ჩვენი მზის მსგავსი ვარსკვლავების მეოთხედი ახლომდებარე პლანეტებს შთანთქავს — კვლევა
ჩვენი მზის სისტემა, რომელშიც დედამიწა მდებარეობს, სტაბილურობით ხასიათდება. მასში შემავალ პლანეტებს თითქმის წრიული ორბიტები აქვთ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი ფორმირების დროიდანვე ამ ტრაექტორიით მოძრაობენ. თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვით სხვა სისტემებზე, რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ ქაოტური წარსული აქვთ. შესაბამისად, იქ სიცოცხლის არსებობა ნაკლებად სავარაუდოა.
ამგვარ სისტემებში გადაადგილებისას ციური სხეულები მეზობელ პლანეტებზე გრავიტაციულად ზემოქმედებენ და მათი ორბიტების ცვლილებას განაპირობებენ. ამის შედეგად, ისინი ზედმეტად ახლოს მიდიან ვარსკვლავთან, რომელიც მათ შთანთქავს. სპეციალისტთა განცხადებით, ყველაზე ზუსტი ხელსაწყოებითაც კი რთულია კოსმოსში ქაოტური და შედარებით სტაბილური სტრუქტურების თანაფარდობის დადგენა, თანაც მათზე პირდაპირი დაკვირვებით. სწორედ ამიტომ, ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტში მომუშავე ასტრონომებმა ბინარულ სისტემებში არსებული მზის მსგავსი მნათობების ქიმიური შემადგენლობის შესწავლა გადაწყვიტეს.
წესით, ასეთი ობიექტები ერთსა და იმავე ელემენტებს უნდა შეიცავდნენ, რადგან ისინი საერთო მატერიისგან წარმოიქმნენ, მაგრამ მათ ზედა ფენაში მყარი ციური სხეულების ფრაგმენტების ჩადინება სხვადასხვა ნივთიერების, მაგალითად, რკინის სიჭარბეს იწვევს. მეცნიერებმა საერთო ჯამში 107 ბინარული სისტემა, კერძოდ კი მათში შემავალი ვარსკვლავების სპექტრული მახასიათებლები გააანალიზეს. ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, მათი 27% ახლომდებარე პლანეტებს შთანთქავს.
ნაშრომის ავტორებს ამის გარკვევაში 3 მთავარი ფაქტორი დაეხმარა: რკინით მდიდარ ვარსკვლავებს თხელი გარეთა ფენა აქვთ, ასევე, კომპანიონებზე ბევრად მეტ ლითიუმს შეიცავენ და ამით სხვა მსგავსი ობიექტებისგანაც გამოირჩევიან. მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მეცნიერები ასკვნიან, რომ, შესწავლილი მნათობების მეოთხედს განვითარების დინამიკური გზა აქვს გამოვლილი.
მათი თქმით, ეს მეთოდი სიცოცხლისთვის თავსებადი სისტემების მოძებნაში დაგვეხმარება, რომლებიც ჩვენსას ძალიან ჰგვანან. არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ვარსკვლავთა ქიმიური შემადგენლობის ანალიზის საფუძველზე უახლოეს მომავალში დედამიწისმაგვარ პლანეტასაც მივაგნოთ.
კომენტარები