ტრანსპორტის მოძრაობით გამოწვეული ხმაური დემენციის რისკს ზრდის — კვლევა
სამხრეთ დანიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ ტრანსპორტის მოძრაობით გამოწვეულ ხმაურსა და დემენციას შორის არსებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირი გამოავლინა. მათი განცხადებით, ის ადამიანები, რომლებიც ავტომაგისტრალთან ან რკინიგზასთან ახლოს ცხოვრობენ, კოგნიტური ფუნქციების დარღვევის რისკის ქვეშ იმყოფებიან. ამის შესახებ ნაშრომი გამოცემაში BMJ გამოქვეყნდა.
უპრეცედენტო კვლევა, რომელიც დანიაში 2004-დან 2017 წლამდე მიმდინარეობდა, 60 წელს გადაცილებული 2 მილიონი ადამიანის მონაცემებს ეფუძნება. დემენციისა და საავტომობილო თუ სარკინიგზო ხმაურის მიმართების დასადგენად, სპეციალისტებმა თითოეული მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ადგილმდებარეობა გაითვალისწინეს. შედეგად, მათ ადამიანებზე ხმაურის ზემოქმედების დონე განსაზღვრეს.
ამ მხრივ შენობის ამა თუ იმ ნაწილის დაცულობისა და სხვა ფაქტორების შეჯამება ნაშრომის ავტორებს დასკვნების გამოტანაში დაეხმარა. ისინი ფიქრობენ, რომ 2017 წელს დანიაში დაფიქსირებული დემეცნიის 8,475 შემთხვევიდან 1,216, შესაძლოა, სწორედ სატრანსპორტო საშუალებების ხმაურით ყოფილიყო გამოწვეული. მათგან 963 პაციენტის დიაგნოზი კონკრეტულად საავტომობილო მოძრაობას უკავშირდება, დანარჩენი 253-ის კი სარკინიგზოს.
საუბარია მსგავსი კოგნიტური დარღვევის ნებისმიერ ფორმაზე და გამომწვევ მიზეზზე, განსაკუთრებით კი ალცჰაიმერის დაავადებაზე. ასევე, რაც უფრო მეტია ხმაურის დონე, მით უფრო იზრდება დემენციის შეძენის რისკიც. არ გამორიცხავენ, რომ ეს ორგანიზმში სტრესის ჰორმონის გამოყოფით ან ძილის პრობლემებით იყოს განპირობებული.
თუ კვლევის შედეგები სხვა ცდებითაც დადასტურდება, ეს ხმაურის შემცირების მიზნით, სხვადასხვა სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული ცვლილების გატარების აუცილებლობას დაგვანახებს. ამით შესაძლებელი იქნება ვებრძოლოთ დიაგნოზს, რომლის მქონე ადამიანთა რიცხვიც, მეცნიერთა აზრით, 2050 წლამდე 130 მილიონს გადააჭარბებს.
კომენტარები