როგორ გახდა სტარტაპი სომხეთიდან Adobe-ს კონკურენტი უნიკორნი — Picsart
ჰოვანეს ავოიანი საბჭოთა სომხეთში იზრდებოდა. 1980-იან წლებში ის სახელმწიფო ხელოვნების სკოლაში მოხვედრაზე ოცნებობდა, მისაღებ გამოცდაზე კი ფანქრით შესრულებული ქოთნის ნატურმორტი უნდა მიეტანა. მისი ჩანახატი დაიწუნეს. უარის შემდეგ, ჰოვანესმა სხვა, რადიკალურად განსხვავებული გზა აირჩია. მან კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლა დაიწყო, ფოკუსი კი პირველი თაობის ხელოვნურ ინტელქტსა და მანქანურ დასწავლაზე ჰქონდა.
ამ ნაბიჯმა შედეგი გამოიღო. მომდევნო 30 წლის განმავლობაში ავოიანმა შექმნა და გაყიდა 3 პროგრამული სტარტაპი. მან დააგროვა კაპიტალი და სომხეთის ტექნოლოგიურ სცენაზე ლიდერის სახითაც მოგვევლინა.
მას არც ხელოვნებისადმი სიყვარული დაუკარგავს, რამაც ბავშვობის ოცნებების ასრულებისკენ უბიძგა. ამ ყველაფერს თან წინ საინტერესო ისტორია უძღვოდა.
2011 წელს, ჰოვანესის 11 წლის გოგო, ზრა, მასთან დასევდიანებული მივიდა. მან სოციალურ მედიაში თავისი ნახატი დადო და უსიამოვნო კომენტარები მიიღო.
"კრიტიკამ მისი თავდაჯერებულობა გააქრო, მას ხატვის გაგრძელების სურვილი აღარ ჰქონდა. ამან ჩემი თავი გამახსენა, როცა დავნებდი და სხვა პროფესია ავირჩიე, მაშინ მე საჭირო მხარდაჭერა ვერ მივიღე", — ამბობს ავოიანი.
ამის შემდეგ ჰოვანესმა მობილური აპლიკაცია ააწყო, რომელიც რამდენიმე ხელსაწყოს აერთიანებდა ფოტოებისა და ნახატების დასამუშავებლად.
"მე მსურდა დავხმარებოდი ჩემს შვილს და შევქმენი ისეთი რესურსი, რომელიც მისი კრეატიული ნიჭის განვითრებას შეუწყობდა ხელს".
ათი წლის შემდეგ, ავოიანის მიერ შვილისთვის შექმნილი აპლიკაცია, სან-ფრანცისკოში დაფუძნებულ კომპანიად — Picsart-ად იქცა და ის დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა. ფოტოების დასამუშავებლად შექმნილი აპლიკაცია 180 ქვეყნის მასშტაბით, მილიარდზე მეტჯერ გადმოწერეს. სომხეთში დაბადებული აპლიკაცია, რომელიც თავიდან მხოლოდ ინგლისურ ენაზე არსებობდა, დღეს უკვე 28 ენაზეა ხელმისაწვდომი. მომხმარებელთა რიცხვი ყოველთვიურად 150 მილიონით იზრდება, მათი უდიდესი ნაწილი კი 35 წელზე პატარაა. მომხმარებელთა ამხელა რაოდენობა კი იმას ნიშნავს, რომ პიქსარტში ყოველთვიურად მილიარდზე მეტი ფოტო და ვიდეო მუშავდება.
Picsart უფასოა და მისი საბაზისო ხელსაწყოების გამოყენება ყველას შეუძლია. უფრო მძლავრი ვერსიის ფასი თვეში 4,66 დოლარია. აპლიკაციაში რეკლამებს იშვიათად შეხვდებით, ამასთანავე Picsart არ აგროვებს ინფორმაციას თქვენ შესახებ და აქ არც მორგებული რეკლამები შეგხვდებათ.
2021 წელს Picsart-ის შემოსავალმა 100 მილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა.
Picsart ზრდას მუდმივად განაგრძობს. გასულ თვეში ავოიანმა დაანონსა, რომ მისმა 800 თანამშრომლიანმა სტარტაპმა 130 მილიონიანი დაფინანსება Softbank with Sequoia-სგან, G Squared-სგან, Tribe Capital-სგან, Graph Ventures-სა და Siguler Guff & Company-სგან მოიპოვა. დაახლოებული წყაროების მიხედვით, ამ ინვესტიციის შემდეგ კომპანიის ღირებულება 1,5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ავიოანი თავისი წილის შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ ავლენს, მგრამ ის მაინც რჩება კომპანიის ყველაზე დიდი წილის მფლობელად.
"Picsart-ს WhatsApp-თან ბევრი მსგავსება აქვს. მათ მოიხმარს ყველა მთელი მსოფლიოს გარშემო", — ამბობს მაიკ ვერნალი, Sequoia-ს პარტნიორი და Facebook-ის პროდუქტის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი.
Picsart ტექნლოგიური სფეროს ორ ყველაზე ტრენდულ მიმართულებას ერგება — სოციალურ მედიებსა და ციფრულ კომერციას. სოციალური პლატფორმებისა და სმარტფონების დახმარებით დღეს მსოფლიოში რეკორდული რაოდენობის კონტენტ კრეატორია და მათი დიდი ნაწილი Picsart-ს იყენებს. პიქსარტის გამოყენება მარტივია. მას ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი და Java-ზე დაწერილი ხელსაწყოები აქვს, რაც ფოტოებისა და ვიდეოების დამუშავების საშუალებას გვაძლევს.
ახალგაზრდები და დამწყები არტისტები Picsart-ს TikTok-ისთვის, Instagram-ისთვის, Snapchat-ისთვის, YouTube-ისთვისა და Facebook-ისთვის იყენებენ. ხელის რამდენიმე მოძრაობით თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ფოტოს განათება, დაამატოთ სხვადასხვა ეფექტები, ასევე აპლიკაციაში მიმებით შექმნილ სტიკერებსაც შეხვდებით. ასევე, პიქსარტს შეუძლია ნაოჭების, წითელი თვალებისა და აკნეს გაქრობა. თითის მარტივი მოძრაობით წელისა და სხეულის სხვა ნაწილების დამუშავებასაც შეძლებთ.
თუმცა, Picsart მეტი ვიდრე უბრალოდ სელფიების დასამუშავებელი აპლიკაცია. Covid 19-ის გავრცელებასთან ერთად, ბიზნესები ელექტრონულ კომერციაში უფრო აქტიურად ჩაერთნენ. პატარა ბიზნესები და დამწყები ანტრეპრენერები Picsart-ზე დამოკიდებულები არიან, რათა თავიანთი პროდუქტი მიმზიდველად გამოიყურებოდეს ისეთ მარკეტებზე, როგორიც Shopify, Etsy, eBay და Depopo არიან.
"დღეს ადამიანების საყვარელი ნივთი სმარტფონია. მათი მეშვეობით ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. მომხმარებლები იღებენ ფოტოებს და უმარტივესად ცვლიან, მაგალითად, უკანა ფონს, მცირედი დამუშავებით კი კონტენტი სოციალურ მედიაში ან მაღაზიაში განსათავსებლად მზადაა", — ამბობს მაიკ ვერნალი
Picsart-ის ასეთ დონემდე განვითარება ავოიანის მთავარი მიზანი იყო მას შემდეგ, რაც 2011 წელს ის თავისი შვილისთვის შექმნა.
"ძალიან ბევრი ადამიანი აერთიანებს თავის თავში ტექნიკასა და კრეატიულობას. ჩვენი ტექნოლოგია აუმჯობესებს ადამიანების შესაძლებლობებს და კრეატიულ ხედვას", – ყვება ავოიანი.
ავოიანი 1965 წელს, სომხეთში, ერევანში დაიბადა. ის სამედიცინო პროფესორმა და პათოლოგისტმა დედამ გაზარდა. კომუნისტური სომხეთი სტაბილური და მოსაწყენი ქვეყანა იყო. კარიერული ნაბიჯებიდან, თუ არ ჩავთვლით კომუნისტური პარტიის წევრობას, ყველაზე კარგი აკადემია იყო, თუმცა უარის მიღების შემდეგ ავოიანი კომპიუტერული მეცნიერებებით დაინტერესედა და სომხეთში, The American University-ში ჩააბარა.
რევოლუცია 1992 წელს მოხდა. ავადსახსენებლი საბჭოური სტაბილურობაც გაქრა და მისი ადგილი ომებმა და ახალგაზრდა კაპიტალიზმმა დაიკავა. აკადემიკოსები ანტრეპრენერებად იქცნენ. 1996 წელს, 30 წლის ავოიანმა სწავლა მიატოვა და თავისი პროგრამული სერვისი, Cedit შექმნა, რომელიც რამდენიმე წელში Lycos-სს (იმდროინდელი საძიებო ძრავი) რამდენიმე მილიონად მიჰყიდა. 2005 წელს ავოიანმა ახალი, კვლევითი და განვითარებადი ფირმა ინკუბატორი, Sourcio შექმნა. შემდეგი პროდუქტი Monitis იყო, რომელიც ვებსაიტის მონიტორინგს ახორციელებდა. ეს პროდუქტი 2011 წელს TeamViewer-მა $4 მილიონად შეიძინა. ამავე წელს გაეშვა Picsart.
მიუხედავად სტარტაპებზე გადართვისა, ავოიანი American University-ში კიდევ მოღვაწეობდა და ორი ყოფილი სტუდენტი, ართავაზდ მეჰრაბიანი და მიქაელ ვარდანიანი Picsart-ის ბიზნესად ქცევაში დაარწმუნა. iPhone სომხეთში პოპულარული ჯერ არ იყო და პროგრამისტების დიდი ნაწილი Java-ზე მუშაობდა, სწორედ ამიტომ, მათი აპლიკაციაც Android-ზე გამოვიდა. ფოტოების დასამუშავებელი აპლიკაციები მაშინ ანდროიდზე იშვიათად მოიძებნებოდა, სწორედ ამიტომ მათ ძალიან დიდ მარკეტზე გაუჩნდათ წვდომა. ავოიანმა და მისმა გუნდმა სწორი სტრატეგია აირჩია. ისინი აპლიკაციას ყოველ პარასკევს აახლებდნენ, ამიტომ Picsart მუდმივად რჩებოდა ტოპ აპლიკაციების სიაში. ახალი ფუნქციები ყოველ კვირას ემატებოდა, რაც მომხმარებლებს აპლიკაციის მუდმივად შემოწმების მიზეზს უჩენდა.
Picsart-ის სწრაფად იზრდებოდა. ავოიანი უნივერსიტეტთან ისევ თანამშრომლობდა და ამ კავშირების დახმარებით ის ყოველ წელს 200 კომპიუტერულ მეცნიერს ინტერნად იღებდა.
"ეს ყველაზე ახალი თანამშრომლების აყვანის ყველაზე იაფიანი და კარგი ხერხია. ისინი გადიან პრაქტიკებს და იძენენ ახალ ცოდნასა თუ უნარებს. ეს ყველასათვის კარგია", — ამბობს ავოიანი. ის ამ პროგრამას დღემდე ამუშავებს.
ავოიანი ახალი ინვესტიციის, 130 მილიონის დაბანდებასაც სწორედ ნიჭიერი ინჟინრების პოვნაში აპირებს, რომლებმაც ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე უნდა იმუშაონ. ასეთი მიდგომა საჭიროა, რათა აპლიკაცია მუდმივად ვითარდებოდეს და კონკურენცია გაუწიოს ისეთ მოთამაშეებს, როგორიცაა მილიარდობით დოლარიანი სტარტაპი Canva და ყველასათვის ცნობილი ტექნოლოგიური გიგანტი, Adobe, რომლის 2020 წლის გაყიდვებმაც 12,85 მილიარდი დოლარი შეადგინა. ავოიანს სურს, რომ დამოუკიდებელი იყოს და მომდევნო 12-18 თვეში ის IPO-ს გაშვებასაც გეგმავს.
ახლა Picsart-ის მთავარი გეგმა მარკეტინგული მიდგომების შეცვლა და რეკლამების გამრავალფეროვნებაა, რაც კომპანიის ზრდას შეუწყობს ხელს. სამომავლო გეგმებში მცირე ბიზნესიდან კორპორაციულ გიგანტობამდე ზრდა შედის. ავოიანს სურს, რომ პიქსარტი დიდ ფირმებსაც მოემსახუროს და მხოლოდ ერთეულოვან მომხმარებელზე არ იყოს გათვლილი.
Picsart-ის სათაო ოფისი ავოიანმა 2015 წელს, მაშინ, როდესაც Sequoia-მ პირველი ინვესტიცია ჩადო, სან-ფრანცისკოში გადაიტანა, თუმცა ინჟინერთა ჯგუფის უდიდესი ნაწილი ისევ სომხეთში რჩება. ტალანტების პოვნა აქ უფრო იაფია, თუმცა ავოიანი სომხეთში დიდ პოტენციალს ხედავს — "სტარტაპები ყველაფერს თავდაყირა აყენებენ. ჩვენ ყველამ გამოვიარეთ რევოლუცია და ახალი გამოწვევებისთვის მზად ვართ".
კომენტარები