როგორ დავარწმუნოთ ადამიანები, რომ აიცრან — რამდენიმე რჩევა
გასულ წელს, როდესაც COVID-19-მა დედამიწის ყველა კონტინენტი მოიცვა, ადამიანებისთვის ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს ვაქცინის შექმნა წარმოადგენდა, რომელიც ამ საშინელი ვირუსისგან დაგვიცავდა. ახლა კი, იგი ყველასთვისაა ხელმისაწვდომი, თუმცა როგორ მოვიქცეთ, თუ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მისი მიღება არ უნდათ და რომლებიც ამ გადაწყვეტილებით როგორც საკუთარ, ასევე გარშემომყოფების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს უქმნიან საფრთხეს?
იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ოჯახის წევრს, მეგობარს, მეზობელს ან ნათესავს COVID-19-ის ვაქცინა ჯერ არ მიუღია, ამისთვის, ალბათ თავისი მიზეზიც აქვს. ექსპერტების თქმით, იმისთვის, რომ ისინი აცრის საჭიროებაში დავარწმუნოთ, პირველ რიგში სწორედ ამ მიზეზის გარკვევაა საჭირო.
საჭიროა მათთან დიალოგში შესვლა და ამ თემის განხილვა ისე, რომ მან თქვენგან არა მტრული, არამედ მეგობრული დამოკიდებულება იგრძნოს. საუბარს არ უნდა მიუდგეთ, როგორც დებატებს, რომელშიც, თუ თქვენს აზრს საკმარისი დამაჯერებელი მტკიცებულებებით დაიცავთ, ოპონენტი წააგებს და მას სავალდებულო ვაქცინაციას მიუსჯით. სანაცვლოდ, უნდა ეცადოთ, რომ გაუგოთ მას და გააცნობიეროთ მისი პოზიცია — ჭკუის დარიგების ნაცვლად, ეცადეთ გაუგოთ მას.
თავდაპირველად მათ დაუსვით კითხვა: "რატომ არ აცრილხარ ჯერ?", შემდეგ კი მის პასუხს მოუსმინეთ და დააცადეთ საუბარი. ბოლო 17 თვის მანძილზე მთელი მსოფლიო შეიცვალა, შემდეგ კიდევ მოხდა გარკვეული ცვლილებები და ასე გრძელდება დღემდე, ამიტომ ადამიანების შეშფოთება და შიში სავსებით ნორმალურია. "სულელივით იქცევი, უბრალოდ ენდე მეცნიერებას, ბოლოსდაბოლოს წადი და აიცერი" და კიდევ სხვა მსგავსი ფრაზები, სავარაუდოდ, მათ დარდებს არ გაუქარწყლებს და არც საკმარისად დამაჯერებელი იქნება, ასეთი საუბრით კი კარგს ვერაფერს მიაღწევთ.
ლორა ჰუანგი, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ბიზნეს ადმინისტრირების პროფესორი თავის წიგნზე — "ზღვარი: არახელსაყრელი მდგომარეობის უპირატესობად გადაქცევა" მუშაობისას ატარებდა კვლევას და სწავლობდა ადამიანებისთვის აზრის შეცვლის ტექნიკას. კვლევისას აღმოაჩინა, რომ ადამიანები, რომლებზეც ყველაზე ეფექტიანად გამოსდით ვინმეს რაიმეში დარწმუნება, თავდაპირველად ამ უთანხმოების საფუძველს სწავლობენ და შემდეგ, ამის საფუძველზე ცდილობენ მათთვის შეხედულების შეცვლას.
აცრისგან თავის შეკავება თქვენთვის შეიძლება გაუმართლებელია, მაგრამ ადამიანთა ნაწილისთვის გარკვეულ ლოგიკასა და კითხვებს ეფუძნება — მართლა უსაფრთხოა თუ არა ვაქცინა? ასე მალე როგორ შექმნეს? საიდან ვიცით, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რაიმე გვერდითი ეფექტები არ ექნება? ასევე, ეს გადაუწყვეტელობა ეფუძნება ემოციებსაც (შიშს, შფოთვას, იმედგაცრუებასა და ბრაზს). საუბრისას ორივე ფრონტზე არსებულ ეჭვებს მომზადებული უნდა შეხვდეთ.
წინასწარ უნდა გაარკვიოთ, თუ ინფორმაციის რომელ წყაროს ენდობიან ისინი ყველაზე მეტად და რომელს არ ენდობიან საერთოდ. გლობალური კომუნიკაციების ფირმა Edelman ყოველწლიურად ატარებს კვლევას იმის გასაზომად, თუ საიდან იღებენ ადამიანები ინფორმაციას და რომელ წყაროებს უცხადებენ ყველაზე მეტ ნდობას. საინტერესოა, რომ ამ ანგარიშის მიხედვით, მედიის, მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ნდობა გლობალურად იკლებს. სხვა სიტყვებით, თუ თქვენი მეგობარი ჟურნალებს არ ეცნობა და არ ენდობა მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, მაშინ მისთვის სტატიის გაგზავნა იმ საკითხზე, თუ რამდენად უსაფრთხო და ეფექტიანია კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები, ალბათ, შედეგს არ გამოიღებს.
