ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მომუშავე ორგანიზაციები და ასოციაციები სუს-იდან გამოჟონილ ინფორმაციასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მთავრობას მოუწოდებენ, გაანადგურონ არსებული ჩანაწერები და გამოიძიონ დანაშაული. ასევე, მათი განცხადებით, უწყებებმა უნდა გამოიძიონ ამ პრობლემის ფესვები და მოახდინონ ცვლილებები, რომელიც მომავალში ამგვარი ავთვისებიანი სისტემური ქმედებებისგან დაგვაზღვევს.

"საქართველოში მოქმედი ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე პროფესიული ასოციაციები გამოხატავენ შეშფოთებას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა ქვეყანაში ისმინება და შესაბამისად, არ არის დაცული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების — ფსიქოლოგიური კონსულტირების, ფსიქოთერაპიის, ფსიქიატრიული დახმარების უსაფრთხოება. ეს დიდ ზიანს აყენებს იმ ადამიანებს, ვინც დახმარებისთვის მიმართავს შესაბამის მომსახურებასა და სპეციალისტებს, და შესაძლოა ტრაგიკულ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ეს, ასევე, ზიანს აყენებს ზოგადად ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული დახმარების საქმეს, რამდენადაც ფსიქიკური ჯანმთელობის მომსახურების საბაზო ეთიკური წესების განხორციელებას შეუძლებელს ხდის. ეს არაჯანსაღი პრაქტიკა კონფლიქტშია კანონთან პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა და ზოგადად ადამიანის უფლებების კონვენციასთან", — აცხადებენ ორგანიზაციები.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • GSP საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება;
  • საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება;
  • GABP საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია;
  • საქართველოს იმდიარ საზოგადოება;
  • სუპერვიზიის და კონსულტირების საქართველოს საზოგადოება;
  • GIP გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში;
  • GCRT წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

19 სექტემბერს მთავარი არხის ეთერში გავიდა ინტერვიუ ადამიანთან, რომელიც ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი თანამშრომელია. ანონიმური პირის ინფორმაციით, სუს არამხოლოდ რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს, არამედ სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს, ჟურნალისტებს, ადვოკატებს, ფსიქოლოგებს, ექიმებს, ცესკოს, მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს უსმენს. მისივე თქმით, სუს-ში არსებობს ცალკეული დეპარტამენტები, რომლებიც არიან აღნიშნულ მიმართულებებზე პასუხისმგებელი.

ჩანაწერების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ავთენტურობას არც უარყოფს და არც ადასტურებს. უწყება აღნიშნავს, რომ მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას.

14 სექტემბერს საქმეზე გამოძიება პროკურატურამ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის მუხლით დაიწყო, 18 სექტემბერს კი დამატებით განცხადება გაავრცელა, სადაც მიუთითა, რომ გამოძიება ფარული მასალების შემდგენსა და მომპოვებლებსაც ეძებს. მათივე განცხადებით, სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებს გამოძიებით დადგენილ სერვერებზე მონაცემების შენახვისა და გამოთხოვის მიზნით მიმართეს.

გაიგეთ მეტი გავრცელებულ ჩანაწერებზე: