ჩინელი მეცნიერები მუშაობენ მარსის დრონზე, რომელიც ბგერაზე ხუთჯერ სწრაფად იფრენს
ის ბგერაზე ხუთჯერ უფრო სწრაფი იქნება, თუმცა მარსზე თუ დედამიწაზე, უცნობია
ჩინელმა მეცნიერებმა წამოაყენეს წინადადება, რომლის მიხედვითაც მათ სურთ, რომ შექმნან ზებგერითი ხომალდი, რომელიც სამომავლოდ მარსის კოლონიებსა და დედამიწას შორის იფრენს.
გუნდა შეიმუშავა კონცეპტი, რომლის მიხედვითაც ხომალდი სულ რაღაც 500 კილო იქნება და ის ბგერაზე ხუთჯერ სწრაფად ფრენას კრეისერულ სიმაღლეზე, 5000 მეტრზე შეძლებს — ინფორმაციას ამის შესახებ South China Morning Post ავრცელებს. თუმცა, ეს ყველაფერი შორეული მომავლის პერსპექტივაა და ასეთი საფრენი აპარატის შექმნას, თუ კი ოდესმე შეიქმნება, შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს.
"პირველი ზებგერითი ფრენა მარსამდე, შესაძლოა, მომდევნო 30 წლის განმავლობაში არ შესრულდეს, რადგან წინ ბევრი ტექნიკური წინაღობაა, რომელთა გადაჭრასაც წლები დასჭირდება — ამბობს ხუ ხუ, Beihang University-ს მკვლევარი და იმ გუნდის წევრი, რომელიც ხომალდის შექმნაზე მუშაობს
კიდევ ერთი სათუო საკითხი ხომალდის სიჩქარეა, ჩინელი მეცნიერების დაპირება ბუნდოვანია. მათ არ დაუკონკრეტებიათ სად შეძლებს ასეთი სიჩქარის განვითარებას ხომალდი, დედამიწაზე თუ მარსზე. NASA-ს მიხედვით, მარსზე ბგერის სიჩქარე 870 კილომეტრი საათშია, ხოლო დედამიწაზე 1 223.
ზებგერითი ხომალდის მიზანი მარსის პოტენციური კოლონიების დედამიწასთან დაკავშირება იქნება. ასეთი კოლონიები წესით მარსის ზედაპირზე გაფანტულად დაარსდება და მათ შორის გადაადგილებაც მნიშვნელოვანი იქნება.
ხუმ SCMP-ს განუცხადა, რომ "როდესაც ადამიანები დაიწყებენ მარსის კოლონიზაციას, დასახლებები პლანეტის სხვადასხვა ნაწილში აშენდება და იქნება მოთხოვნა შორ მანძილებზე ტრანსპორტირების".
ჩინელი მეცნიერების თქმით, ხომალდი საწვავად მაგნიუმს გამოიყენებს, რადგან მარსის ატმოსფეროს 96%-ს ნახშირბადის დიოქსიდი შეადგენს, ეს უკანასკნელი კი მაგნიუმს იდეალურად წვავს.
South China Morning Post-ის ცნობით, ჩინეთი იმედოვნებს, რომ ზებგერითი ხომალდის პირველი ფრენა 2045 წლისთვის შესრულდება.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები