ.
2. ირაკლი კობახიძე — ცივილიზაციის სათავეებთან
ირაკლი კობახიძეს იურიდიული განათლება აქვს მიღებული და ამ მიმართულებით ამჟამადაც ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ერთ-ერთ უნივერსიტეტში. თუმცა, ბოლო ხანებში დაამტკიცა, რომ სულ თავისუფლად გაართმევს თავს, მაგალითად, არითმეტიკის სწავლებას.
ამის მიუხედავად, ალბათ უპრიანი იქნება, თუკი იგი თავის წვლილს შეიტანს ცივილიზებულობის სწავლებაში, რადგან, როგორც გვახსოვს, მისთვის ერთ-ერთი პრობლემური საკითხი პოლიტიკაში "გოიმობაა".
3. გია ვოლსკი — ინგლისური იდიომები
გია ვოლსკიმ ასევე არაერთხელ დაადასტურა, რომ მრავალი დისციპლინის სწავლებას გაართმევდა თავს. თუნდაც, ფსიქოლოგია — მან ხომ პირდაპირ განაცხადა, ბოკერიას ფსიქოტიპი არ მომწონსო. კლასიკური მუსიკისადმი მისი სიყვარული კი მიუთითებს, რაოდენ მრავალმხრივი და დახვეწილი ინტერესები აქვს პოლიტიკოსს.
ამის მიუხედავად, ყველაზე მეტად საკუთარი თავიც და ეს გამოთქმაც ვოლსკიმ მაშინ დაგვამახსოვრა, როცა ჟურნალისტთან საუბრისას ამერიკული აქცენტით განაცხადა, It's not our cup of tea-ო (საჩვენო რაღაც არ არისო). ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ინგლისური ენის ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილის, იდიომატური გამოთქმების, სწავლება მას ჩავაბაროთ.
4. ნათია თურნავა — გეოგრაფია
რასაკვირველია, ეკონომიკის მინისტრისთვის შეგვეძლო, პირდაპირ ეკონომიკის სწავლება ჩაგვებარებინა, თუმცა, რამდენიმე დღის წინ ნათია თურნავამ განაცხადა, "საქართველო სტაბილურობის, სიმშვიდისა და განვითარების კუნძულიაო". მართალია, ამ წინადადებაში ნაცნობი ქვეყნის სახელია, მსგავსი დახასიათების მქონე კუნძული ვერც პოლიტიკურ და ვერც ფიზიკურ რუკაზე ვერ მოიძებნა. ამიტომ, მხოლოდ ინტერესის მოსაკლავადაც ღირს ალბათ, ნათია თურნავას გეოგრაფიის თუნდაც ერთი გაკვეთილის ჩატარება ვთხოვოთ.
5. არჩილ თალაკვაძე — ქართული მუსიკა
სხვა საგნებისგან განსხვავებით, ხელოვნების სწავლება განსაკუთრებულ ესთეტიკურ მგრძნობელობას მოითხოვს, ამდენად, ბევრი ვიფიქრეთ, ვისთვის გვერჩია მუსიკის სწავლება — ელისო ბოლქვაძისთვის, რომელმაც პარლამენტში ბეთჰოვენისა და მოცარტის ჰანგების აჟღერება ითხოვა და რომელიც მანქანაში ბერას სიმღერას უსმენს ხოლმე თუ არჩილ თალაკვაძისთვის.
საბოლოოდ არჩევანი ამ უკანასკნელზე შევაჩერეთ, რადგან პრიორიტეტული ქართული მუსიკაა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს კი, როცა გაიგო, ოპოზიციის ლიდერები, ნაციონალური მოძრაობის ოფისში, ნიკა მელიას მხარდასაჭერად მივიდნენო, მაშინვე ცნობილი სიმღერა, ავადა ვარ, ავადა გაახსენდა, რაც ქართულ მუსიკაში მის განსწავლულობას ერთმნიშვნელოვნად ამტკიცებს.
6. ელისო ბოლქვაძე — სოციალური სამუშაო
აი, რაც შეეხება ელისო ბოლქვაძეს, მან არაერთი განცხადებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს, სოციალური სამუშაოს პრინციპები ასწავლოს. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სოციალური ფონი საფრანგეთში, მერე კი საერთოდ განაცხადა, ადამიანები პარიზშიც იქექებიან ნაგავშიო.
რაც მთავარია, ბოლქვაძის შემუშავებული პრინციპები მხოლოდ თეორიულ შესწავლას არ ითვალისწინებს. მაგალითად, იმის დასტურად, რომ "საქართველო მძლავრი ქვეყანაა" და აქ "არც ისეთი უბედურებაა, როგორც აფრიკის ქვეყნებში", მან აღნიშნა, სუპერმარკეტებში იმხელა რიგებია, ფულის გადახდასაც ვერ ვახერხებო.
ცხადია, უმჯობესია, სწავლება ფრანგულ ენაზე თუ წარიმართება.
7. კახა კუჭავა — ტურიზმი
ქართული ეკონომიკისათვის ტურიზმი უმნიშვნელოვანესი სექტორია, ამიტომ, განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ პარლამენტის თავჯდომარე ტურისტულ პოტენციალს ყველგან ხედავს: აბაშაში, ჩოხატაურში, ღებში... მოკლედ, ეჭვგარეშეა, რომ ტურიზმის სწავლება პოლიტიკოსებიდან მხოლოდ მას თუ შეიძლება ვანდოთ.
8. კახა კალაძე — PR და კომუნიკაცია
21-ე საუკუნეში თითქმის ვერცერთი საქმიანობის წარმოდგენა შეიძლება კარგად განვითარებული PR-ტექნოლოგიებისა და საკომუნიკაციო არხების გარეშე, ამიტომ, ამ საქმეში მცოდნესთან ერთად გამოცდილი პედაგოგია საჭირო.
თბილისის მოქმედ მერს ჟურნალისტმა ერთხელ ჰკითხა, რატომ დახარჯა მერიამ მის პიარში 11,5 მილიონი სამი წლის განმავლობაში. მანაც განაცხადა, "კახა კალაძეს პიარი არ სჭირდებაო".
ამასთან, კალაძისთვის მნიშვნელოვანია აქტიური და შედეგიანი კომუნიკაცია, რის გამოც, საერთაშორისოდ მიღებულ საინფორმაციო ნიშნებს — ხელის ჟესტებს — იყენებს. მაგალითად, 2019 წელს მან აქციაზე გავლისას შუა თითის ჩვენებით მიმართა — როგორც თავად ირწმუნება, არა მონაწილეებს, არამედ თავის მეგობარს.
სხვათა შორის, თბილისის მერი საკომუნიკაციოდ სოციალური მედიის არხებსაც იყენებს. გასულ წელს მან ფეისბუქზე სამი მედიის სისხლით დაფარული ლოგოები გამოაქვეყნა და მათ სახელებში "სიცრუე" ჩაამატა. ცოტა ხნის წინ კი კალაძე ტიკტოკსაც შემოუერთდა.
9. მამუკა მდინარაძე — სამართლის საფუძვლები
კობახიძის მსგავსად, იურიდიული განათლება აქვს მიღებული მამუკა მდინარაძესაც. თუმცა, მაშინ, როცა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და განაცხადა, რომ არ დაუბრუნებდა, მდინარაძემ ამას "პოლიტიკური აქტი" უწოდა და საერთოდ არ მიიჩნია მართლსაწინააღმდეგო ქმედებად. ეს კი ცალსახად მიუთითებს, ვინ შეიძლება სამართალი ასწავლოს.
10. ისევ ღარიბაშვილი — ეკონომიკის საფუძვლები
დაბოლოს — მართალია, საქართველოს პრემიერმინისტრი უკვე მიიწვიეს ქართველოლოგიის სასწავლებლად, მაინც გვგონია, რომ იგი ყველაზე უკეთ ეკონომიკის საფუძვლებში ერკვევა. ამის დასტურად მხოლოდ ის შეფასებაც კმარა, რომ ჩვენს ქვეყანაში "ეკონომიკა დუღს", ბიზნესს კი "სტაბილურობის განცდა აქვს".
კომენტარები