სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, ENKA-ს მიერ ნამახვანჰესის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ საჭიროებს სამთავრობო უწყებების განმარტებას მისი შინაარსის, პირობებისა და ვადების შესახებ. ამის შესახებ ორგანიზაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

მათი შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ ნამახვანჰესის პროექტის კაბალური ხელშეკრულება შეწყდება, ეს იქნება მყარი სახალხო პროტესტისა და წინააღმდეგობის წარმატება, რაც უმნიშვნელოვანეს პრეცედენტს შექმნის მომავალში ამ ტიპის მოლაპარაკებების დახურულ კარს მიღმა წარმოების პრაქტიკის შესაცვლელად.

"საზოგადოებისთვის საჭიროა გაცხადდეს მთავრობის პოზიციაც იმასთან დაკავშირებით, ინარჩუნებს თუ არა ის ამ პროექტის განხორციელების ინტერესს და გეგმავს თუ არა ახალი ინვესტიციის მოზიდვას მისი დასრულებისთვის. პროექტზე გაცემული ნებართვები ისევ ძალაშია და მისი განხორციელების შესაძლებლობები კვლავაც არსებობს", — ვკითხულობთ განცხადებაში.

არასამთავრობოს თქმითვე, ნაადრევია შეფასება დავის საგანსა და მის შესაძლო შედეგებზე, მაგრამ მათი განცხადებით, აღნიშნულ დავაში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ნამახვანჰესის ხელშეკრულებისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შეფასების საკითხი მესამე, დამოუკიდებელი მხარის, ენერგოგაერთიანების მიერ.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს ენერგოგაერთიანების მიერ ორგანიზებული მედიაციის ფორმატი და წარმატებით დასრულდეს, როგორც ნამახვანის ხელშეკრულების ისე ნამახვანზე გაცემული დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების შეფასების პროცესი", — აღნიშნავენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.

ამასთან, მათი განცხადებით, აღნიშნულ საარბიტრაჟო დავაში განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება ყველა იმ სასამართლო დავის შედეგიც, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახელმწიფოს წინააღმდეგ წამოიწყეს.

"ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები არ ვგეგმავთ მშენებლობის ნებართვისა და გზშ გადაწყვეტილების შესახებ სასამართლოში წარდგენილი სარჩელების გამოთხოვას. ასევე, ჩვენი ორგანიზაცია არ შეწყვეტს დავას დაფარული ინფორმაციის გასაჯაროების მოთხოვნით საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების წინააღმდეგ", — ვკითხულობთ განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, პრობლემურად ნარჩუნდება ის საკითხიც, რომ მშენებლობის ინსპექტირებისას ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს რეაგირების გარეშე ჰქონდა დატოვებული ENKA-ს დარღვევები და არ აწარმოებდა ინსპექტირების ოქმებს.

დღეს, 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს და ნამახვანჰესს აღარ ააშენებს. აღნიშნული სტამბულის საფონდო ბირჟაზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

17 სექტემბერს ნამახვენჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა 3-თვიანი დახურული მოლაპარაკებების შემდეგ ხელისუფლებასთან მედიაციის პროცესი დატოვეს. მედიაცია პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მიმდინარეობდა. მთავრობამ ნამახვანჰესთან დაკავშირებულ დისკუსიებში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლის ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება 24 აპრილს გაასაჯაროვა.

რიონის ხეობის აქტივისტებისგან განსხვავებით, ნამახვანჰესის კასკადის აუცილებლობასა და წარმატებაზე საუბრობდა ხელისუფლება. ეკონომიკის სამინისტროს არაერთხელ განუცხადებია, რომ ეს პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ და უსაფრთხოებისკენ ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯია.

"ვალდებულებათა უმრავლესობა ეხება საქართველოს მთავრობას", "საჭიროა დამატებით შეფასდეს შესაბამისი უწყებების მიერ", "მოკლებულია ლოგიკურ საფუძველს" — ეს ფრაზები, რომელიც 25 მაისს გასაჯაროებულ დოკუმენტში იკითხება, სავარაუდოდ, იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს მთავრობას, კერძოდ კი ეკონომიკის მინისტრის მაშინდელ მოადგილეს, ნათია თურნავას მისწერა.

დოკუმენტი, რომელიც მთის ამბებმა გააასაჯაროა, 2019 წლის 30 მარტით არის დათარიღებული, ანუ ენკასა და მთავრობას შორის ხელშეკრულების გაფორმებამდე დაახლოებით 1 თვით ადრე და სწორედ ამ ხელშეკრულების მიზანშეწონილობას განიხილავს. კერძოდ, დოკუმენტი მოიცავს 22 პუნქტს, რომელშიც განხილულია ხელშეკრულებაში არსებული უზუსტობები და მუხლები, რომელიც სჯობს დაზუსტდეს ან შეიცვალოს.