ისმის კითხვა: აბა ვისღა ენდობა ხალხი? Edelman-ის ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელის, გრეი ჰაუპტის თქმით კვლევამ აჩვენა, რომ ხალხი ყველაზე მეტ ნდობას მეცნიერებს უცხადებს, შემდეგ "ადამიანებს ჩემს გარშემო", შემდეგ კი "ჩემს დამსაქმებელს".
"იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ გაურკვევლობის თუ შიშების დაძლევა ვაქცინის მიმართ, უნდა მოისმინონ ისტორიები იმის შესახებ, თუ რამდენ სარგებელს მოუტანს აცრა მათ ჯანმრთელობას და საზოგადოებას მათ გარშემო", — ამბობს იგი.
თქვენ, როგორც (სავარაუდოდ) უკვე აცრილი ადამიანი, ცოცხალ მაგალითს წარმოადგენთ იმისა, თუ რა უპირატესობები აქვს აცრას. საუბრისას უნდა ახსენოთ, რომ ვაქცინის მიღების შემთხვევაში, კორონავირუსით სიკვდილის ან ჰოსპიტალიზაციის რისკი თითქმის ნულამდე ეცემა და რომ რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, მით უფრო მალე შეძლებენ სკოლები და ბიზნესები საქმიანობის გაგრძელებას.
ასევე იხილეთ: "თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის" — ვაქცინა, დეზინფორმაცია და "ელვის სისწრაფე"
ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველა ადამიანს თავისი მიზეზი აქვს ყოყმანისთვის — ზოგისთვის აცრა უბრალოდ არ არის პრიორიტეტული და ამისთვის არ ცდილობენ დროის გამონახვას. ზოგმა არ იცის, თუ სად უნდა დარეგისტრირდეს აცრაზე, ან სად უნდა აიცრას, ზოგს კი უბრალოდ ნემსის ეშინია, ან იმის, რომ ვაქცინა გვერდით რეაქციას გამოიწვევს და დროულად ვერ შეძლებს სახლში თუ სამსახურში დაბრუნებას.
ამ ბარიერების გადასალახად შესთავაზეთ მათ მათთან ახლომდებარე ადგილის მოძებნა, სადაც ვაქცინის მიღებას შეძლებენ, დაეხმარეთ დარეგისტრირებაში და უთხარით, რომ აცრაზე წაჰყვებით. ზოგ ადამიანს უბრალოდ ცოტა დახმარება და გვერდით მეგობრული ადამიანი სჭირდება. გარდა ამისა, შეგიძლიათ დაჰპირდეთ, რომ აცრის შემდეგ ლანჩზე დაპატიჟებთ — ეს სასიამოვნო ჟესტი თქვენ არ დაგაზარალებთ, მათთვის კი შეიძლება წამახალისებელი აღმოჩნდეს.
მათთვის სანდო საინფორმაციო წყაროს მოძიების გარდა ასევე უნდა გაიგოთ, თუ რას აფასებენ ისინი და ამის შესაბამისად დაანახოთ მათ ვაქცინაციის დადებითი მხარეები — ეს შეიძლება იყოს საყვარელ ადამიანებთან ჩახუტება, მოგზაურობა და ა.შ. შეეცადეთ, COVID-19-ით ინფიცირების შედეგები ვაქცინის გვერდით ეფექტებს შეადაროთ და დაანახოთ მათ, რომ ვაქცინის მიღება ბევრად უსაფრთხო გამოსავალია.
ასევე იხილეთ: რა შედეგი აქვს აცრას — 11 ქვეყნის მაგალითი და საქართველო [მონაცემთა ვიზუალიზაცია]
იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი ხართ, თქვენმა საუბარმა, შესაძლოა, ადამიანებს აცრის უდიდესი მოტივაცია მისცეს. გაუზიარეთ მათ თქვენი გამოცდილება ვაქცინაციის შესახებ, შემდეგ კი შესთავაზეთ თავისუფალი დრო, რომელსაც აცრაზე ჩაწერისთვის და აცრის შემდგომ პოტენციური გვერდითი ეფექტების არსებობის შემთხვევაში გამოიყენებენ. შესთავაზეთ პირისპირ საუბარი იმ დასაქმებულებსაც, რომლებიც ჯერ ისევ ყოყმანობენ.
