ამერიკელ მეცნიერებს ბეწვიანი მამონტებისა და სპილოების ჰიბრიდების შექმნა სურთ
ამერიკელი გენეტიკოსის, ქიმიკოსისა და მოლეკულური ინჟინრის, ჯორჯ ჩარჩის მიერ ბიზნესმენ ბენ ლემთან ერთად დაფუძნებულ სტარტაპ Colossal-ს 4,000 წლის წინ გადაშენებული ბეწვიანი მამონტებისა და აზიური სპილოების ჰიბრიდების შემქნა სურს. ამისთვის კომპანიამ 15 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.
სტარტაპის მიზანია, მამონტები არქტიკის ტუნდრაში დააბრუნოს, თუმცა სხვა ფორმით. ამბიციურ პროექტში ჩართული ბიომეცნიერები გეგმავენ, რომ დღემდე კარგად შემორჩენილი მამონტის ნამარხებიდან ამოღებული გენეტიკური ინფორმაცია აზიური სპილოების დნმ-ის შესაცვლელად გამოიყენონ. შედეგად, ამ ცხოველებს ტანზე ხშირი ბეწვი გაეზრდებათ, მთელ სხეულში ცხიმის სქელი ფენები ექნებათ და ცივ კლიმატს უკეთ შეეგუებიან.
ამგვარ ემბრიონებს სუროგატი დედის ორგანიზმში გადანერგავენ ან ხელოვნურ საშვილოსნოში მოათავსებენ, თუმცა ამ უკანასკნელის ფუნქციური ანალოგი ჯერჯერობით არ არსებობს. კომპანიის დამფუძნებლები ვარაუდობენ, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, სპილოებისა და მამონტების პირველი ჰიბრიდები დაახლოებით 6 წელში გვეყოლება.
მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ამ გზით გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი აზიური სპილოების გადარჩენას შეძლებენ. მათი აზრით, არქტიკის ეკოსისტემაში მამონტების მახასიათებლების მქონე ცხოველთა გაჩენა აღნიშნულ რეგიოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი პრობლემების აღმოფხვრაშიც დაგვეხმარება. მაგალითად, ისინი ხეებს წააქცევენ, რაც ბალახოვანი არეალის აღდგენას შეუწყობს ხელს.
ამ იდეას მეცნიერული საზოგადოების ნაწილი არ იზიარებს. ისინი ფიქრობენ, რომ ტუნდრის აღსადგენად სხვა მეთოდის მოძებნა უფრო გონივრული იქნება, რადგან მსგავსი ჰიბრიდების შექმნასა და მომწიფებას ათეულობით წელი დასჭირდება. თანაც, შესაძლოა, მათ გამოჩენას ბუნებრივი დისბალანსი და სხვა უარყოფითი შედეგები მოჰყვეს.
კომენტარები