რა შედეგი აქვს აცრას — 11 ქვეყნის მაგალითი და საქართველო [მონაცემთა ვიზუალიზაცია]
დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის 69% ერთი დოზით მაინცაა აცრილი და ბოლო თვეებია ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები იმატებს. ეს წინადადება ბევრისთვის დამაბნეველი იქნებოდა რომ არა მისი გაგრძელება და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება — შემთხვევათა ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში სიკვდილიანობა არ იზრდება. ამ მონაცემის ინტერპრეტირება ძალიან მარტივია — ვაქცინა გვიცავს სიკვდილისგან.
აღსანიშნავია, რომ ისევე, როგორც ნებისმიერი რამ სამყაროში, ისევე როგორც ნებისმიერი მედიკამენტი თუ მეთოდი, ვაქცინა ინფიცირებისგან 100%-ით ვერ გვიცავს. ანუ აცრა არ ნიშნავს, რომ ინფექციის შეყრის შანსი აღარ არსებობს, თუმცა ნიშნავს, რომ ინფექციის გადატანა თქვენთვის თუ თქვენი გარშემომყოფებისთვის სიკვდილის მომტანი აღარ იქნება. ამას მოწმობს საქართველოს სტატისტიკაც, სადაც ორჯერ აცრილთაგან კორონავირუსის 0 მსხვერპლი გვყავს.
რა აზრი აქვს აცრას? მას ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. პირდაპირი მნიშვნელობით, ასეა. აცრას აზრი აქვს, რადგან შეგვიძლია ამით როგორც ჩვენი, ასევე იმ ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინოთ, რომლებიც ჯერ ვერ იცრებიან (მაგალითად, 16 წლამდე ბავშვები, რომელთა შორისაც კორონავირუსის დელტა ვარიანტს შემაშფოთებელი ლეტალობა აქვს. ანუ მას ბავშვებში სიკვდილის გამოწვევა დაახლოებით ისევე შეუძლია, როგორც ხანშიშესულ ადამიანებში).
ვაქცინაციას გავლენა აქვს ეკონომიკაზე, ჯანმრთელობაზე, ადამიანების სიცოცხლეზე და კიდევ უამრავ რამეზე. თუმცა, ამ სტატიაში ადამიანების სიცოცხლეზე გავაკეთებ აქცენტს და ქვემოთ ამის საილუსტრაციოდ მონაცემთა ვიზუალიზაციებსაც შემოგთავაზებთ. მანამდე კი შეგიძლიათ თვალი შეავლოთ მსოფლიოს რუკას და გაიგოთ, რომელი ქვეყნები ლიდერობენ მინიმუმ ერთი დოზით აცრილი მოქალაქეების პროცენტულობით.
ქვემოთ მოცემული ვიზუალიზაცია კი გვიჩვენებს იმ 11 ქვეყანას, რომელშიც მოსახლეობის ყველაზე დიდი წილია აცრილი ერთი დოზით მაინც.
როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ზოგ ქვეყანაში (მათ შორის, დიდ ბრიტანეთში) კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა იმატებს, თუმცა ეს სიკვდილიანობას არ ზრდის. ეს სწორედ ის ეფექტია, რაც ვაქცინებს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის კუთხით აქვთ. ამაში ქვემოთ მოტანილი ვაქცინაციის კუთხით 11 მოწინავე ქვეყნის კოვიდსიკვდილიანობის ამსახველი ვიზუალიზაციების დათვალიერებისასაც დარწმუნდებით. (გრაფიკებზე გამოსახული მონაცემები ახლდება ყოველდღიურად).
1. COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის დინამიკა არაბთა გაერთიანებული საამიროებში, სადაც ერთი ან ორი დოზით აცრილია მოსახლეობის 80%
2. COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის დინამიკა ურუგვაიში, სადაც ერთი ან ორი დოზით აცრილია მოსახლეობის 74%
3. COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის დინამიკა კანადაში, სადაც ერთი ან ორი დოზით აცრილია მოსახლეობის 72%
4. COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის დინამიკა დიდი ბრიტანეთში, სადაც ერთი ან ორი დოზით აცრილია მოსახლეობის 69%
5. COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის დინამიკა საფრანგეთში, სადაც ერთი ან ორი დოზით აცრილია მოსახლეობის 66%
6. COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის დინამიკა გერმანიაში, სადაც ერთი ან ორი დოზით აცრილია მოსახლეობის 62%
7. COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის დინამიკა აშშ-ში, სადაც ერთი ან ორი დოზით აცრილია მოსახლეობის 58%
8. COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის დინამიკა ბრაზილიაში, სადაც ერთი ან ორი დოზით აცრილია მოსახლეობის 52%
9. COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის დინამიკა თურქეთში, სადაც ერთი ან ორი დოზით აცრილია მოსახლეობის 49%
10. COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის დინამიკა იაპონიაში, სადაც ერთი ან ორი დოზით აცრილია მოსახლეობის 47%
11. COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის დინამიკა ინდოეთში, სადაც ერთი ან ორი დოზით აცრილია მოსახლეობის 28%
დაბოლოს, COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის დინამიკა საქართველოში, სადაც ერთი ან ორი დოზით აცრილია მოსახლეობის 11%.
როგორც ვხედავთ, ვაქცინაციის რეიტინგში 11 მოწინავე ქვეყანასთან შედარებით, საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი მკვეთრად იმატებს. არსებობს სხვა ცვლადებიც, ვაქცინაციის დაბალი ინდექსის გარდა, რომელიც ეპიდსიტუაციის გაუარესებას იწვევს, თუმცა, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინირებულია, ეს სიკვდილიანობის ზრდის წინაპირობა მაინც არ ხდება. კიდევ ერთხელ — ამის თქმის საფუძველს ზემოთ მოტანილი გრაფიკები გვაძლევს.
დღეისათვის, საქართველო 100 000 მოსახლეზე ვირუსის გავრცელების შემთხვევებით მსოფლიოში 1-ელ ადგილზეა. 10 აგვისტოს კი ქვეყანაში კორონავირუსის 5 697 ახალი შემთხვევა და 54 ადამიანის COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილი დაფიქსირდა. საქართველოში ჯამში კორონავირუსს 6 182 პირი ემსხვერპლა. ბოლო პერიოდის სტატისტიკა კი, სამწუხაროდ, კიდევ უფრო უარესი შედეგების პროგნოზირების საშუალებას გვაძლევს. ერთადერთი გამოსავალი კი ვაქცინაციაა, იმისათვის, რომ სიკვდილიანობის მზარდი დინამიკა მომავალ კვირებსა და თვეებში მაინც შემცირდეს. იმისათვის, რომ თვითმკვლელებად თუ მკვლელებად არ ვიქცეთ და მაშინ, როცა ვაქცინაციის შესაძლებლობა გვაქვს, საკუთარი თავები და სხვები სიკვდილისგან ვიხსნათ.
კომენტარები