ახალი ტექნოლოგია თითქმის სრულად შთანთქავს ჰაერიდან ნახშირორჟანგს
პოლ შერერის ინსტიტუტისა (PSI) და ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტის (ETH) მეცნიერებმა ახალი კვლევა გამოაქვეყნეს, რომელიც იძიებს, თუ რამდენად დაგვეხმარება ნახშირორჟანგის (CO2) პირდაპირი შეგროვება გარემომცველი აირიდან, რათა ატმოსფეროდან სათბურის აირები ეფექტურად მოვაშოროთ. მიგნებები შთამბეჭდავი აღმოჩნდა: ზოგიერთი შეფასებით, გამოყოფილ სათბურის აირთა დაახლოებით 97%-ის დატყვევებაა შესაძლებელი.
მეცნიერებმა ჯამში ხუთი განსხვავებული კონფიგურაცია გამოიძიეს ჰაერიდან CO2-ის შესაგროვებლად მსოფლიოს 8 სხვადასხვა ადგილას: ჩილე, საბერძნეთი, იორდანია, მექსიკა, ესპანეთი, ისლანდია, ნორვეგია და შვეიცარია.
"ამ ტექნოლოგიის გამოყენება მხოლოდ მაშინაა აზრიანი, როდესაც გამოყოფილი აირები იმაზე ბევრად მცირეა, ვიდრე CO2, რომლის შენახვასაც იგი ეხმარება", — განაცხადა ტომ ტერლოუმ, რომელიც PSI-ის ენერგიის სისტემათა ანალიზის ლაბორატორიაში სამეცნიერო-კვლევით მუშაობას უძღვება და კვლევის მთავარი ავტორია.
ივნისში ცნობილი გახდა სიახლე, რომ შოტლანდიაში ახალი დაწესებულება იხსნებოდა, რომელიც ყოველწლიურად ერთ მილიონ ტონამდე ნახშირბადს მოაშორებდა ჰაერიდან — ეს ამ დროში 40 მილიონ ხეს უდრის.
წარსულში ასევე განგვიხილავს, რეალურია თუ არა ნახშირბადის დატყვევება და შენახვა კლიმატური ცვლილებების შესამსუბუქებლად. ახალი მოხსენების ავტორთა თქმით კი, ეს ნამდვილად ასეა, თუმცა მხოლოდ როგორც დამატებითი ვარიანტი.
"CO2-ის დატყვევებისათვის განკუთვნილი ტექნოლოგიები საერთო დეკარბონიზაციის სტრატეგიის — სტრატეგია, რომელიც გამოყოფილი ნახშირორჟანგის შემცირებას ემსახურება — მხოლოდ დამატებითი ნაწილია და მას ვერ ჩაანაცვლებს", — ხაზი გაუსვა ქრისტიან ბაუერმა, ენერგიის სისტემათა ანალიზის ლაბორატორიის მეცნიერმა და კვლევის თანაავტომა.
ბაუერმა დაამატა, რომ ამან შესაძლოა პარიზის კლიმატის შეთანხმებით განსაზღვრული მიზნების მიღწევასაც შეუწყოს ხელი განსაკუთრებით იმ გარემოებებში, სადაც აირების გამოყოფის თავიდან აცილება შეუძლებელია (თუნდაც მეურნეობა).
კომენტარები