თუ კიდევ სხვა საკითხები აწუხებთ ადამიანებს აცრის შესახებ, ესეც გამოჰკითხეთ. ჰუანგი ისეთი ღია ბოლოიანი შეკითხვების დასმას გვთავაზობს, როგორებიცაა "შეგიძლია გამარკვიო, რას ფიქრობ ვაქცინების შესახებ?" ან "დამეხმარე გავიაზრო, რატომ არ მეთანხმები ამ საკითხში". პასუხის მიღების შემდეგ კი მათთვის სანდო წყაროებზე მიუთითე, სადაც მათ შეკითხვებზე იპოვიან პასუხს. მაგალითად, Times-მა ვირუსოლოგსა და გინეკოლოგს დაუსვა ისეთი შეკითხვები, როგორებიცაა "რა ვიცით ვაქცინის ხანგრძლივი ეფექტის შესახებ?" და "მოახდენს თუ არა ვაქცინა გავლენას ნაყოფიერებაზე?"
სტატიის ავტორი გვიყვება, რომ ჟურნალისტმა ამანდა დელ სიდ ლუგომ Twitter-ზე მას YouTube ფლეილისთი გაუზიარა, სადაც მან ყველა ის ვიდეო გააერთიანა, რომლებშიც განიხილავენ ვაქცინის გვერდით ეფექტებს, mRNA ვაქცინის მოქმედების პრინციპს და ასევე სხვა საკითხებს, რომლებზეც არც ისე აქტიურად საუბრობენ და რომლებიც განსაკუთრებით აინტერესებს ხალხს, კითხვების დასმა კი სავსებით ნორმალურია.
USC Keck-ის მედიცინის სკოლის პროფილაქტიკური მედიცინის ასისტენტ პროფესორის, დოქტორი რიტა ბურკის თქმით, ადამიანებს ყველაზე მეტად ვაქცინის უსაფრთხოება აშფოთებთ. "ძალიან მნიშვნელოვანია ხალხს ავუხსნათ, რომ ტექნოლოგია, რომელმაც ვაქცინების ასე სწრაფად შექმნის საშუალება მოგვცა, დიდი ხნის მანძილზე ვითარდებოდა", — ამბობს იგი Times-თან ინტერვიუში. "ამიტომ, მისი სწრაფად შექმნისას დიდ კომპრომისად მისი უსაფრთხოება არ გაუღიათ".
ასევე იხილეთ: როგორ შექმნეს კოვიდვაქცინა "ასე სწრაფად" და რა ვიცით არსებულ ვაქცინებს შორის განსხვავებებზე
ბოლოს ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანისთვის აზრის შეცვლა საკმაოდ რთული საქმეა, ამიტომ საუბრისას დიდი მოლოდინები ნუ გექნებათ. არ არსებობს რაიმე უტყუარი ფორმულა, რომელიც ვინმესთვის აცრის შესახებ აზრის შეცვლაში დაგეხმარებათ. რა თქმა უნდა, შესაძლებელია რომ თქვენი საუბრით ადამიანს ოდნავადაც არ შეეცვალოს შეხედულება, თუმცა ეს დამარცხებას სულაც არ ნიშნავს. შესაძლოა ერთ თვეში, ექვს თვეში თუ უფრო გვიან, როდესაც ისინი დასასვენებლად, კონცერტზე ან რომელიმე ისეთ ადგილას გადაწყვეტენ წასვლას, სადაც ადამიანები აცრის პასპორტის გარეშე არ დაიშვებიან, თავიდან დაფიქრდნენ ამ საკითხზე და ვინ იცის, იქნებ სწორი გადაწყვეტილებაც მიიღონ.
თუ ესაუბრებით ადამიანს, რომელიც შეთქმულების თეორიებსა და უსაფუძვლო ჭორებს ენდობა, მაშინ, ალბათ, მისი დარწმუნება გაგიჭირდებათ. ნუ გექნებათ დიდი მოლოდინები, დაისახეთ ისეთი მიღწევადი მიზნები, როგორებიცაა უბრალოდ ამ თემაზე საუბრის წამოწყება და არა ერთ დღეში ვინმესთვის აზრის სრულებით შეცვლა.
თუ ეს ადამიანები თქვენგან დასაბუთებულ აზრს მოისმენენ, შემდეგ კი სხვებისგანაც, რომლებმაც აცრისგან რაიმე სარგებელი მიიღეს, ეს მათ იმის გაანალიზებაში დაეხმარება, რომ დროა გადააფასონ ინფორმაციის წყაროები. ზოგ ადამიანს ამისთვის უბრალოდ მეტი დრო სჭირდება.
უნდა დავსძინოთ, რომ ყველა ადამიანი, რომელიც აზიარებს გამოცდილებას აცრის შესახებ, წარმოადგენს დადებით მაგალითს და კარგ სამსახურს უწევს საზოგადოებრივ ჯანდაცვას. ამიტომ, აცრისას მოღიმარი სახით სელფის გადაღება და სოციალურ ქსელში ატვირთვა საკმაოდ კეთილშობილურ საქმეს წარმოადგენს.
კომენტარები