ინდოეთმა კორონავირუსის პირველი უნემსო დნმ ვაქცინა დაუშვა
ვაქცინის მიღება PharmaJet-ის უნემსო აპლიკატორის საშუალებით იქნება შესაძლებელი, რომელიც უმტკივნეულო აცრას ემსახურება.
ინდოეთის წამლის მთავარმა მაკონტროლებელმა (DCGI) ZyCov-D ვაქცინისათვის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია გასცა. ეს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ დაშვებული პირველი უნემსო დნმ ვაქცინაა და ფარმაცევტული კომპანია Zydus Cadila-ის უწყებით, ვირუსის წინააღმდეგ 66%-იანი ეფექტიანობით გამოირჩევა. ვაქცინის მიღება PharmaJet-ის უნემსო აპლიკატორის საშუალებით იქნება შესაძლებელი, რომელიც უმტკივნეულო აცრას ემსახურება და მათთვისაც საკმაოდ კარგი ამბავია, ვინც ვაქცინაციას ნემსის შიშის გამო უფრთხის — ამით ქვეყანაში ვაქცინის მიმღებ პირთა რიცხვიც გაიზრდება.
ადამიანები ვაქცინის 3 დოზას მიიღებენ 28 დღიანი შუალედებით. მისი უსაფრთხოება მას შემდეგ დადასტურდა, რაც 28 ათას მოხალისეზე გამოსცადეს, რომელთა შორის 12-18 წლამდე ათასი მოზარდი გახლდათ — ნებართვის ფარგლებში, ინდოეთში ეს ასაკობრივი ჯგუფიც აიცრება. კომპანია იმედოვნებს, რომ ყოველწლიურად ვაქცინის 100-120 მილიონ დოზას აწარმოებს.
"ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ეტაპია ZyCoV-D-ის მონაწილეობით, რომელიც ინდური ინოვაციის პროდუქტია და მსოფლიოს პირველი დნმ ვაქცინა ხდება ადამიანური გამოყენებისთვის, რითაც იმუნიზაციის უზარმაზარ ტენდენციასაც შეუწყობს ხელს. განსაკუთრებით გვიხარია, რომ ჩვენი ვაქცინა კოვიდ-19-თან ბრძოლაში დაგვეხმარება და ქვეყანას უფრო დიდი პოპულაციის აცრის საშუალებას მისცემს, განსაკუთრებით 12-18 ასაკობრივ კატეგორიაში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მკვლევარს, კლინიკური ცდების შემსწავლელს, მოხალისეს და მარეგულირებელ ორგანიზაციას, რომელმაც ჩვენს ძალისხმევას მხარი დაუჭირა", — განაცხადა პანკაი რ. პატელმა, კომპანიის თავმჯდომარემ.
დნმ ვაქცინა ვექტორული ვაქცინებისაგან (როგორიცაა თუნდაც ასტრაზენეკას ვაქცინა) განსხვავებულად მუშაობს, სადაც გენეტიკურად მოდიფიცირებული, უსაფრთხო ვირუსი გამოიყენება იმუნური რეაქციის გამოსაწვევად. ამის ნაცვლად, ვაქცინა პლაზმიდს იყენებს, დნმ-ის პატარა ყულფს, რომელსაც შეუძლია გამრავლდეს და უბიძგოს ადამიანის ორგანიზმს, რომ ვირუსის ე.წ. წვეტის ცილები წარმოქმნას.
ამ ცილებს SARS-CoV-2, კოვიდ-19-ის გამომწვევი ვირუსი იყენებს, რათა უჯრედებს მიემაგროს. როდესაც ასეთივე ცილებს ჩვენივე ორგანიზმი წარმოქმნის, იმუნური პასუხი წარმოიქმნება, ჩვენი იმუნური სისტემა კი სწავლობს, რომ ამას სწრაფად უნდა შეებრძოლოს.
დნმ ვაქცინების უპირატესობა ისაა, რომ ისინი სწრაფად, იაფად და უსაფრთხოდ იქმნება და ასევე სწრაფადაა შესაძლებელი მათი გაუმჯობესებული ვარიანტების შექმნაც. ეს შესაძლოა განსაკუთრებით გამოსადეგი იყოს ახალ გამოჩენილ შტამებთან ბრძოლისას, როგორიცაა დელტა ვარიანტი, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ყველაზე მეტადაა გავრცელებული. ვაქცინა მაცივრის ჩვეულებრივ ტემპერატურაზე ინახება და ოთახის ტემპერატურაზე თვეობით ძლებს გადაგვარების გარეშე.
კლინიკური ცდების პირველი ეტაპიდან მიღებული მონაცემები ჟურნალ EClinicalMedicine-ში ახლახან გამოქვეყნდა. გამომდინარე იქიდან, რომ დნმ ვაქცინის შექმნის წინა მცდელობებმა არ გაამართლა, მთლიანი კლინიკური ცდების მონაცემები უდავოდ დიდ დაინტერესებას იწვევს. კონკრეტულად, რამდენიმე მიდგომა დამაიმედებელი აღმოჩნდა ცხოველების შემთხვევაში, თუმცა ადამიანებისათვის — არა.
ამჟამად ასობით დნმ ვაქცინას იკვლევენ. აქედან მრავალი იმასაც იმედოვნებს, რომ ამ მიდგომას კიბოსთან, პარაზიტულ დაავადებებთან, გრიპთან, შიდსთან და სხვა დაავადებებთან ბრძოლისთვისაც გამოიყენებენ.
კომენტარები