როგორ გამოიყურება ბათუმი არეულობის შემდეგ – ფოტოები
დაახლოებით დილის 6 საათზე, სპეცდანიშნულების რაზმებმა ბათუმში დაიწყეს პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობის მიმდებარე ქუჩების გათავისუფლება აქციის მონაწილეებისგან.
სამართალდამცავები სრულად აკონტროლებენ ბათუმის ქუჩებს. არიან დაკავებულები, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა, ჯერჯერობით უცნობია.
არეულობის დასრულების შემდეგ, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე განადგურებულია საგზაო ნიშნების ნაწილი, დამწვარია არაერთი ავტომობილი. როგორც ბათუმი მერი, გიორგი ერმაკოვი ამბობს, ამ წუთებში შესაბამისი სამსახურები ასუფთავებენ ქალაქს.
11 მარტს პატრულმა მოძრაობის შეფერხებისა და არასწორი პარკირებისთვის მოქალაქე დააჯარიმა, რასაც ჯერ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, მოგვიანებით კი საპროტესტო აქცია მოჰყვა. აღნიშნული აქცია არეულობაში გადაიზარდა, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა დაწვეს და დააზიანეს როგორც ავტომობილები, ისე საგზაო ინფრასტრუქტურა.
პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მომხდარში "დესტრუქციული პოლიტიკური ძალები" დაადანაშაულა. ის არეულობის მონაწილეებს დაჰპირდა, რომ სახელმწიფო მათ უმკაცრეს პასუხს გასცემს.
ბათუმში სპეციალურად ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილიც, თუმცა, დაახლოებით 8 საათის განმავლობაში ქალაქში სიტუაცია უმართავი იყო, რა დროსაც არაერთი კერძო პირის ქონება განადგურდა. აქციის მონაწილეებმა გაანადგურეს პოლიციიის კუთვნილი ავტომობილებიც.
არეულობის შედეგად 33 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 15 პოლიციელი. საავადმყოფოში ამ დროისათვის მხოლოდ ორი ადამიანი რჩება, რომელთაგან ერთს ტვინის შერყევა აქვს, მეორეს კი – ყვრიმალის ძვლის მოტეხილობა.
კომენტარები