Nasdaq-ის ინდექსი — თუ გაინტერესებს, რა ხდება ბაზარზე
Nasdaq-ის დასახელებას ფინანსურ სამყაროში ორი რამ უკავშირდება: საფონდო ბირჟა, სადაც ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობენ და მისი სახელობის ინდექსი, რომელიც 2500-მდე აქციას აერთიანებს.
Nasdaq, ძირითადად, ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში არსებული კომპანიების მოძრაობას აკვირდება. ის ბაზრის მიმომხილველებისთვის დოუ ჯონსისა და S&P 500-ის ინდექსებთან ერთად ანალიზის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასაყრდენია.
იქიდან გამომდინარე, რომ Nasdaq-ში ტექნოლოგიური კომპანიების მაღალი კონცენტრაციაა, მისი ინდექსი ამ სექტორში არსებულ მდგომარეობას სრული სიცხადით აჩვენებს. სწორედ ამიტომ, მას ტექნოლოგიური ინდუსტრიის ბარომეტრსაც უწოდებენ ხოლმე.
ბირჟა და ინდექსი — ვის შეუძლია აქ მოხვედრა
საფონდო ბირჟა Nasdaq პირველ გლობალურ ელექტრონულ ბაზრად ითვლება. ის ფასიანი ქაღალდების დილერების ეროვნული ასოციაციის მიერ 1971 წელს დაარსდა და დღემდე ერთ-ერთი უმსხვილეს საფონდო ბირჟაა. იქიდან გამომდინარე, რომ Nasdaq თავიდანვე კომპიუტერული ტექნოლოგიების პროგრესზე იყო ორიენტირებული, ბირჟამ ამ მიმართულებით მომუშავე კომპანიები მალევე მიიზიდა. დღეს Nasdaq ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე უამრავ კომპანიას მოიცავს და ინდუსტრიაში ტენდენციების შეფასების მიზნით ინვესტორები სწორედ ამ ინდექსს აკვირდებიან.
მაგალითისთვის, როდესაც ელექტრონული მანქანების პიონერმა, ტესლამ საკუთარი კომპანიის აქციების გამოშვება გადაწყვიტა, მან სწორედ Nasdaq-ის საფონდო ბირჟას მიმართა. Nasdaq-ის ინდექსის ფორმირებაზე ისეთი კომპანიების აქციების მდგომარეობა მოქმედებს, როგორებიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Facebook, Alphabet და სხვა.
Nasdaq-ის ინდექსი იმ კომპანიების მიხედვით ითვლება, რომლებიც მისსავე საფონდო ბირჟაზე არიან წარმოდგენილნი. იმისათვის, რომ აღნიშნულ ინდექსში მოხვდეს, აქცია ექსკლუზიურად უნდა იყოს განთავსებული Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე. ამასთან, ეს უნდა იყოს ჩვეულებრივი აქცია, რადგან აქ არ დაიშვება პრივილეგირებული, გაცვლითი სავაჭრო ფონდებისა და სხვა მსგავსი სახის ფასიანი ქაღალდები. აქ შესაძლებელია მოხვდეს უცხო ქვეყნის (აშშ-სთვის) კომპანიის აქციებიც, რომელიც ფლობს შესაბამის სერტიფიკატს. ამასთან, ინდექსში დაიშვება უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანიების ფასიანი ქაღალდებიც.
როგორ მუშაობს Nasdaq-ის ინდექსი
როდესაც საფონდო ბირჟის რომელიმე სექტორში არსებული მდგომარეობა გაინტერესებთ, რამდენიმე კომპანიის საქმიანობის გაცნობა საკმარისი არაა — სწორედ ამისთვის არსებობს საფონდო ინდექსები და, მათ შორის, Nasdaq-ის ინდექსი. ეს მაჩვენებელი კონკრეტული ფორმულის საშუალებით გამოითვლება, რომლისთვისაც მასში შემავალი კომპანიების მონაცემები გამოიყენება.
რაც შეეხება ინდექსის დათვლის მეთოდოლოგიას, აქ ძირითადი აქცენტი კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციაზე კეთდება, ანუ კომპანიებს საკუთარი ზომის მიხედვით ერთგვარი წონა ენიჭებათ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმ კომპანიების აქციებს, რომლებსაც დიდი ღირებულება აქვთ, ინდექსის ფორმირებაში მეტი წვლილი შეაქვთ.
