აშშ-ში ქალი 45-წუთიანი კლინიკური სიკვდილის შემდეგ გააცოცხლეს — იშვიათი სამედიცინო შემთხვევა
კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში ყოფნა ტვინზე კატასტროფულ ზეგავლენას ახდენს და სამუდამოდ აზიანებს მას, თუმცა ქალი სრულად გამოჯანმრთელდა.
ბალტიმორელ ბებიას, ქეთი პატენს, გულის შეტევა დაემართა და კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში 45 წუთი გაატარა. მიუხედავად ამისა, ინტენსიური გულ-ფილტვის რეანიმაციის (CPR) წყალობით მისი გაცოცხლება მოხერხდა. ქალმა სიცოცხლის მეორე შანსი მოიპოვა, ადგილობრივი ახალი ამბების სადგურები კი მოვლენას "სამედიცინო სასწაულად" მოიხსენიებენ.
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პატენი თითქმის სრულად გამოჯანმრთელდა, რაც მეტისმეტად იშვიათია. შესაძლოა, სატელევიზიო დრამებიდან ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩეთ, რომ CPR ხშირად წარმატებით სრულდება, თუმცა რეალობა საკმაოდ განსხვავებული და სასტიკია. 2018 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, გულ გაჩერებულ ადამიანთა მხოლოდ 10,6 პროცენტი ეწერება შემდგომში კლინიკიდან, თუმცა რიცხვები მდგომარეობის სირთულისა და დროის შუალედის მიხედვით მერყეობს.
"ძალიან მადლიერი ვარ, რომ ღმერთმა მეორე შანსი მომცა. უბრალოდ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვიქნები. ძალიან საშიშია, უკან დაბრუნება ცხოვრების მეორე შანსია", — განაცხადა პატენმა WJZ-TV-სთან საუბრისას.
იშვიათმა შემთხვევამ პატენის ექიმებიც გააოცა:
"არ ვამბობ, რომ არაფრის, მე პირიქით გიხდი მადლობას", — განაცხადა დოვ ფრანკელმა, პატენის ერთ-ერთმა ექიმმა დიდი ბალტიმორის სამედიცინო ცენტრში, — "შენ გვასწავლე, რას ნიშნავს, ცოცხლობდე. გვასწავლე, რას ნიშნავს, არ დანებდე".
მიუხედავად ამისა, მხოლოდ უკიდურესი უმცირესობაა პატენივით იღბლიანი.
"ხალხი CPR-ს, როგორც სასწაულს, ისე უყურებს, თუმცა იგი სხვაგვარი სამედიცინო ხელოვნებაა. ზუსტად არ ვიცი, რას აირჩევდნენ ადამიანები, მისი რეალური პროგნოზი რომ სცოდნოდათ", — ჯერ კიდევ 2018 წელს განაცხადა Reuters-თან საუბრისას ხუან-რუის გარსიამ, ტორეხონის საუნივერსიტეტო კლინიკიდან.
თუმცა საკმაოდ რეალურია შანსი იმისა, რომ სრულად ვერ გამოჯანმრთელდებით და ვერც ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდებით. კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში ყოფნა ტვინზე კატასტროფულ ზეგავლენას ახდენს და სამუდამოდ აზიანებს მას. თუმცა, იშვიათ შემთხვევებში ისეც ხდება ხოლმე, რომ გულისა და ფილტვის სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენის მცდელობა წარმატებით სრულდება.
კომენტარები