ცილა, სახელად "ზღარბი სონიკი", შესაძლოა, პარკინსონის მკურნალობაში დაგვეხმაროს
ამგვარი ნაკლებად რთული მეთოდის გამოჩენამ შესაძლოა, პარკინსონის მქონე პაციენტების ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალოს.
მეცნიერთა გუნდი აცხადებს, რომ პარკინსონის მკურნალობისა და პაციენტთა ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ შესაძლო მეთოდს მიაკვლიეს. ეს ყველაფერი ცილის დამსახურებაა, რომელსაც "ზღარბი სონიკი" ეწოდება, ვიდეოთამაშის პერსონაჟის პატივსაცემად.
პარკინსონის მქონე პაციენტების ტვინი ნეირონებს კარგავს, რომლებიც მოლეკულა დოფამინს წარმოქმნის. მკურნალობა დოფამინის სხვა მოლეკულით, ლევოდოპათი ( L-dopa) ჩანაცვლებას მოიცავს, თუმცა ამგვარი მიდგომა უნებლიე კანკალსაც იწვევს, რომელსაც ლევოდოპათი ინდუცირებული დისკინეზია (LID) ეწოდება.
ლევოდოპათი მკურნალობის მეთოდს თუ აგონისტებთან ერთად გამოვიყენებთ, რომლებიც ცილა "ზღარბი სონიკის"(Shh) აქტივობას ზრდის, როგორც ჩანს, უნებლიე კანკალსაც ავირიდებთ თავიდან. კვლევა ცხოველებზე ჩატარდა და ჟურნალ Communications Biology-ში გამოქვეყნდა ოთხშაბათს. იგი "ზღარბი სონიკის" აქამდე უცნობ, ნეიროტრანსმიტერის როლზე გვაწვდის ახალ ინფორმაციას და, შესაძლოა, პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტთათვის უკეთესი, მეტად ხელმისაწვდომი სამკურნალო მეთოდის შექმნაშიც დაგვეხმაროს — თუ, რა თქმა უნდა, ცხოველებზე ჩატარებული კვლევის შედეგების ადამიანებზე განზოგადება მოხერხდა.
ჩვეულებრივ, კანკალი ტვინის ღრმა სტიმულაციით ნეიტრალდება, ამიტომაც ნაკლებად რთული მეთოდის გამოჩენამ შესაძლოა, პარკინსონის მქონე პაციენტების ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალოს.
"ტვინის ღრმა სტიმულაცია ყველას არ ეხმარება. იგი ძალიან ინვაზიურია, ქირურგიული ოპერაცია კი ყველა პაციენტისთვის არ შეიძლება. ამავდროულად, პროცედურა ყველასთვის არაა ხელმისაწვდომი", — განაცხადა კვლევის თანაავტორმა, CUNY-ის სამედიცინო სკოლის პროფესორმა ანდრეას კოტმანმა.
"ზღარბი სონიკი", რომელსაც სხვა ცილა, სახელად "რობოტნიკინინი" თრგუნავს, ემბრიონებს ფორმირებაში ეხმარება, თუმცა მეცნიერებს ვერც კი წარმოედგინათ, რომ მას ნეიროტრანსმიტერის ფუნქციაც გააჩნდა. მათ აღმოაჩინეს, რომ იგივე დოპამინ-წარმომქმნელი ნეირონები, რომლებსაც პარკინსონი ხოცავს, Shh-საც წარმოქმნიდა. მეცნიერებმა გაიგეს, თუ როგორ შეიძლება, დაავადების მიერ მოსპობილი მეტი მოლეკულა ჩაანაცვლონ და აცხადებენ, რომ ახლა მეტი შანსი აქვთ, პარკინსონის მქონე პაციენტის ტვინი რაც შეიძლება ჯანსაღ, დაავადებამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნონ.
სამუშაო წინ კიდევ ბევრია, რადგან ამჟამინდელი კვლევა თაგვებსა და პრიმატებზე ჩატარდა. თუ თერაპიულ სარგებელზე სამომავლო კვლევებიც მიანიშნებს, შესაძლოა უკეთესი, მეტად ხელმისაწვდომი საშუალებაც ჩაგვივარდეს ხელთ ამ ნევროლოგიური მდგომარეობის სამკურნალოდ.
კომენტარები