მაგალითად, აქციების ფასების ერთნაირად ცვლილების შემთხვევაში, Nasdaq-ში შემავალი ის კომპანია, რომელსაც 100 მილიარდის საბაზრო კაპიტალიზაცია აქვს 2-ჯერ მეტ გავლენას მოახდენს ინდექსის ფორმირებაზე, ვიდრე ფირმა, რომლის ზომაც 50 მილიარდით არის შეფასებული.
Nasdaq-ის ინდექსი მუდმივად განახლებადი მონაცემია, რომელიც აქციების ფასების ცვლილებასთან ერთად იცვლება. მას შემდეგ, რაც 16:00 საათზე საფონდო ბირჟა იხურება, სისტემას ზუსტად 16 წუთი სჭირდება იმისთვის, რომ დღის განმავლობაში ფასიანი ქაღალდების ვაჭრობის შედეგად მიღებული საბოლოო ინდექსი დაადგინოს.
რამდენი კომპანია შედის Nasdaq-ში
2021 წლის აპრილის მონაცემებით, Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე 3 097 აქცია იყო ნომინირებული. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ინდექსში ყველა მათგანი არ შედის. მაგალითად, ის აქციები, რომლებიც გაცვლით სავაჭრო ფონდებისგან შედგება.
როგორც ცნობილია, 2020 წლის მიწურულს ინდექსი 2 444 კომპანიის 2 485 აქციას აერთიანებდა. ეს იმიტომ, რომ ზოგიერთ კომპანია სხვადასხვა კლასის აქციებს უშვებს. შესაბამისად, ინდექსში თქვენ შესაძლებელია შეხვდეთ ერთი კომპანიის რამდენიმე აქციას.
იქიდან გამომდინარე, რომ Nasdaq-ის ინდექსი კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციით იწონება, ეს მაჩვენებელი მეტად წარმომადგენლობითია — აქ მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციები შედიან. მიუხედავად იმისა, რომ ინდექსში აქციების დიდი რიცხვია, მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითად გავლენას კომპანიების პირველი ათეული ახდენს.
Nasdaq 100 — კიდევ ერთი ინდექსი Nasdaq-სგან
არსებობს Nasdaq-ზე დაფუძნებული კიდევ ერთი ინდექსი, რომელსაც Nasdaq 100-ის სახელით მოიხსენიებენ. ის ხშირად ერევათ ძირითად ინდექსში, თუმცა მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებიც არსებობს.
Nasdaq 100 არაფინანსური კომპანიების 100 უმსხვილეს წარმომადგენელს აერთიანებს. აქ შემავალი კომპანიების აქციები ძირითადი ინდექსის 90%-ს შეადგენენ. შესაძლებელია ითქვას, რომ სწორედ ეს კომპანიები ქმნიან Nasdaq-ის ძირითად ბირთვს.
ვინ შეიძლება დააბანდოს ფული Nasdaq-ის ინდექსში?
უნდა აღინიშნოს, რომ ინვესტორებს ინდექსში ფულის ჩადების შესაძლებლობაც აქვთ. ამისთვის უნდა მოძებნონ ისეთი ინდექს ფონდი, რომელიც მათთვის სასურველ ინდექსს აკვირდება. მაგალითად, Fidelity-ს აქვს მსგავსი საინვესტიციო შეთავაზება, რომელიც ორმხრივ სავაჭრო და გაცვლით ფონდებში ფულის ჩადების შესაძლებლობას იძლევა — ის Nasdaq-ის ინდექსს აკვირდება.
საფონდო ბირჟის ინდექსებში ინვესტირება შესანიშნავი იდეაა მათთვის, ვისაც საკუთარი ფულადი სახსრების მართვისთვის საკმარისი დრო არ აქვს. ამასთან, ინდივიდუალური აქციებით შექმნილი პორტფელის მართვას შესაბამისი გამოცდილებაც სჭირდება. გასათვალისწინებელია, რომ ამგვარ ფონდებში ფულის დაბანდებისას ინვესტორები ეგრეთ წოდებულ ხარჯის განაკვეთს იხდიან, რომელიც ფონდის მართვისთვის მიემართება.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
გალტ & თაგარტი წამყვანი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რასაც Global Finance-ის მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.
კომენტარები