მათემატიკოსების კვლევის მიხედვით, მუსიკა ისეთივე "გადამდებია", როგორც ვირუსი
პოპ მუსიკა ფართო მასებს იზიდავს და ის საზოგადოებაში მარტივად ვრცელდება. ახლა კი, ახალი კვლევის თანახმად, ადამიანები ერთმანეთს მუსიკალური გემოვნებით "ვაინფიცირებთ".
მათემატიკოსების თქმით, მუსიკის გადმოწერა და შემდეგ მისი გამოქვეყნება, ძალიან ჰგავს ინფექციურ დაავადებათა ეპიდემიურ მრუდებს. ხოლო ამ მხრივ ყველაზე "ინფექციური" ელექტრონული მუსიკაა.
დორა როსატიმ, კვლევის წამყვანმა ავტორმა, მათემატიკისა და სტატისტიკის სპეციალისტმა გადაწყვიტა მათემატიკის გამოყენებით გაერკვია თუ როგორ ხდება მუსიკა პოპულარული. მან და მისმა კოლეგებმა ამისთვის ისეთ მათემატიკური მოდელებს მიმართეს, რომლებიც ინფექციური დაავადებების გავრცელების შესასწავლად გამოიყენება.
მკვლევრებმა MixRadio-დან გადმოწერილი 1.4 მილიარდი ინდივიდუალური მუსიკა აქციეს მონაცემებად. ამის შემდეგ, 2007-2014 წლებში გადმოწერილი 1000 მუსიკალურ ნაწარმოებზე ფოკუსირდნენ და მათი გავრცელება/გადმოწერის ტენდენცია SIR მოდელით გააანალიზეს — ამ მოდელით ანალიზდება ვირუსების გავრცელებაც.
კვლევამ, რომელიც Proceedings of the Royal Society A: Mathematical and Physical Sciences-ში გამოქვეყნდა, დაადგინა, რომ მოდელი ისევე კარგად მოერგო მუსიკის ჩამოტვირთვა/გავრცელების ტენდენციების აღწერილობას, როგორც ეს იყო მოსახლეობაში დაავადების გავრცელების აღწერისას.
"ეს ნიშნავს, რომ ბევრი სოციალური პროცესი, რომელიც ხელს უწყობს დაავადების გავრცელებას, ან ამ პროცესების ანალოგიებს, ასევე შეიძლება იყოს მუსიკის გავრცელების მამოძრავებელი. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუსიკა და ინფექციური დაავადებები დამოკიდებულია სოციალურ კავშირებზე და ასე ვრცელდება", — ამბობს როსატი.
ამასთან, გუნდმა გამოთვალა გავრცელების "ძირითადი ნომერი" (R0) — დაავადების გავრცელების უნარის რეიტინგი.
კვლევამ აჩვენა, რომ მუსიკის გავრცელების რეიტინგი ჟანრების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება. მათ აღმოაჩინეს, რომ მეტალს ჰქონდა ყველაზე დაბალი საშუალო R0 ქულა — 2,8. მაშინ როდესაც ელექტრონულ მუსიკას ყველაზე მაღალი რეიტინგი 3,43 აღმოჩნდა. ეს ციფრები იმაზე მეტყველებს, რომ ელექტრონული მუსიკა 190-ჯერ უფრო "გადამდებია", ვიდრე წითელა.
"დაავადებების გავრცელების ფორმები შეზღუდულია, მათ ფიზიკური ინტერაქცია სჭირდებათ, მაშინ როდესაც მუსიკას ეს არ ესაჭიროება. თქვენ შეიძლება გააზიაროთ ესა თუ ის სიმღერა და ამით მას უკვე ავრცელებთ“, — ამბობენ მკვლევრები.
"შესაძლოა ეს რიცხვები გვეუბნება, რომ ელექტრონული მუსიკის თაყვანისმცემლები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი მუსიკის გავრცელებისკენ, ან უშუალოდ სოციალურ ქსელებს ელექტრონული მუსიკა უფრო ერგება", — თქვა როსატიმ.
თუ მუსიკის პოპულარობას მართლაც განაპირობებს იგივე "გადამდები" პროცესები, როგორც დაავადებებს, ამ ცოდნას შეუძლია გახსნას ახალი გზები იმის პროგნოზირებისათვის, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავლის მუსიკა და რომელი ჟანრი იქნება უფრო პოპულარული.
"დღეს შეგვიძლია გამოვიყენოთ დაავადების გავრცელების მათემატიკური მოდელები, რათა ვისწავლოთ ისეთი შემთხვევები, როგორიცაა ინფიცირების გავრცელების სტატისტიკა, ეპიდემიის ზრდის პროცესი და რამდენ ხანს გაგრძელდება ეპიდემია. მომავალში ჩვენ შეგვეძლება გამოვიყენოთ იგივე მოდელები იმის გასარკვევად, თუ საშუალოდ რამდენ ხანს უსმენს ინდივიდი მუსიკას, რამდენი ადამიანი გადმოწერს მას და რამდენ ხანს შეიძლება პოპულარული იყოს ესა თუ ის მუსიკა", — ამბობენ მკვლევრები.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები