ნახეთ: ჩინეთის მოხეტიალე მარსის ზედაპირიდან სურათებს გვიგზავნის
ჩინეთის Zhurong მოხეტიალემ ბოლო დედამიწისეული 100 დღე მარსის უკაცრიელ ზედაპირზე ხეტიალში გაატარა. მე-100 დღის აღსანიშნავად ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზეც წითელ პლანეტაზე მოხეტიალის ჩამოსვლის დღიდან გავლილი გზაა აღბეჭდილი. South China Morning Post-ის (SCMP) მიხედვით, Zhurong მარსზე Tianwen-1 ორბიტერის საშუალებით ამ წლის მაისში დაეშვა.
წითელი პეიზაჟები, რომელთაგან ერთი პანორამაა, მოხეტიალემ გასული კვირის სამშაბათს გადაიღო, რაც იმის მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ ჩინეთის პირველი მარსის მისია კარგად მიმდინარეობს.
კარგად თუ დააკვირდებით, პანორამის ცენტრში Zhurong მოხეტიალის ბორბლების კვალსაც დაინახავთ.
ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ის მიხედვით, როგორც მოხეტიალე, ასევე ორბიტერი "კარგ მდგომარეობაში არიან და გამართულად ფუნქციონირებენ".
მას შემდეგ, რაც დამშვებმა მოხეტიალე წითელი პლანეტის ზედაპირზე განათავსა, ამ უკანასკნელმა კილომეტრზე მეტი — 1 064 მეტრი გაიარა სამხრეთით. მისიის მიზანი პლანეტის ჩრდილო ნახევარსფეროს მასიური დაბლობის — Utopia Planitia-ის სამხრეთ რეგიონში ხმელეთისა და იმ ტერიტორიის გამყოფი საზღვრის შესწავლაა, რომელიც, მეცნიერების აზრით, უძველესი ზღვის ფსკერს უნდა წარმოადგენდეს.
კოსმოსური სააგენტოს მიხედვით, მომავალ თვეში, როდესაც მზე მარსსა და დედამიწას შორის გამავალ სიგნალს შეუშლის ხელს, ორბიტერთან და მოხეტიალესთან კომუნიკაცია შეწყდება.
ამ წლის მაისში, აშშ-სა და საბჭოთა კავშირის შემდეგ, ჩინეთი მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც მარსზე მოხეტიალის დაშვება მოახერხა.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ჩინეთისთვის ეს ამბიციური მარსის მისიების მთელი სერიის მხოლოდ დასაწყისი იქნება. SCMP-ის მიხედვით, ქვეყანა იმედოვნებს, რომ დაახლოებით 2030 წლისთვის მარსის ნიადაგის ნიმუშების მიღებას, 2033 წლისთვის კი წითელ პლანეტაზე ასტრონავტების გაგზავნას შეძლებენ.
კომენტარები