შესაძლოა, მეცნიერთა ახალი აღმოჩენით ალცჰაიმერის გამომწვევი მიზეზი დადგინდეს
კვლევა თაგვებზე ჩატარდა. ადამიანების შემთხვევაში იგივე მექანიზმის დადასტურება შესაძლოა, ალცჰაიმერთან ბრძოლაში დაგვეხმაროს.
მეცნიერები წლების განმავლობაში იკვლევდნენ, თუ როგორ შეიძლება ტვინში მომწამლავი მოლეკულების დაგროვებამ ალცჰაიმერის დაავადება გამოიწვიოს ან მის განვითარებას შეუწყოს ხელი. კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა იმის დადგენა, თუ რა იწვევს პროცესს, რომლის გამოც მოლეკულები დაგროვებას იწყებენ.
ახლახან კურტინის უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა განაცხადა, რომ ძირეული პრობლემა შესაძლოა, სისხლის მიმოქცევიდან მომწამლავი ნაერთის, სახელად ბეტა-ამილოიდის გაჟონვა იყოს. თაგვებზე ჩატარებული კვლევა ჟურნალ PLOS Biology-ში გამოქვეყნდა წინა კვირას. ჯერჯერობით უცნობია, ადამიანებშიც იგივე პროცესი მიმდინარეობს თუ არა, თუმცა შეიძლება, აღმოჩენა მეცნიერებს დაეხმაროს, ალცჰაიმერის დაავადების დასაწყისს ახალი ხერხით მიადევნონ თვალი და, იქნებ, ახალი პრევენციული საშუალებაც შექმნან.
"აქამდეც ვიცოდით, რომ ალცჰაიმერის მქონე ადამიანების ტვინში მომწამლავი ცილის ნალექის თანდათანობითი დაგროვება შეინიშნება, რომელსაც ბეტა-ამილოიდს უწოდებენ, თუმცა არ ვიცოდით, საიდან მოდის იგი ან ტვინში რატომ ილექება", — განაცხადა კვლევის მთავარმა ავტორმა, კურტინის მკვლევარმა ჯონ მამომ.
უფრო კონკრეტულად, გუნდმა აღმოაჩინა, რომ ბეტა-ამილოიდი — ნაერთი, რომელიც ალცჰაიმერით (იგი დემენციის დაწყებასთან ასოცირდება) დაავადებული ადამიანების ტვინში გროვდება — ტვინის გარეთ ფორმირდება, შემდეგ კი სისხლის მიმოქცევის სისტემის გავლით მოგზაურობს ლიპოპროტეინების დახმარებით.
ახალი კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ლიპოპროტეინებს გაჟონვა ახასიათებთ, რისი საშუალებითაც მომწამლავი ნაერთები ტვინამდე აღწევს და იქ იწყებს დაგროვებას. თაგვები, რომელთაც ამილოიდის წარმოქმნის უფრო მაღალი დონეები აღენიშნებოდათ, ტვინში ანთების უფრო მაღალი ხარისხიც აჩვენეს, რაც ნაერთსა და ნეიროდეგენერაციული დაავადების დაწყებას შორის კავშირზე მიუთითებს.
"გზა სისხლიდან ტვინამდე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ სისხლში ლიპოპროტეინ-ამილოიდის დონეების მართვას შევძლებთ და ტვინში მათ გაჟონვასაც ავირიდებთ თავიდან, შესაძლოა, ალცჰაიმერის დაავადების პრევენციისა და მეხსიერების დაკარგვის შენელებისთვის ახალი გზებიც გამოვნახოთ", — განაცხადა მამომ.
სანამ ალცჰაიმერის ახალ სამკურნალო საშუალებებზე წავა საუბარი, ჯერ იმის დადასტურებაა საჭირო, რომ ადამიანების ორგანიზმშიც იგივე კავშირები არსებობს. მამო პრესრელიზში იმაზეც საუბრობს, რომ კონკრეტულმა წამლებმა ან თუნდაც რაციონის ცვლილებებმა შესაძლოა, სისხლში ამილოიდის რაოდენობა შეამციროს და ალცჰაიმერის პრევენციას თუ არა, დაყოვნებას მაინც შეუწყოს ხელი, რაც საზარელ დაავადებასთან ბრძოლის საქმეში ნამდვილად დიდი სიახლეა.
კომენტარები